რომა VS ლაციო: "მგლები" თუ "არწივები"?

AutoSharing Option
მართალია, სერია A-ს 2012/2013 წლების გათამაშება უკვე დასრულდა, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან წინ იტალიის თასის ფინალი გველოდება.

დიახ, კვირას "სტადიო ოლიმპიკოზე" ძალიან საინტერესო მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "რომა" და "ლაციო" წარსდგებიან. თქმა არ სჭირდება, რომ აღნიშნული გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და მით უმეტეს, როდესაც ტიტულის ბედი წყდება. თუმცა, არა მარტო ტიტულის - თასის მომგები ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებული კი მომდევნო სეზონში შიდა ასპარეზით შემოიფარგლება. მოკლედ, გუნდებს უდიდესი მოტივაცია აქვთ და ოლიმოიკოზე ისეთი ამბავი იქნება, დედა შვილს არ
აიყვანს ხელში...

რომა
აურელიო ანდრეაცოლის ჯერ კიდევ ეიმედება, რომ "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს და მიზნის მისაღწევად სწორედ თასის მოგება სჭირდება. "ჯალოროსის" თავკაცი არც კი უშვებს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მისი გუნდი დამარცხდეს:

"სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. "რომას" გულშემატკივრები იმსახურებენ ტიტულს და იმედია, მიიღებენ კიდეც. თითოეულმა ფეხბურთელემა კარგად უნდა გაიაზროს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ და თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თასის მოგებას. ეს ტროფეი სტიმულს მოგვცემს, რომ აღებული გეზი გავაგრძელოთ და სამომავლოდ, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. დავრჩები თუ არა მთავარ მწვრთნელად? - ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა - სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის რომაელად დავრჩები".

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანდრეაცოლი იმ ტაქტიკაზე შეაჩერებს არჩევანს, რომელსაც ბოლო პერიოდში ენდობა, 4-3-2-1. ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი პაბლო ოსვალდო იქნება, უკნიდან კი მას ფრანჩესკო ტოტი და ერიკ ლამელა დაეხმარებიან. ნახევარდაცვაში მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს და რთულად პროგნოზირებადია, რომელ ტრიოზე შეაჩერებს არჩევანს. მოახლოებულ პაექრობაზე მოკლე კომენტარი ტოტიმაც გააკეთა:

"თუ გინდათ იხილოთ ნამდვილი ბრძოლა და ფეხბურთი, უყურეთ თასის ფინალს. ვფიქრობ, ჩვენი ჯახი გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე "ბაიერნი"-"ბორუსიას" დაპირისპირება".

ლაციო
აურელიო ანდრეაცოლისგან განსხვავებით, თავი ქუდში აქვს ვლადიმირ პეტკოვიჩს და გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის გააგრძელებს მუშაობას "ბიანკოჩელესტეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამის შესახებ თვით კლუბის პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ განაცხადა და დასძინა, რომ მიმდინარე სეზონში, მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილია. ლოტიტო ბოლომდე კმაყოფილი მაშინ იქნება, თუ "ლაციო" თასის ფინალს მოიგებს და პეტკოვიჩს ეს ყველაზე კარგად ესმის:

"წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით. სერია A-ში გუნდის ასპარეზობა მთლიანობაში დადებითად შეფასდა, თასის მოპოვება კი სეზონის შესანიშნავი გვირგვინი იქნება. როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ? - ეს ჯერ არ ვიცი და შესაბამისად, პასუხის გაცემა გამიჭირდება. საერთოდ, ტაქტიკას და ძირითად თერთმეტეულს თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვადგენ და ამჯერადაც ასე მოვიქცევი. სასტარტოში ისინი იქნებიან, ვინც კონკრეტული მომენტისთვის უკეთეს კონდიციაში იქნება".

ჟურნალისტს ტაქტიკასთან დაკავშირებით შემთხვევით არ დაუსვამს კითხვა - სეზონის მეორე ნახევარში, "ბიანკოჩელესტე" ან 4-5-1 სქემით ირჯება, ანაც 4-4-2-ით. მეორე უფრო სარისკოა, რადგან შეტევის წინა ხაზზე გასამწესებული ფორვარდებიდან (კლოზე, ფლოკარი, კოზაკი), შუა ხაზის და დაცვის დახმარება არავის ერხერხება. თანამედროვე ფეხბურთში, ორი კლასიკური ცენტრფორვარდით იშვიათად თამაშობენ და საინტერესოა, რას გადაწყვეტს პეტკოვიჩი. "ლაციოს" განსაკუთრებული დანაკლისი არ აქვს, წამყვანი ფეხბურთელები ჯანზე არიან, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

უსაფრთხოება
ყველას კარგად გვახსოვს რა მოხდა ბოლო დედაქალაქურ დერბიზე - ტიფოზებმა ქალაქის ქუჩებში ჩხუბი გააჩაღეს და შედეგად, არაერთი გულშემატკივარი და კარაბინიერი დაშავდა. ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანიოები სრულ მობილიზბას აცხადებენ და თამაშის დღეს, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. სტადიონთან მისასვლელი რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება, რისი საშუალებითაც ტიფოზებს მაქსიმალურად გამიჯნავენ ერთმანეთისგან - "რომანისტები" და "ლაციალები" "სტადიო ოლიმპიკოზე" სხვადასხვა გზებით მივლენ. გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ თვით ქვეყნის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლეტანომ მოუწოდა, რომელიც დაესწრება კიდეც თასის ფინალურ მატჩს.

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): ლობონტი - კასტანი, ბურდისო, მარკინიოსი, ბალცარეტი - დე როსი, ბრედლი, ფლორენცი - ტოტი, ლამელა - ოსვალდო.
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ - გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, მაური, ლულიჩი - კლოზე.

იტალიის თასის ბოლო 5 ფინალი

2011/2012
იუვენტუსი-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 კავანი (63-პენ.), 0:2 ჰამშიკი (83).

2010/2011
ინტერი-პალერმო 3:1
გოლები: 1:0 ეტოო (26), 2:0 ეტოო (77), 2:1 მუნიოსი (88), 3:1 მილიტო (90).

2009/2010
ინტერი-რომა 1:0
გოლი: 1:0 მილიტო (39).

2008/2009
ლაციო-სამპდორია 1:1 პენ: 6:5
გოლები: 1:0 სარატე (4), 1:1 პაცინი (31).

2007/2008
რომა-ინტერი 2:1
გოლები: 1:0 მექსე (36), 2:0 პეროტა (53), 2:1 პელე (60).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული