სერია A. XXIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სუპერმარიოს სუპერდებიუტი

AutoSharing Option
"იუვენტუსი" და "ნაპოლი" კიდევ უფრო გაიჭრნენ წინ, რასაც "ინტერისა" და "ლაციოს" წაფორხილებამ შეუწყო ხელი.

"რომადან" ზდენეკ ზემანი გაათავისუფლეს, "პალერმოდან" ჯამპიერო გასპერინი, სუპერ მარიო ბალოტელის კი "მილანში" ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა.

ქვემოთ განვლილ ბატალიებს კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით...

ალეგრი: გაგვიმართლა
"მილანი"-"უდინეზეს" მატჩის დაწყებიდან 35 წამი იყო გასული, როდესაც მარიო ბალოტელიმ შორიდან დაარტყა და რომ არა კიპერის თავგანწირული ნახტომი, ანგარიში გაიხსნებოდა.

თუმცა მარიომ დიდხანს მაინც არ გვალოდინა - 25-ე წუთზე მარცხენა ფეხით მძლავრად დაჰკრა ბურთს და კარის ბადეში გაახვია.

შეხვედრის გმირი სწორედ ბალოტელი გახდა,
რომელმაც მატჩის მიწურულს თერთმეტმეტრიანით იხეირა და "მილანს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

საგულისხმოა, რომ ბალოტელი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მატჩისწინა ვარჯიშზე ჯამპაოლო პაცინიმ კუნთი გაიჭიმა და მასიმილიანო ალეგრის სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.

მოკლედ, ბალოტელის გაუმართლა, მან კი, თავის მხრივ, "მილანს" გაუმართლა.

მილანური მატჩი კვირას გვიან საღამოს შედგა და ტურის მიმოხილვაში მასზე არაფერი გვითქვამს. მასიმილიანო ალეგრიმ შემტევთა ახალგაზრდა ტრიო დააყენა ძირითად შემადგენლობაში მბიაე ნიანგის, სტეფან ელ შაარავის და მარიო ბალოტელის შემადგენლობით.

ნახევარდაცვაში ანტონიო ნოჩერინო, რიკარდო მონტოლივო და მატია ფლამინი ირჯებოდნენ.

მთლიანობაში, "როსონერიმ" დიდი ვერაფერი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა იგრძნობოდა, რომ შეტევაში მილანურ გრანდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

სამაგიეროდ, დაცვაშია უამრავი პრობლემა, რამაც "უდინეზესთანაც" იჩინა თავი. სტუმართა ერთადერთი გოლი "მილანის" მცველთა შეუთანხმებელ ქმედებას მოჰყვა, რაც ლომბარდიელთათვის კინაღამ ფატალურად დასრულდა.

ის, რომ მასპინძლებმა სამი ქულა მოიპოვეს, ბალოტელისთან ერთად, მატჩის არბიტრის დამსახურებაცაა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როდესაც სტეფან ელ შაარავი მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შეიჭრა და მცველთან ჭიდილისას მინდორზე მოცელილივით დაეცა...

მთავარ მსაჯ დავიდე მასას დიდხანს არ უყოყმანია და ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა, რომელიც ბალოტელიმ გოლად აქცია.

მთავარი კი ამ ისტორიაში ისაა, რომ ელ შაარავის წინააღმდეგ თამაშის წესები არ დარღვეულა და ეს თვით მასიმილიანო ალეგრიმ აღიარა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე...

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "გაგვიმართლა და ეს უნდა ვაღიაროთ. მართალია, პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში უკვე მეტოქემ გვაჯობა და რომ არა მსაჯის შეცდომა, ქულებს დავკარგავდით.

დიახ, პენალტი ალბათ არ იყო და რეფერის რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო, მას არც არავინ გააკრიტიკებდა. გაგვიმართლა იმაშიც, რომ თადარიგში გამწესებული ბალოტელი ბოლო მომენტში ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა.

მოკლედ, ფორტუნა ჩვენ მხარეს იყო და დიდწილად, ქულებიც ამად ავიღეთ. რაც შეეხება ბალოტელის, მან ბრწყინვალედ ითამაშა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ დიდი მომავალი აქვს. უნიკალური თვისებების მოთამაშეა, რომელიც კიდევ უფრო მოუმატებს".

მარიო ბალოტელი (მილანი): "ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე კარგად დაიწყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთ დიდ გუნდში მოვხვდი, სადაც უდიდესი სითბო მაგრძნობინეს.

არნახულად მოტივირებული ვარ და მგონი, ეს იგრძნობოდა კიდეც. მართალია, უთამაშებლობის გამო ფეხები დამძიმებული მაქვს, მაგრამ ამ პრობლემას მალე მოვაგვარებ. ფიზიკურად მოსამატებელი მაქვს და შემდეგ ნამდვილ ბალოტელის იხილავთ".

ზემანი: პენსია? - ჯერ მომკალით
65 წლის ზდენეკ ზემანი "რომაში" დიდი გეგმებით მივიდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ჩეხ სპეციალისტს თავისი ფილოსოფიისთვის არ უღალატია, მისი "ჯალოროსი" თავზეხელაღებულ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია.

არადა, ზდენეკმა "რომას" გამო "პესკარა" დატოვა, გუნდი, რომელიც მთლიანად მან შექმნა და ელიტაში აიყვანა.

ზემანს იტალიელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ასეთი შეკითხვა დაუსვეს: "ხომ არ აპირებთ პენსიაზე გასვლას?"

აქვე ჩეხის პასუხი:

"პენსია? - ჯერ მომკალით და პენსიაზე შემდეგ გამიშვით... ეს გამორიცხულია, რადგან ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

გული მწყდება იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერს ვცვლი. მატჩის შემდეგ მალევე მითხრეს, რომ პოსტის დატოვება მომიწევდა და მივხვდი, რომ "რომას
" საბოლოოდ გავეყარე.

არადა, ეს გუნდი ისე ახლოა ჩემს გულთან, როგორც არც ერთი სხვა. მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც დღემდე ვგრძნობ"
.

იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად განიხილება ზდენეკ ზემანის შემცვლელის საკითხი. ყველაზე ხშირად ლორან ბლანის კანდიდატურას ასახელებენ და ამბობენ, რომ მისთვის უკვე ხელშეკრულებაც მზადდება.

დიახ, "გაძეტა დელო სპორტი" "ჯალოროსიში" სწორედ ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას ვარაუდობს; აი, "კორიერეს" კი სხვა ინფორმაცია აქვს - ლაპარაკია აურელიო აბდრეაცოლის სეზონის ბოლომდე დატოვებაზე, რომელსაც თანაშემწედ "რომას" ექსფეხბურთელი კრისტიან პანუჩი ეყოლება.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, სწორედ პანუჩი იქნება მთავარი მწვრთნელი. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ლაციოს და ინტერის დაღმასვლა
სულ რაღაც ერთი თვის წინ "ლაციო" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო, დღეს კი რომაული გუნდი ბევრს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც აღარ ემეტება.

"ბიანკოჩელესტე" ჯერ კიდევ მესამე ადგილზეა, მაგრამ "მილანი" დააჯდა კუდზე და თან როგორი "მილანი", მარიო ბალოტელით გაძლიერებული.

მოკლედ, "იუვენტუსთან" და "ნაპოლისთან" ერთად, სამეულისთვის ბრძოლაში ფავორიტად უკვე მასიმილიანო ალეგრის გუნდი მიიჩნევა და თუ "ლაციოს" ბოლოდროინდელ შედეგებს გავითვალისწინებთ, სრულიად დამსახურებულადაც.

მართალია, ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა იტალიის თასის ფინალში გააღწიეს, მაგრამ ამას სერია A-ს რამდენიმე მატჩი შესწირეს... ბოლო ორი შეხვედრა რომაელებმა პირწმინდად წააგეს და მკვეთრად გაიუარესეს სატურნირო ვითარება.

"ბიანკოჩელესტეს" მდგომარეობას ერთ-ერთი ლიდერის, ერნანესის ტრავმა ამძიმებს, რომელსაც მინიმუმ ერთი თვე გაუცდება.

კიდევ უფრო მძიმე დღეშია "ინტერი", რომელიც "სიენასთან" შერცხვა და კიდევ უფრო გაირთულა მდგომარეობა. თავად განსაჯეთ, ერთი ხანობა "ინტერი" თანაქალაქელ "მილანს" 15 ქულით უსწრებდა, დღეს კი ამ გუნდებს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ და ბურთების უკეთესი შეფარდებით წინ სულაც "როსონერია".

აი, ასე გაფლანგა ანდრეა სტრამაჩონის გუნდმა დაგროვილი აქტივი და დღეს ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვს ოცნებად ქცეული.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მასიმო მორატიმ და მარკო ბრანკამ მეტად უცნაური ტრანსფერები გაჩარხეს, რომლის გვირგვინი 35 წლის ფორვარდის, ტომაზო როკის გადაბირება იყო. სადებიუტო შეხვედრაში ვერც კუზმანოვიჩმა, კოვაჩიჩმა და სკელოტომომ გამოიჩინეს თავი.

რთული სათქმელია, საერთოდ რა პერსპექტივა აქვს ამ ფორმაციის "ნერაძურის"...

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "ყველა ფრონტზე თანაბარი წარმატებით თამაშს სხვა რესურსი და პოტენციალი სჭირდება, ჩვენ კი იქამდე ბევრი თუ არა, ცოტა მაინც გვიკლია.

სკუდეტოზე თუ ვფიქრობ? - მაშინაც არ ვფიქრობდი, როდესაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვიყავით და "იუვენტუსამდე" ორი ქულა გვაშორებდა. ჩვენი მიზანი ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის მზადებაა, დანარჩენი კი ისედაც გამოჩნდება".

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "დამნაშავის ძებნას არ დავიწყებ
და არც თავის მართლებას აქვს აზრი. საშინელი მატჩი ჩავატარეთ, რაზეც პასუხისმგებლობა ყველამ ერთად უნდა ავიღოთ. ბევრი ქულა გავატანეთ ქარს, მაგრამ უცნაური სეზონი კიდევ გვაძლევს დაკარგულის ანაზღაურების საშუალებას.

სეზონის წინ იტალიის თასის მოგება, ევროპის ლიგაზე გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დავისახეთ მიზნად - ფაქტია, რომ სამივე მიმართულებით შანსები გვაქვს და შესაბამისად, ბრძოლას ვაგრძელებთ".


იუვენტუსი VS ნაპოლი
ისეთი პირი უჩანს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ორ გუნდს შორის გაგრძელდება. ერთი ხანობა "იუვენტუსი" თითქოს წინ გაიჭრა, რასაც ნეაპოლელთათვის ქულების ჩამოკლება მოჰყვა, მაგრამ ვითარება მალევე შეიცვალა და დღეს დაძაბულობა პიკს აღწევს.

ტურინელებს 3-ქულიანი ფორა აქვთ, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდს არასტაბილურობა დასჩემდა, სამხრეთელებს კი პირიქით, აღმავლობის პერიოდი აქვთ.

ორთაბრძოლაზე მომდევნო ნომრებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, დღეს კი თითო ინფორმაცია ორივე ბანაკიდან...

"კიევოსთან" შეხვედრაში "იუვენტუსს" სებასტიან ჯოვინკო დაუშავდა, რომელსაც 4 თებერვალს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარეს, დღეს კი ექიმთა ვერდიქტი გაცხადდება. წინასწარი პროგნოზები არ გაკეთებულა და შესაბამისად, ვარაუდის დონეზეც ვერ ვამბობთ, რამდენი ხანი გაუცდება სებას.

"ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი დაუშავდა, თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ მსუბუქად. სლოვაკს კუნთი აქვს გაჭიმული და მაქსიმუმ, ერთი შეხვედრა გამოტოვოს. მომდევნო მატჩი "ნაპოლის" "ლაციოსთან" ელის გასვლაზე.

ძამპარინი ჩვეულ სტიქიაში
გაგიკვირდებათ და... მაურიციო ძამპარინიმ კიდევ ერთი მწვრთნელი დაითხოვა. ამიერიდან ჯამპიერო გასპერინი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელი აღარაა. გამოცდილი სპეციალისტი სექტემბერში ჩაუდგა გუნდს სათავეში და როგორც მაშინ ძამპარინი აცხადებდა, მწვრთნელს წლების განმავლობაში აღარ გამოცვლიდა.

მოკლედ, პრეზიდენტმა გასპარინის დიდი ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭი გამოდგა. სექტემბრიდან მოყოლებული, სიცილიურმა გუნდმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის ფსკერზე განისვენებს.

მოკლედ, სენიორ ჯამპიერომ ვერაფერი შედეგი აჩვენა და პოსტის დატოვებაც მოუხდა. ბოლო ინფორმაციით, გასპერინის ან ალბერტო მალეზანი შეცვლის, ანაც პასკუალე მარინო.

აღსანიშნავია, რომ გასპერინისთან ერთად, მაურიციო ძამპარინიმ კლუბის სპორტული დირექტორი პიეტრო ლო მონაკოც გაათავისუფლა. ამასაც ბევრი ელოდა, რადგან ბოლო პერიოდში "პალერმოს" სატრანსფერო პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ლო მონაკოს რეკომენდაციების მიხედვით, ძამპარინი გასულ ზაფხულსაც გვარიანად დაიხარჯა - სამხრეთამერიკელ ტალანტებში დიდძალი თანხა დახარჯა, მაგრამ შედეგი კატასტროფული მიიღო.

მოკლედ, ლო მონაკოს წყალი ჰქონდა შემდგარი და მასაც მოუწევს ახალი სამსახურის მოძებნა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIII ტური: სუპერმარიო "მილანში" დუბლით იწყებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული