ვალტერ მაცარი ნეაპოლიდან მარადიულ ქალაქში მიდის

AutoSharing Option
იტალიური სპორტული მედია სენსაციურმა ცნობამ მოიცვა: პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ვალტერ მაცარი "ნაპოლის" დატოვებს და მომდევნო სეზონიდან "რომას" მთავარი მწვრთნელი იქნება.

ამ ამბავს თითქმის ყველა გამოცემა ადასტურებს და რაც მთავარია, მიმდინარე მოლაპარაკებებს თვით დედაქალაქური კლუბის სპორტული დირექტორი არ უარყოფს. უკვე "ნაპოლის" მესვეურებმაც აღიარეს, რომ მაცარი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს. მოკლედ, დიდი გარიგება მწიფდება - ვალტერ მაცარი ნეაპოლიდან მარადიულ ქალაქში მიდის...

სეხნიები თითქმის შეთანხმდნენ
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ადასტურებს, რომ ვალტერ მაცარიმ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე. არადა, ნეაპოლური
კლუბის პრეზიდენტმა მწვრთნელს პირობების მკვეთრად გაუმჯობესება შესთავაზა - თავად განსაჯეთ, აქამდე მაცარი სეზონურად 2.8 მილიონ ევროს იღებდა, მომდევნო სეზონიდან კი შეეძლო, 4 მილიონი გამოემუშავებინა. დე ლაურენტისი ღიად აცხადებს, რომ მაცარიმ მას მორიგი უარი უთხრა:

"ყველაფერს ვიღონებ, რომ ვალტერ მაცარი შევინარჩუნოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. ვალტერმა კიდევ ერთხელ გვითხრა უარი და თანაც, ისეთ წინადადებაზე, რომელსაც, უბრალოდ, ვეღარ გავაუმჯობესებთ. როგორც ჩანს, საქმე ფინანსებში არაა და მწვრთნელს ახალი გამოწვევა სჭირდება. მაცარის უდიდეს პატივს ვცემ და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, მის გულშემატკივრად დავრჩები".

ამასობაში ვალტერ მაცარის "რომას" მესვეურებთან დაუწყია მოლაპარაკებები, რომელიც თურმე წარმატებით მიმდინარეობს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, კონტრაქტის დეტალებზე მხარეები უკვე ჩამოყალიბდნენ და მხოლოდ წვრილმანი დეტალებია შესათანხმებელი.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს დღეებში მაცარი "რომას" სპორტულ დირექტორს, ვალტერ საბატინის შეხვდება და კონტრაქტის დეტალების გარდა, ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზეც ისაუბრებს. დიახ, როგორც გავიგეთ, მაცარის 3-4 უმაღლესი კლასის ფეხბურთელის გადაბირება მოუთხოვია და რომაელებიც დათანხმებულან. რაც მთავარია, მაცარისთან მიმდინარე მოლაპარაკებებს საბატინიც ადასტურებს:

"მაცარის უკვე შევხვდი და ამის დამალვას ნამდვილად არ ვაპირებ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ შეთანხმება შედგეს. ვალტერი დაინტერესებულია რომში გადმობარგებით და მთავარიც ესაა. სატრანსფერო თემები? - ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა და მოდით, ნუ გავასწრებთ წინ მოვლენებს. მაცარი ჯერ კიდევ "ნაპოლის" მწვრთნელია, სეზონი კი ჩასამთავრებელია. მოკლედ, მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ არ გავასწრებთ წინ მოვლენებს".

ვალტერ საბატინის ასეთი ღია განცხადება ბევრმა გაიკვირვა, რადგან "რომას" სეზონის მთავარი მატჩი აქვს ჩასატარებელი... შეგახსენებთ, რომ 26 მაისს იტალიის თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ "რომა" და "ლაციო" წარსდგებიან. ამ მატჩისთვის გუნდს აურელიო ანდრეაცოლი ამზადებს, რომელიც არ მალავს, რომ პოსტის შენარჩუნება ძალიან უნდა. მეორე მხრივ, ანდრეაცოლი კლუბის დირექტორატის წევრიცაა. მის გარეშე მაცარისთან მოლაპარაკებები მაინც არ დაიწყებოდა და გამომდინარე აქედან, მისთვის რაიმეს დამალვა ისედაც არ გამოდიოდა.

ასეა თუ ისე, ვალტერ მაცარი "ჯალოროსის" უახლოვდება და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მოლაპარაკების წარმატებით დასრულება გარდაუვალია.

ბენიტესი "ნაპოლიში"?
არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ვალტერ მაცარის შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებით... იმავე "გაძეტას" მტკიცებით, ნეაპოლელები მაცარის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, რომელთა შორის პრიორიტეტული რაფაელ ბენიტესია.

ესპანელმა სპეციალისტმა უკვე განაცხადა, რომ ტოვებს ლონდონის "ჩელსის" და შესაბამისად, საინტერესო წინადადებების მოლოდინშია. აპენინელ ჟურნალისტთა მტკიცებით, აურელიო დე ლაურენტისი რაფას 2-წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს და მთელი ამ დროის განმავლობაში მწვრთნელი 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ბენიტესის პოზიცია ჯერ უცნობია და ამ ეტაპზე სხვაგვარად არც შეიძლება იყოს - სეზონი ჩასამთავრებელია, რაფა ჯერ კიდევ "ჩელსის" უდგას სათავეში, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კი, მინიმუმ ერთი თამაშით, ვალტერ მაცარია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინჩენცო მონტელას ოცნების გუნდი "ნაპოლია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული