სერია A. XXIX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: რომაელები იქით და აქეთ

AutoSharing Option
ტრადიციულად, კვირას, გვიან ღამით სერია A-ს ერთი მატჩი იმართება, მაგრამ ამჯერად ერთბაშად სამი პაექრობა იყო დაგეგმილი.

"სამპდორია"-"ინტერის" ჯახი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო, დანარჩენ ორზე კი ქვემოთ...

ერთი იგებს, მეორე აგებს
ბოლო პერიოდში "რომა", ძირითადად, იგებს, "ლაციო" კი აგებს. შედეგად, "ჯალოროსის" და "ბიანკოჩელესტეს" ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ და ბურთების უკეთესი შეფარდებით, წინ სულაც აურელიო ანდრეაცოლის გუნდია.

არადა, სულ ახლო წარსულში "ლაციო" სკუდეტოს ეპოტინებოდა, "რომა" კი ზდენეკ ზემანის ხელში სატურნირო ცხრილის შუაში იყო გაჭედილი.

"ლაციო" ტურინში ჩავიდა, სადაც ძლიერ წვიმაში "ტორინოსთან" მინიმალური
ანგარიშით წააგო, 0:1. ამაში ლომის წილი რომაელი სიანის გაძევებამ დაიდო, ეს ამბავი კი ჯერ კიდევ თამაშის სტარტზე მოხდა. ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და ის ერთი გოლიც დამსახურებულად გაიტანეს.

"რომამ" "პარმას" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი მიართვა. თამაშის სტარტზევე რომაელებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ერიკ ლამელამ შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა.

მატჩის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ფრანჩესკო ტოტიმ საჯარიმო დარტყმა გოლად აქცია და ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

ტოტიმ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა მიმდინარე სეზონში, ჩვეულად არიგა პასები და მომენტიც იმდენი შექმნა, ჰეთ თრიკის შესრულება თავისუფლად შეეძლო.

და ერთიც, ფრანჩესკომ 226-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და გუნარ ნორდალს გადაასწრო.

მწვრთნელები და კონტრაქტები
გასულ უქმეებზე "იუვენტუსმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ, "მილანმა" - ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ, "ნაპოლიმ" კი შესაძლოა სულაც კრიზისი დაძლია.

მოიგო "ფიორენტინამაც" და ლიდერთა სამეულს კვლავაც კვალში უდგას.

ვერ გეტყვით, დამთხვევაა თუ კანონზომიერება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დღეებში ხსენებული გუნდების მწვრთნელებზე წასვლა-დარჩენასთან დაკავშირებული ცნობები ვრცელდება.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი ანტონიო კონტემ უნდა შეცვალოს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ლონდონელები უკვე შეეხმიანნენ მწვრთნელის აგენტს და მოლაპარაკებაც წამოიწყეს.

მართალია, თავად კონტე ამას არ ადასტურებს, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ესეც ფაქტია. თანაც, ანტონიო მიჯრით მეორე სკუდეტოსთანაა ახლოს და შესაძლოა, ტურინში მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნას.

მოკლედ, არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონტესა და ლონდონელებს შორის მოლაპარაკება გაღრმავდება.

როგორც იქნა, "ნაპოლიმ" მოიგო, ედინსონ კავანიმ კი გოლები გაიტანა, რასაც კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მოულოდნელი განცხადება მოჰყვა:

"მინდა გულშემატკივრებმა აქედანვე იცოდნენ, რომ ედინსონ კავანისა და ვალტერ მაცარის შენარჩუნება მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. თუ ურუგვაელ ფორვარდში რომელიმე კლუბი 70 მილიონ ევროს გადაიხდის, იძულებულნი ვიქნებით, მას შეველიოთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საბოლოო სიტყვა თავად ფეხბურთელზეა.

ვიტყვი იმასაც, რომ სერიოზული დაინტერესებაა ვალტერ მაცარის მიმართ, რომლის გადაბირებაც არაერთ კლუბს სურს. ამის შესახებ თავად მწვრთნელსაც ვესაუბრე და ვიცი, რომ ყველაფერი სეზონის შედეგების მიხედვით გადაწყდება".


"გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ მაცარის გადაბირებით "რომას" მესვეურები არიან დაინტერესებულნი. მართალია, აურელიო ანდრეაცოლი საქმეს კარგად უძღვება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც დროებითი მწვრთნელის სტატუსი აქვს.

ერთი სიტყვით, დიდია შანსი, ზაფხულში "ნაპოლიმ" სახე იცვალოს.

ითქვა ისიც, რომ დე ლაურენტისს ძალიან მოსწონს სტეფანო პიოლის გაწვრთნილი გუნდები და მაცარის წასვლის შემთხვევაში, არჩევანს მასზე შეაჩერებს.

სენიორ აურელიომ პიოლი შეაქო კიდეც და დასძინა: მის გუნდებთან ყოველთვის გვიჭირს თამაშიო. შეგახსენებთ, რომ ამჟამად პიოლი "კიევოს" მწვრთნელია.

ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც არის ეჭვები მასიმილიანო ალეგრის შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მართალოა, ლომბარდიელებს სერია A-ში სერიოზული პროგრესი აქვთ, მაგრამ "ბარსელონასთან" განადგურებით სილვიო ბერლუსკონი ყოფილა აღშფოთებული.

ყველაფერს აქაც დარჩენილი თამაშები გადაწყვეტს, თუმცა არის ვარაუდი, რომ ალეგრის ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზური უშველის.

ამბობენ, რომ ბერლუსკონის მარკო ვან ბასტენზე უჭირავს თვალი და სურს, "მილანის" მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი დანიშნოსო. თუმცა, ეს ამბავი ჯერ ჭორის დონეზეა და უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

"ფიორენტინა" ძალას იკრებს და თუ ასე გააგრძელა, ვინძლო სამეულშიც შეძვრეს. ამ პროგრესის მთავარ შემოქმედად ვინჩენცო მონტელა მიიჩნევა და რა გასაკვირია, რომ მასზე დიდი მოთხოვნაა.

ბოლო ცნობების თანახმად, მონტელას გადაბირება მასიმო მორატის სურს, რომელიც ანდრეა სტრამაჩონის მუშაობით აღფრთოვანებული არ უნდა იყოს. მართალია, პრეზიდენტი ხშირად აქებს მწვრთნელს, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს არც გვიკვირს - იშვიათად, მორატიმ ან მწვრთნელი გააკრიტიკოს, ან ფეხბურთელი.

მოკლედ, მონტელას "ინტერის" სახით კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

ციფრები და ფაქტები
ედინსონ კავანის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 20 გოლი აქვს გატანილი. ეს მისი მიჯრით მესამე სეზონია, როდესაც ორ ათეულ და მეტ გოლს იტანს.

"ნაპოლიმ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ფრანჩესკო ტოტიმ 226-ე გოლი გაიტანა სერია A-ში, გუნარ ნორდალს გადაასწრო და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა.

ფრანჩესკო ტოტიმ "პარმას" მე-18 გოლი გაუტანა კარიერის განმავლობაში. ამდენჯერ
მას სხვა არც ერთი გუნდი არ დაუმწუხრებია.

დანიელე დე როსიმ მე-300 მატჩი გამართა სერია A-ში.

"რომას" 5 ტურია, არ წაუგია.

საკუთარ მოედანზე "რომა" 38 მატჩია, 1 გოლს მაინც იტანს.

"ლაციომ" მიჯრით მე-4 გასვლითი მატჩი წააგო.

"ტორინომ" "ლაციო" პირველად დაამარცხა 2002 წლის შემდეგ.

2013 წელს "ტორინოს" საკუთარ მოედანზე არ წაუგია.

მარიო ბალოტელის 5 გოლი აქვს გატანილი "პალერმოს" კარში. ასეთი მაჩვენებელი მას სხვა არც ერთ გუნდთან არ აქვს.

2013 წელს "მილანს" სერია A-ში თამაში არ წაუგია.

"იუვენტუსს" ბოლონიაში 1998 წლის შემდეგ არ წაუგია.

"ჯენოას" ფლორენციაში 1977 წლის შემდეგ არ მოუგია.

"კალიარის" სიენაში არასდროს მოუგია.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIX ტური: ლიდერებმა იძალეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვე ჩემპიონია! 31 სკუდეტო! იუვეეეეე!!!!!!
del piero 10
17:53 19-03-2013
0

სიახლეები პოპულარული