დესპოტი ფელიქსი "ინტერის" სათავეში?

AutoSharing Option
მასიმო მორატიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ანდრეა სტრამაჩონის ენდობა და მასთან ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს.

ანუ, წესით და რიგით, "ინტერს" მომდევნო სეზონშიც ახალგაზრდმა სპეციალისტმა უნდა უთავკაცოს. თუმცა, ფეხბურთში რომ წესები და რიგები ხშირად ირღვევა, არახალია და აპენინელი ჟურნალისტებიც ეჭვობენ, რომ სეზონის ჩაგდების გამო სტრამაჩონის მაინც მოუწევს პოსტის დატოვება. ანდრეას შესაძლო შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი განიხილება, სულ ბოლო ინფორმაციით კი, მორატი გერმანიას გადასწვდა და ფელიქს მაგათი მოიკითხა... დიახ, 59 წლის სპეციალისტი ბოლოს "ვოლფსბურგს" ედგა სათავეში, დღეს კი თავისუფალია და ახალ წინადადებებს ელოდება. ამ
თემაზე კომენტარი მილანური გრანდის სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გააკეთა:

"ფელიქს მაგათი? - საინტერესო მწვრთნელია და პირადად მე, მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის "ინტერში" მოწვევას ვაპირებთ. ანდრეა სტრამაჩონის მასიმო მორატიმ ნდობა გამოუცხადა და შესაბამისად, სამწვრთნელო ცვლილებაზე დღეს ლაპარაკი უადგილოა. როგორც ჩანს, ანდრეა თავის საქმეს კარგად აკეთებს და ჯობია, ნუ ავყვებით სპეკულაციებს".

მარკო ბრანკას კომენტარიდან აშკარად იკვეთება, რომ ის არ ეთანხმება მასიმო მორატის პოზიციას და თითქოს აკრიტიკებს კიდეც პრეზიდენტს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს მორატისა და ბრანკას კონფლიქტის თაობაზე, რომელსაც წესით, ამ უკანასკნელის კლუბიდან წასვლა უნდა მოჰყვეს... თუმცა, ეს სხვა თემაა და ალბათ, არანაკლებ საინტერესო.

ოპერაციის შემდეგ
ამასობაში ხავიერ ძანეტის გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. 39 წლის არგენტინელმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და თუ აქამდე შემართებით საუბრობდა დაბრუნებაზე, ამჯერად ხმაში ხრინწი შეეპარა:

"ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს სარეაბილიტაციო პერიოდი და შესაბამისად, ვერავის ვერაფრით დავაიმედებ. საუკეთესო ექიმების ხელში ვარ და თუ მცირე შანსი მაინც იქნება, აუცილებლად დავუბრუნდები აქტიურ სპორტს. შესაძლოა, მკურნალობამ რვა თვე გასტანოს, რაც ყველაზე არასასურველი ვარიანტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ თამაშს მაინც გავმართავ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. იქამდე "ინტერის" ერთგულ ქომაგად ვრჩები და იმედია, გუნდი ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფელიქს მაგათი: "ბარსელონას" მიუნხენის "ბაიერნთან" შანსიც არ აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული