ადრიანო გალიანიმ "მილანიდან" კინაღამ სტეფან ელ შაარავი გაუშვა

AutoSharing Option
სტეფან ელ შაარავის აგენტი ფლორიო მონაკო ჟურნალისტებს გაესაუბრა და გამოტყდა, რომ ზაფხულში "მილანის" მესვეურები მისი კლიენტის გასხვისებას ფიქრობდნენ. აგენტის თქმით, 20 წლის თავდამსხმელით "ნაპოლი" და "ფიორენტინა" იყვნენ დაინტერესებულნი:

"გასულ სეზონში ელ შაარავიმ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ უკვე მომდევნო სეზონში ასე შთამბეჭდავად გაირჯებოდა. ამიტომ, როდესაც "როსონერის" მესვეურებმა სარფიანი შეთავაზებები მიიღეს, ელ შაარავის გასხვისებას სერიოზულად ფიქრობდნენ.

პირადად ადრიანო გალიანისთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა და ერთი ხანობა მას გადაწყვეტილიც კი ჰქონდა ჩემი კლიენტის გაშვება. საბედნიეროდ, სტეფანი "მილანში" დარჩა და ეს არავის
უნანია. სიმართლე გითხრათ, მიმდინარე სეზონში მისი ასეთი პროგრესი ჩემთვისაც მოულოდნელი გამოდგა. არც თავად სტეფანი ფიქრობდა, რომ ასე მალე დაიმკვიდრებდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში და გუნდის ლიდერიც კი გახდებოდა. ეგ კი არა, ეროვნულ ნაკრებში იწვევენ და იქაც შეუცვლელი ფიგურა ხდება. მოკლედ, მიმდინარე სეზონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა".


სტეფან ელ შაარავი მართლაც შთამბეჭდავად ირჯება, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ გოლების აბსოლუტური უმრავლესობა 2012 წელს გაიტანა. ერთი სიტყვით, გოლების მხრივ, "ფარაონის" შედეგიანობამ სეზონის მეორე ნახევარში მკვეთრად იკლო, რაც ბევრმა მარიო ბალოტელის ტრანსფერს დააბრალა – არის ვარაუდი, რომ ელ შაარავი სუპერმარიოს ჩრდილში მოექცა, რასაც მონაკო არ იზიარებს:

"ელ შაარავი გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, ამ ამპლუის ფეხბურთელებს კი მხოლოდ გოლების გატანა არ მოეთხოვებათ. სტეფანის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძველებურად მაღალია. ერთი ეგაა, რომ გოლებს უფრო ნაკლებად იტანს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან დღეს მხოლოდ ერთი გარემარბია, რომელსაც სეზონში 30-40 გოლის გატანა შეუძლია: კრიშტიანო რონალდო. ჯობია, ელ შაარავის მშვიდად თამაშის საშუალება მივცეთ, კარგად იცის, რასაც აკეთებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როცა გუნდში მარიო ბალოტელი გყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული