"ინტერის" პრეზიდენტის ფორმულა

AutoSharing Option
ევროპალიგაზე "ტოტენჰემთან" განადგურების შემდეგ მილანის "ინტერი" "ბოლონიასთანაც" დამარცხდა და იტალიურ სპორტულ პრესაში ანდრეა სტრამაჩონის შესაძლო გათავისუფლების თემაც აქტუალური გახდა.

მეტიც, უკვე კლუბის სპორტულ დირექტორ მარკო ბრანკას მისდგნენ და ამბობენ, რომ მასიმო მორატი მის გაშვებასაც აპირებს. ამაში არც არაფერია გასაკვირი, რადგან გუნდის პრობლემების სათავე სწორედ სატრანსფერო პოლიტიკიდან მოდის. ამ სფეროს კი ყველა თავმოყვარე კლუბში, პრეზიდენტთან ერთად, სწორედ სპორტული დირექტორი განაგებს.

მასიმო მორატის ისე შემოეცალა ვარსკვლავური შემადგენლობა, ფინანსების დაზოგვაზე არც განცხადებები უკეთებია და არც ნაბიჯები გადაუდგამს. კი ბატონო, სამუელ ეტოო გაუშვა "ანჟიში",
მაგრამ ერთი ფეხბურთელის წასვლით რომ ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდი ასე არ უნდა დაცემულიყო, ესეც ფაქტია. ანუ კლუბის მესვეურებმა სადღაც შეცდომა დაუშვეს და ისე გაიარეს თავის დროზე თუნდაც "ლაციოს" მიერ გავლილი გზა, რომ რომაული კლუბისგან განსხვავებით, არ გაკოტრებულან.

დიახ, დღევანდელი "ინტერი" შემადგენლობით ნამდვილად აღარ შეეფერება გრანდს და ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია თუნდაც თავდასხმის ხაზს გადავხედოთ... როდრიგო პალასიოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არაა იმ დონის ფორვარდი, რომ გრანდი მის საგოლე ალღოზე იყოს დამოკიდებული.

მოკლედ, "ინტერში" ცვლილებების დროა და ამაზე საფეხბურთო იტალია თანხმდება... თუმცა, რას ფიქრობს მორატი? – ამაზე თავად პრეზიდენტი ისაუბრებს:

"სეზონის ბოლომდე ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარი შედეგია და ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება მაისში. თუ ასე გავაგრძელებთ, ვშიშობ, რომ სერიოზულ ცვლილებებს ვერ ავცდებით, მაგრამ თუ გუნდმა კრიზისი დაძლია, ბევრი რამე უცვლელი დარჩება. "ბოლონიასთან" საშინლად ვითამაშეთ და მეც ისევე გაბრაზებული ვარ, როგორც ნებისმიერი გულშემატკივარი. განსაკუთრებით მძიმე პირველი ტაიმი იყო და იმედია, ასეთი რამ აღარ განმეორდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი: კასანოსნაირი არტისტებისთვის ეს ნორმალურია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული