ლიგის თასი. ფინალი: "სენტ ეტიენის" ნანატრი გამარჯვება

AutoSharing Option
საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, 10-გზის ჩემპიონ "სენტ ეტიენს", ბოლო ტიტული 1981 წელს ჰქონდა მოპოვებული, როდესაც უკანასკნელად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. გარდა ამისა, რომელიმე ტურნირის ფინალში "მწვანეები" უკანასკნელად 1982 წელს იყვნენ, ხოლო "სტად დე ფრანსზე" ისტორიაში პირველ თამაშს ატარებდნენ და ეს პირველი თამაში მათთვის იღბლიანი გამოდგა: 32-წლიანი ლოდინი დასრულდა და "სენტ ეტიენმა" მორიგი ტიტული მოიპოვა! აღსანიშნავია, რომ ლიგის თასი "მწვანეებს" მოგებული არ ჰქონდათ და საკუთარ საკლუბო მუზეუმს ახალი თასი შემატეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ბრანდაომ მატჩის მე-18 წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ლიგის
თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი - შარშან, "მარსელის" რიგებში "ლიონის" კარი აიღო და საკუთარ გუნდს 1:0 მოაგებინა. ამჯერად ბრანდაომ პიერ-ემერიკ ობამეიანის გადაცემით ისარგებლა და ბენუა კოსტილს თავური დარტყმით გაუტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რამდენიმე წუთში "რენს" კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. 25-ე წუთზე მევლუთ ერდინჩმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თურქის გამოკლება ფრედერიკ ანტონეტის გუნდის თამაშზე უარყოფითად აისახა. მართალია, "რენი" ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ მომენტებს, პრაქტიკულად, ვერ ქმნიდა. "მწვანეებს" არაერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ბრანდაომ, მოლომ და კოადმა კოსტილს ვერ აჯობეს.

საბოლოოდ, შეხვედრა "სენტ ეტიენის" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა, მაგრამ "მწვანეებს" თვალი ჩემპიონთა ლიგისკენ უჭირავთ, სადაც მოხვედრას ჩემპიონატის დარჩენილ ტურებში ეცდებიან.

სენტ ეტიენი-რენი 1:0
გოლი: 1:0 ბრანდაო (18).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული