პაბლო ოსვალდო "რომადან" "ტოტენჰემში" მიდის

AutoSharing Option
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პაბლო დანიელ ოსვალდო "რომას" დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსვალდოს უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება ლონდონის "ტოტენჰემთან" და ამ მიზნით, ის ინგლისის დედაქალაქშიც იყო ჩასული. 27 წლის ოსვალდოს დისკვალიფიკაცია აქვს, გასულ უქმეებზე თამაში არ შეეძლო და რომაული დერბისთვის ტრიბუნიდან თვალის მიდევნებას მეგობარ გოგოსთან ერთად ლონდონში გამგზავრება ამჯობინა. თავად ოსვალდო "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებას უარყოფს, თუმცა მისი "რომადან" აბარგების შანსი რომ დიდია, ამას ადასტურებს:

"ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა და იქამდე რთულია
დასკვნების გამოტანა. არ დავმალავ, რომ ჩემი წასვლის ალბათობა დიდია, მაგრამ გადაჭრით ჯერ მაინც ვერაფერს ვიტყვით. ლონდონში მართლაც ვიყავი, მაგრამ არა იმიტომ, რომ "ტოტენჰემის" მესვეურებთან მოლაპარაკება გამემართა. ამისთვის აგენტები არიან და სულაც არაა საჭირო, მოლაპარაკებისთვის ქალაქიდან ქალაქში პირადად ვიფრინო. მით უმეტეს, ლონდონიდან ჯერ არავინ შემხმიანებია და "ტოტენჰემთანაც" არავითარი მოლაპარაკება არ არსებობს. ვიცი, რომ გარკვეული ინტერესი არის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ველა მარადიულ ქალაქში?
ამასობაში "რომასთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქური კლუბის მესვეურები კარლოს ველას ტრანსფერზე აპირებენ მუშაობას. 24 წლის ველა "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავს, ბრწყინვალედ ასპარეზობს და მისით კიდევ არაერთი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, ლონდონის "არსენალი", სადაც ის ადრეულ წლებში ასპარეზობდა. მექსიკელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა და ამბობენ, რომ "რომას" მესვეურები ამ თანხის გადასახდელად მზად არიან. სატრანსფერო თემებზე "გაძეტა დელო სპორტს" "ჯალოროსის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ჯეიმს პალოტა ესაუბრა:

"ზაფხულში გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ, მაგრამ დღეს კონკრეტულ გვარებზე საუბარი გამიჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც კი არ ვიცით, ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. პირადად მე, აურელიო ანდრეაცოლის ვენდობი, მაგრამ გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს. სულ უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ამიტომ მწვრთნელის საკითხი სულაც არ არის გარკვეული. შესაბამისად, ტრანსფერებზე საუბარი ნაადრევია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რომა": პაბლო ოსვალდო ტრანსფერზე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული