სერია A. XXXI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ომი მოედანზე და მოედანს მიღმა

AutoSharing Option
სერია A-ს XXXI ტური საინტერესო მოვლენებით დახუნძლული გამოვიდა, სათქმელი ბევრი დაგროვდა და გამოხმაურებაც ორ ნომერზე გაიწერა. ორშაბათს "სტადიო ოლიმპიკოზე" რომაული დერბი შედგა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს...

რომაული დერბი
თამაშის დაწყებამდე გუნდების ტიფოზები ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში შეასკდნენ და დიდი არეულობა მოაწყვეს. ათეულობით ადამიანი დაშავდა, სამი გულშემატკივარი კი მძიმედ დაიჭრა.

მოკლედ, იტალიაში სეზონი არ ჩაივლის, რომ ტიფოზები ერთმანეთს არ დაერიონ და სისხლი არ დაღვარონ.

თვითონ თამაშიც ომს ჰგავდა, თითოეულ ეპიზოდს გარჩევა და გაწევ-გამოწევა მოსდევდა, ფეხბურთელები კი უხეშობის ზღვარზე ირჯებოდნენ.

პირველი ტაიმი "ლაციოს"
უპირატესობით წარიმართა, რაც ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა ერთ გოლში ასახეს. შედეგიანი დარტყმა ერნანესის ანგარიშზეა, რომელმაც კარგად დაიწყო და ძალიან ცუდად დაამთავრა.

დიახ, ბრაზილიელმა გახსნა ანგარიში და გმირობისკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა შემდეგ ჯერ თერთმეტმეტრიანი გააცუდა, ბოლოს კი თვითონვე აიკიდა პენალტი და ფრანჩესკო ტოტის ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც "ლაციო" კაცნაკლული დარჩა და შესაბამისად, დასკვნითი ნაწილი "ჯალოროსის" უპირატესობით წარიმართა.

თუმცა "მგლებმა" ჯუზეპე ბიავას გაძევებით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა, 1:1. აღვნიშნოთ ისიც, რომ "ლაციოს" ტრავმირებული მიროსლავ კლოზე დაუბრუნდა, "რომას" კი მატია დესტრო.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "პირველ ტაიმში ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და შედეგად, მატჩი ჩვენი კარნახით მიდიოდა. შესვენებაზე შეგირდებს თამაშის დაწყნარება ვთხოვე, მაგრამ ამოცანა ვერ შეასრულეს. საბოლოოდ, გაგვექცა სადავეები ხელიდან და მხოლოდ ფრეს დავჯერდით. შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა ჯერ კიდევ მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეგვიძლია".

აურელიო ანდრეაცოლი (რომას მთავარი მწვრთნელი): "ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. თუმცა, მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა შეტევაში, სამი ქულა სწორედ ჩვენ დაგვრჩებოდა. სატურნირო ცხრილზე ნაკლებად ვფიქრობ - მთავარია, სწორი გზით ვიაროთ, არსებული ხარვეზები აღმოვფ
ხვრათ და ყველაფერი კარგად იქნება".

ერნანესი (ლაციო): "ფეხბურთი მოულოდნელობებით არის სავსე... თავიდან მეგონა, რომ ფანტასტიკური საღამო იქნებოდა, რადგან ყველაფერი ლამაზი გოლით დავიწყე, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. თერთმეტმეტრიანებს იშვიათად ვაფუჭებ, ამჯერად კი ფორტუნა ჩემს
მხარეს არ იყო. ვეცდები, დაშვებული შეცდომები მომდევნო შეხვედრაში გამოვასწორო".

დასჯილი ბალოტელი
აქამდე მარიო ბალოტელი ჭკვიანად იქცეოდა, "ფიორენტინასთან" შეხვედრაში კი ნერვებმა უმტყუნა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოიწერა.

დიახ, "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სუპერმარიო სამ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს: "ნაპოლისთან", "იუვენტუსთან" და "კატანიასთან".

მარიომ 5 ყვითელი ბარათი დააგროვა და ერთი თამაში ისედაც უნდა გამოეტოვებინა, მსაჯთა შეურაცხყოფის გამო კი ორი მატჩი დაუმატეს.

მოკლედ, ბალოტელიმ ვერ მოითმინა, ემოციები ვერ მოთოკა, რითაც თავისი გუნდი რთულ ვითარებაში ჩააგდო. მაშინ, როდესაც ჯამპაოლო პაცინი ახლად გამოჯანმრთელებულია და ოპტიმალურ ფორმაში არაა, ბალოტელის დისკვალიფიკაცია მილანელთათვის სერიოზული პრობლემაა.

"როსონერის" მესვეურები "ლეგა კალჩოს" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

დასჯილი არბიტრები
გასულ უქმეებზე მარტო მარიო ბალოტელი არ დასჯილა, დისკვალიფიკაცია მსაჯებმაც გამოიწერეს. პაოლო ტალიავენტო "ფიორენტინა"-"მილანის" მატჩს სჯიდა და ჯერ ფლორენციელი ნენად ტომოვიჩი გააგდო ტყუილად, შემდეგ კი "მილანის" სასარგებლოდ 100%-იანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

რაც შეეხება ანდრეა ჯერვაზონის, "ინტერის" კარში აბსურდული პენალტი დანიშნა, რასაც "ატალანტას" გამოცოცხლება და სენსაციური გამარჯვება მოჰყვა.

მოკლედ, პაოლომ და ანდრეამ ბლომად შეცდომები დაუშვეს, რის გამოც რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოიწერეს... ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ მინიმუმ 3-3 ტურს რომ გამოტოვებენ, აქედანვე ცხადია.

ითქვა ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ტალიავენტო და ჯერვაზონი ტურის ცენტრალურ მატჩებს აღარ მოემსახურებიან.

დანავსული ინტერი
"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს" - "ინტერს" კიდევ ერთი თავდამსხმელი, ამჯერად ანტონიო კასანო დაუშავდა.

სეზონის წინ ანდრეა სტრამაჩონი ანტონიო კასანოზე, დიეგო მილიტოსა და როდრიგო პალასიოზე ამყარებდა იმედებს.

მილიტო კარგა ხნის წინ დაშავდა და სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა ფეხბურთს. ათიოდე დღის წინ კი მისი ბედი პალასიომაც გაიზიარა. შედეგად, სტრამაჩონის განკარგულებაში ანტონიო კასანო და მხცოვანი ტომაზო როკი დარჩნენ.

ბედის ირონიით, "ატალანტასთან" შეხვედრაში კასანოც დაშავდა და პირველადი დასკვნით, მინიმუმ 40 დღის გამოტოვება მოუწევს. ანუ, კარგ შემთხვევაში, კასანტა სეზონის ბოლოს თუ დაუბრუნდება ფეხბურთს, თუმცა ესეც ჯერ კიდევ საკითხავია.

მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში "ინტერის" მესაჭეს ანტონიოს იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

და ვინღა დარჩა სტრამაჩონის? - 35 წლის ტომაზო როკი, რომელიც კარიერის მიწურულს თვით "ინტერის" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდია და მთელი იმედები მასზე მყარდება.

ციფრები და ფაქტები
* 2007 წლის აპრილის შემდეგ რომაული დერბი პირველად დასრულდა ფრედ.
* ბოლო 10 რომაულ დერბიში 10 ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან.
* "მილანს" ფლორენციაში 2005 წლის ნოემბრის შემდეგ არ წაუგია, 4 მოგება და 3 ფრე.
* "ფიორენტინასთან" შეხვედრაში "მილანის" 4-მატჩიანი მშრალი სერია შეწყდა.
* მიმდინარე სეზონში "ფიორენტინას" და "კალიარის" სასარგებლოდ 9 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ყველაზე მეტი სერია A-ს გუნდებს შორის.
* "მილანმა" 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაანიავა 2-ბურთიანი უპირატესობა.
* "ინტერმა" მიჯრით სამი საშინაო მატჩი წააგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 1955/1956 წლების სეზონში ჰქონდა.
* ტომაზო როკიმ პირველი გოლი გაიტანა "ინტერის" მაისურით და მე-100 სერია A-ში.
* "ატალანტამ" პირველად დაამარცხა "ინტერი" გასვლაზე 2002 წლის შემდეგ.
* "ატალანტამ" გასვლით შეხვედრაში პირველად გაიტანა 4 გოლი 2001 წლის შემდეგ.
* პესკარელ ემანუელე კაშონეს სერია A-ში სულ 2 გოლი აქვს გატანილი და ორივე "იუვენტუსის" კარში, თანაც სხვადასხვა შეხვედრაში.
* "პალერმომ" პირველად მოიგო გასვლითი მატჩი გასული წლის აპრილის შემდეგ.
* სტივ ფონ ბერგენმა "პალერმოდან" პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.
* "უდინეზეს" საკუთარ მოედანზე 15 მატჩია, არ წაუგია.
* 2013 წელს "პარმას" გასვლითი მატჩი არ მოუგია.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
სერია A-ს XXXI ტურის გამოხმაურება: დიდი შეტევა მსაჯებზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტოტის რა უნდა სიმბოლურში?
del piero 10
13:32 10-04-2013
0
del piero 10- კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა, შესაბამისად მოხვდა სიმბოლურში, რა არი აქ გასაკვირი.
luka
20:03 10-04-2013
0

სიახლეები პოპულარული