ახალი კონტრაქტი მდუმარე მიკოლის
მიმდინარე სეზონში ფაბრიციო მიკოლის, ძირითადად, თადარიგში უწევს ჯდომა და უკვე არაერთგზის ითქვა იმის შესახებ, რომ 33 წლის ფორვარდი ზაფხულში დატოვებს "პალერმოს". მით უმეტეს, მიკოლის კონტრაქტს სწორედ ზაფხულში გასდის ვადა და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი
"მიკოლი "პალერმოს" ლიდერია და მისი გაშვება აზრადაც არ მომსვლია. რამდენიმე დღეში მას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ და იმედია, მალევე შევთანხმდებით. მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიციო უკვე 33 წლისაა, მასთან 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება გვსურს. გვინდა, ფაბრიციომ კარიერა "პალერმოში" დაასრულოს და იმედია, ეს ასეც იქნება".
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მიკოლი დუმს და ეს გარკვეულ ეჭვებს აღძრავს - ამბობენ, რომ ფაბრიციოს გადაბირება სერია "ა"-ს ერთბაშად რამდენიმე გუნდს სურს და ეს მაშინ, როდესაც თვითონ "პალერმო" სერია "ბ"-ში დაქვეითების რეალური კანდიდატია. გამომდინარე აქედან, ეს დუმილი სრულიად გასაგებია.
გაზრდილი ხელფასები ახალგაზრდა მილანელებს
თვალსა და ხელს შუა, ვეტერანებით გაძეძგილი "მილანი" ახალგაზრდული გუნდი გახდა... შეტევაში მარიო ბალოტელი, სტეფან ელ შაარავი და მბაიე ნიანგი მოქმედებენ, რომელთა ასაკი რომ შევკრიბოთ, 60-ს მივიღებთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები ლომბარდიელებს სხვა რგოლებშიც ჰყავთ და მაგალითისთვის მატია დე შილიოს მოყვანაც შეიძლება.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "როსონერის" მესვეურები 18 წლის მბაიე ნიანგისა და 20 წლის მატია დე შილიოსთვის ახალ ხელშეკრულებებს ამზადებენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი თავად ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ. თუ დღემდე ისინი ნახევარ მილიონ ევროს იღებენ წელიწადში, ახალი კონტრაქტის თანახმად, მათი გასამრჯელო 800 000-ამდე გაიზრდება. დე შილიომ უკვე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისთვის ამ ეტაპზე მთავარი სათამაშო დროა და რადგან მასიმილიანო ალეგრისგან ნდობას გრძნობს, კონტრაქტს სიამოვნებით გაახანგრძლივებს. წესით და რიგით, იგივე პოზიციაზე უნდა იყოს ნიანგიც.
პეროტა იმედოვნებს...
35 წლის სიმონე პეროტა იმედოვნებს, რომ "რომასთან" ხელშეკრულებას კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს, შემდეგ კი დაასრულებს კიდეც კარიერას:
"ჩემს კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის და ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა იქნება მომდევნო სეზონში. 35 წლის ვარ და სხვადასხვა გუნდში ხეტიალის დრო აღარ მაქვს. თუ "რომას" მესვეურები ხელშეკრულებას კიდევ ერთი სეზონით გამიხანგრძლივებენ, სიამოვნებით დავრჩები და კარიერასაც "ჯალოროსიში" დავასრულებ. ამ საკითხზე შესაბამის პირებთან ვაპირებ დალაპარაკებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".
შეგახსენებთ, რომ სიმონე პეროტა "რომაში" 2004 წელს "კიევოდან" გადავიდა და მას შემდეგ დედაქალაქური გუნდის მაისურით 235 შეხვედრა ჩაატარა. ამასთან, 35 გოლი აქვს გატანილი, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია. პეროტას იტალიის ეროვნულ ნაკრებში 48 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი. სიმონე მსოფლიოს ჩემპიონია, მიმდინარე სეზონი კი შესაძლოა ბოლო გამოდგეს მის საფეხბურთო კარიერაში.
მაცდური შეთავაზება ლიაიჩს
"ფიორენტინას" შემტევმა ადემ ლიაიჩმა მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, რომელთაგან 2 გასულ ტურში, "ინტერთან" პაექრობაზე მოდის. შესაძლოა, ფანტასტიკური შედეგი არაა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადემი სიღრმიდან თამაშობს და არა ცენტრფორვარდის პოზიციაზე, თანაც, მხოლოდ 21 წლისაა. საქმე იმაშია, რომ "ფიორენტინას" მესვეურებმა ადემთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტეს, მაგრამ თავად ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე მოცდას ამჯობინებს.
ლიაიჩის ფლორენციული კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და "ვიოლას" მესვეურებს მისი კიდევ ორი სეზონით გახანგრძლივება სურთ. ამისთვის ისინი მზად არიან, მოთამაშეს ხელფასი გაუზარდონ და ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზონ. ამის შესახებ კომენტარი "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ გააკეთა:
"ადემი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან მაკვირვებს. ჯერ ერთი, ფლორენციაში მას ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი და თანაც, მისი გადაბირების მსურველი კლუბებიც არ ჩანან. ამასთან, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხელფასი 1/3-ით იზრდება და ესეც ჩვენი კეთილი ნება გახლდათ. ვნახოთ, ადემს კიდევ ცოტას ვაცდით და შემდეგ შევეცდებით, გავერკვეთ ვითარებაში".
იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაფხულში ლიაიჩის გადაბირებას "ინტერის" მესვეურები შეეცდებიან და შესაძლოა, ფეხბურთელის დუმილიც ამას უკავშირდება. თუ ფლორენციელებს ეცოდინებათ, რომ 2014 წლის ზაფხულში ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება, მის ფასს ხელოვნურად ვერ გაზრდიან და უფასოდ შელევის შიშით, უკვე მომდევნო ზაფხულს იაფად გაასხვისებენ... შესაძლოა, ლიაიჩს სწორედ ასეთი გათვლა აქვს. ყველაფერი კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ხანგრძლივი კონტრაქტი ემეგარას
ნიგერიული წარმოშობის შვეიცარიელი ფორვარდი ინოკენტი ემეგარა ამ ზამთარს ფრანგულმა "ლორიანმა" "სიენას" იჯარით მისცა და კონტრაქტში პუნქტი ჩაუდო, რომლის მიხედვითაც, მისი გამოსყიდვა ტოსკანელებს 6.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ემეგარას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კალჩოს მალე აუღო ალღო და გოლების გატანაც მყისვე დაიწყო. 23 წლის ფორვარდს ოთხ შეხვედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი. თამაშის მანერით კი ბევრს ფილიპო ინძაგის აგონებს, რადგან ისიც თამაშგარეს ზღვარზე ირჯება. მოკლედ, ემეგარამ საფეხბურთო იტალია აალაპარაკა და როგორც "სიენას" მესვეურები აცხადებენ, ზაფხულში შვეიცარიელს აუცილებლად გამოისყიდიან - ამავე პოზიციაზეა "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი ჯუზეპე იაკინიც:
"არ მეგონა, თუ ემეგარა ასე სწრაფად დაიწყებდა გოლების გატანას, რადგან იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია იოლი არაა და ეს არაერთი ვარსკვლავის მაგალითზე ვიცით. მართალია, "სიენა" ტრანსფერებზე მილიონებს არასდროს ხარჯავდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯიბეზე ხელის გაკვრა ღირს. ვფიქრობ, ემეგარა აუცილებლად უნდა გადავიბიროთ და მასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გავაფორმოთ, რადგან მისი სახით ძალიან ძლიერი ცენტრფორვარდი დაგვემატა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
წლის ტალანტები