გონსალო იგუაინი "იუვენტუსს" უახლოვდება

AutoSharing Option
გონსალო იგუაინის ტრანსფერი მწიფდება და ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე არგენტინელი ფორვარდის "რეალიდან" "იუვენტუსში" გადაბარგების ამბავს გამცნობთ. "გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ ტურინული კლუბის მესვეურები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდნენ ფეხბურთელს და მიზნის მიღწევამდე მადრიდელებთან კონსენსუსის მიღწევა დარჩა.

ესპანელები 25 წლის შემტევში 30 მილიონ ევროს ითხოვენ, იტალიელები კი 22 მილიონის გადასახდელად არიან მზად. "გაძეტას" მტკიცებით, ტურინელები თანხის 25 მილიონ ევრომდე აწევას აპირებენ და მოლაპარაკების დასკვნითი ნაწილის გასამართავად მადრიდში გაემგზავრნენ. პიემონტელებს კიდევ ერთი პირობა აქვთ: აღნიშნული თანხა ორი წლის განმავლობაში უნდა
გადაიხადონ.

საბოლოო სიტყვა ესპანელებზეა - ძნელად წარმოსადგენია, რომ გარიგება არ შედგეს, რადგან აღნიშნული ტრანსფერით ყველა მხარე დაინტერესებულია. იგუაინის ტურინში შესაძლო გადაბარგებას თვით დიეგო არმანდო მარადონა გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"გონსალოს კარგად ვიცნობ და ვიცი, რა შეუძლია მას. თუ იტალიაში გადავა და რეგულარულად თამაშის საშუალება მიეცემა, დარწმუნებული ვარ, თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს. მეტიც, ჩემი პროგნოზით, იგუაინი სერია A-ს მომდევნო გათამაშების ბომბარდირი გახდება. იტალიის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორ ფორვარდებს უადვილდებათ იქ თამაში. ჩემი აზრით, იგუაინი სწორედ კალჩოსთვის არის ზედგამოჭრილი. იმედია, აღნიშნული ტრანსფერი შედგება".

იგუაინის სავარაუდო ტრანსფერს ჯანლუიჯი ბუფონიც გამოეხმაურა და არგენტინელი ტურინში მიიპატიჟა - ჯიჯის თქმით, გონსალოს თავისუფლად შეუძლია, გახდეს სწორედ ის ტოპ-ფორვარდი, რომელზეც ამდენი ხანია, ლაპარაკობენ. იტალიის ნაკრების კიპერი იმედოვნებს, რომ იგუაინის ტრანსფერი მალე გაფორმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გონსალო იგუაინის ტრანსფერი "იუვენტუსში" მალე განხორციელდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული