სერია A. XXXVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ერთიც და ყველაფერს გავიგებთ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საბოლოოდ გაცხადდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონიდან სერია B-ში იასპარეზებენ.

სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული ევროპალიგის საგზურთა ბედი და არც ის ვიცით, ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მესამე გუნდი. მოკლედ, კითხვის ნიშნები საკმაოდ ბევრია და გასული ტურის შეჯამებისას ხშირად მოგვიწევს ბოლო ტურში დაგეგმილ მატჩებზე გადაწვდომა, ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის შემთხვევაში კი სულაც სატრანსფერო სიახლეებს გაგაცნობთ...

ერთიც და დამსახურებული შვებულება
"კალიარისთან" მატჩის შემდეგ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ერთი მატჩიც და ფეხბურთელებს დამსახურებულ შვებულებაში გავუშვებ".

ანტონიო კონტემ "კალიარის"
გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა, თუმცა გუნდი მაინც უმოტივაციო ჩანდა. სარდინიელებმა არაფერი დაუთმეს მეტოქეს და მოგებაც შეეძლოთ. ფანტასტიკური გოლი შეაგდო ვიქტორ იბარბომ, რომელმაც ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, რეიდით მეტოქის საჯარიმოში შეიტანა (!) და გახსნა კიდეც ანგარიში. იბარბოს საოცარი გოლი მირკო ვუჩინიჩმა გაქვითა და თამაშიც ფრედ დასრულდა, 1:1.

იტალიური სპორტული პრესა სატრანსფერო ცნობამ მოიცვა, რომლის მიხედვითაც, გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია. 25 წლის არგენტინელს მადრიდში აღარ ენდობიან, გუნდის გამოცვლას ეშურება და ტურინში გადასვლაზეც თანახმა ყოფილა. მართალია, ჯერ არც სატრანსფერო თანხა ცხადდება და არც ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო, მაგრამ ტრანსფერი რომ შედგება, ამაში იტალიელი ჟურნალისტები ერთხმად გვარწმუნებენ.

მოკლედ, დიდია შანსი, ფერნანდო ლორენტეს გონსალო იგუაინიც შეუერთდეს და ასეთ შემთხვევაში, ტურინული გრანდის შეტევა გასაფილტრი იქნება. ნიკოლას ანელკა და ნიკლას ბენდტნერი რომ წავლენ, ცხადზე უცხადესია, მათი ბედი კი შესაძლოა ფაბიო კვალიარელამ, ალესანდრო მატრიმ და სებასტიან ჯოვინკომ გაიზიარონ.

კავანის ბოლო გოლი სან პაოლოზე?
"ნაპოლიმ" "სიენას" უმასპინძლა და გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაიმარჯვა, 2:1. გადამწყვეტი გოლი მარეკ ჰამშიკმა შეაგდო, თუმცა იქამდე ედინსონ კავანიმ იხეირა. იყო თუ არა ეს ურუგვაელის ბოლო გოლი "სან პაოლოზე"? - საკითხავი აი, ეს არის... სხვა მხრივ, "ნაპოლის" ამბავი დიდი ხანია, გავარკვიეთ და ისიც ვიცით, რომ ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. თუმცა, იქნება კი ეს გუნდი მომავალშიც მაცარის? - ესეც კიდევ ერთი კითხვის ნიშანი...

ფაქტია, კავანი "სტადიო სან პაოლოზე" შეკრებილ გულშემატკივრებს არ დამშვიდობებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წასვლის საკითხი გადაწყვეტილი არაა.

"სიენასთან" მატჩის შემდეგ ურუგვაელს სწორედ მის მომავალზე ჰკითხეს და შემდეგი პასუხი მიიღეს:

"წინ კიდევ ერთი მატჩია და ჩემი ფიქრები სწორედ იმ შეხვედრას დასტრიალებს. ნეაპოლში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და ჩემი თვითმიზანი აქედან აბარგება სულაც არაა. თუმცა დღეს რაიმეს მტკიცება სრულიად უადგილო იქნება და უმჯობესია, სეზონის დასრულებას დაველოდოთ".

ახალი ინფორმაცია გავრცელდა ვალტერ მაცარისთან დაკავშირებით, რომელსაც "კორიერე დელო სპორტის" ვერსიით, "ინტერი" ეპატიჟება. ითქვა ისიც, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვერ აკავებს ვალტერს და მის სავარაუდო შემცვლელებს აქტიურად ეძებს... ერთ-ერთ კანდიდატად ფრანჩესკო გვიდოლინი განიხილება, რომელმაც გააკეთა კიდეც ამ ფაქტზე მოკლე კომენტარი:

"ეს ამბავი მეც ჟურნალისტებისგან გავიგე და შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. დღეს მხოლოდ "უდინეზეზე" ვარ კონცენტრირებული და სეზონის დასრულებამდე ასე იქნება. ისე, უკვე დიდი ხანია გადავწყვიტე, რომ ჩემი უკანასკნელი კლუბი "უდინეზე" იქნება".

ალეგრი: ყველაფერი ჩვენ ხელშია
"მილანს" შეეძლო, მესამე ადგილი "რომასთან" შეხვედრაში დაებევებინა, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლაში ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა. ამაში ლომის წილი სალი მუნტარიმ დაიდო, რომელმაც პირველივე ტაიმში მოასწრო ორი ყვითელი ბარათის მიღება და მოედნის ნაადრევად დატოვება.

მოკლედ, თამაშის დიდი ნაწილი "როსონერი" კაცნაკლული იყო და ამ რეალობით, ვინძლო მარცხსაც კი გადაურჩა. თავის მხრივ, ქულები სჭირდებოდათ რომაელებსაც და ამ ჭიდილში საბოლოოდ ფრე გამოდნა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურის წინ "მილანი" "ფიორენტინას" ორი ქულით უსწრებს და შესაბამისად, ყველაფერი მომდევნო უქმეებზე გადაწყდება. "ფიორენტინა" "პესკარას" ესტუმრება, "მილანი" კი "სიენას" - ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები სერია B-ში დაქვეითებულებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

რა მოხდება, თუ "ფიორენტინა" მოუგებს "პესკარას", "მილანი" ფრეს ითამაშებს და გუნდები თანაბარი რაოდენობის ქულას დააგროვებენ? - ამ შემთხვევაში, უპირატესობა "ფიორენტინას" მიენიჭება, რადგან ურთიერთშეხვედრებში აჯობა "მილანს". მოკლედ, "როსონერის" მოსაგებად აქვს საქმე და ბუნებრივია, ფავორიტადაც ითვლება.

ევროპალიგა
ევროპალიგის სამი საგზურიდან ერთი ან "ფიორენტინას" ერგება, ან "მილანს", დარჩენილი ორი კი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გასულსა და თასის მფლობელზე გადანაწილდება. "რომამ" უკვე დაკარგა მეხუთე ადგილზე ასვლის შანსი დ გამოდის, რომ აურელიო ანდრეაცოლის უკანასკნელი იმედი იტალიის თასის მოგებაა.

მეორე დედაქალაქურ გუნდს ორი შანსი რჩება: მეხუთე ადგილი და იმავე თასის მოგება. თუ "ლაციომ" მეხუთეზეც ააღწია და თასიც მოიგო, მაშინ ევროპალიგაზე თასის ფინალისტიც გავა, ანუ "რომა"... მოკლედ, თუ უკანასკნელ ტურში "ლაციო" "უდინეზეს" გადაასწრებს და ევროსაგზურს ჩემპიონატიდან მოიპოვებს, გამოდის, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ორივე რომაული გუნდი გავა. თუმცა, იქამდე შორია, რადგან მეხუთე ადგილს "უდინეზე" იკავებს და პოზიციის დათმობას არ აპირებს.

"ლაციო" "კალიარის" ესტუმრება, აი, "უდინეზეს" კი "ინტერთან" მოუწევს ჭიდილი... ფრანჩესკო გვიდოლინს არა "ნერაძურის" კრიზისული პერიოდი, არამედ მისი გუნდის შესანიშნავი სათამაშო კონდიცია აიმედებს. ოპტიმისტურად არის განწყობილი "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩიც:

"წინ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვეღარ ვიტყვით, რომ კონკურენტის თამაში არ გვაინტერესებს - სწორედ "ინტერი"-"უდინეზეს" მატჩზე ვართ დამოკიდებულნი და იმედია, გამარჯვება მილანელებს დარჩებათ. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვიზამთ, რომ "კალიარი" დავამარცხოთ და მეხუთე ადგილზე აღვზევდეთ. მიმდინარე სეზონში, ევროპის ლიგაზე წარმატებით ვიასპარეზეთ და მჯერა, რომ მომდევნო წელს კიდევ უკეთესად გავირჯებით".

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 37 27 6 4 69-21 87
2. ნაპოლი 37 23 9 5 72-34 78
------------------------------------------------
3. მილანი 36 20 8 8 64-37 68
-----------------------------------------------------
4. ფიორენტინა 37 20 7 10 67-43 67
5. უდინეზე 37 17 12 8 54-43 63
--------------------------------------------------
6. ლაციო 37 18 7 12 50-40 61
7. რომა 36 17 7 12 68-55 58

ძამპარინი: ჩემი ბრალია
"პალერმომ" ელიტაში ადგილის შენარჩუნების ყველანაირი შანსი დაკარგა და იმ გუნდებს შეუერთდა, რომლებიც მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებენ. სიცილიელები ფლორენციაში დამარცხდნენ და ამით დასრულდა კიდეც ყველაფერი. ჩაგდებულ სეზონზე პასუხისმგებლობა კლუბის პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ აიღო და შემდეგი განაცხადა:

"მინდა, მთელი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო და აქვე დაგპირდეთ, რომ სერია A-ში უახლოეს პერიოდში დავბრუნდებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ასეთი რამ აღარასოდეს მოხდეს. სეზონის მსვლელობისას არაერთხელ შევცდი და ამ ყველაფერმა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა. ზედმეტად ვენდე ჯამპიერო გასპერინის და პირიქით, ვერ დავაფასე ჯუზეპე სანინო. ჩემი სურვილია, რომ სანინო დარჩეს გუნდის სათავეში და სწორედ მან დააბრუნოს გუნდი ელიტაში. უახლოეს დღეებში ჯუზეპეს პირისპირ დაველაპარაკები და სწორედ იმ შეხვედრაზე გადაწყდება ყველაფერი".

მაურიციო ძამპარინიმ დაადასტურა, რომ კლუბი მზადაა, ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელს, იოსიპ ილიჩიჩს შეელიოს. 25 წლის შემტევის გადაბირება არაერთ კლუბს სურს, განსაკუთრებით კი, "მილანის" მესვეურები აქტიურობენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

17. ჯენოა 37 8 13 16 38-51 37
------------------------------------------------
18. პალერმო 37 6 14 17 33-51 32
19. სიენა 37 9 9 19 35-55 30
20. პესკარა 37 6 4 27 26-79 22

ბოლო ტური

19 მაისი:
ტორინო-კატანია, ატალანტა-კიევო, პესკარა-ფიორენტინა, ბოლონია-ჯენოა, სამპდორია-იუვენტუსი, კალიარი-ლაციო, სიენა-მილანი, რომა-ნაპოლი, პალერმო-პარმა, ინტერი-უდინეზე.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXVII ტური: "მილანმა" ცხოვრება გაირთულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული