სეზონის ტოპ-5 იმედგაცრუება იტალიაში

AutoSharing Option
განვაგრძობთ სერია A-ს 2012/13 წლების სეზონის შეჯამებას და მის მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ.

პირველი ნაწილი მთლიანად სტატისტიკას დაეთმო, დღეს კი სეზონის 5 ყველაზე დიდ იმედგაცრუებას წარმოგიდგენთ.

5. ფერარას მორიგი წარუმატებლობა
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მარჩელო ლიპიმ არაერთხელ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრების ტრიუმფში მის ასისტენტ ჩირო ფერარას წონადი წვლილი მიუძღვოდა. მაშინ მაესტრომ ჩიროს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და "აძურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რეკომენდაციაც კი გაუწია.

მას შემდეგ ფერარას ჯერ "იუვენტუსი" მიანდეს, შემდეგ კი იტალიის ახალგაზრდული ნაკრები, მაგრამ წარმატებებს ვერსად მიაღწია.

გასულ ზაფხულს
სერია A-ში აღზევებული "სამპდორიადან" მოულოდნელად მწვრთნელი, ჯუზეპე იაკინი გაათავისუფლეს და მისი ადგილი ჩირო ფერარას ჩააბარეს. კლუბის მესვეურებმა მთელი იმედები სწორედ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონზე დაამყარეს და ისინიც შეცდნენ.

ფერარას "სამპამ" სეზონი შესანიშნავად დაიწყო, "მილანი" დაამარცხა გასვლაზე და შემდეგ კიდევ ოთხი მატჩი წაუგებელი იყო, მაგრამ ამას დაღმასვლა და კრიზისი მოჰყვა...

სულ მალე გენუური გუნდი გავარდნის კანდიდატი გახდა, დეკემბრის შუა რიცხვებში კი ფერარა გაათავისუფლეს. "სამპა" დელიო როსიმ ჩაიბარა და როგორღაც გადაარჩინა, მარჩელო ლიპის პროგნოზი კი ჯერჯერობით არ მართლდება.

4. ზემანის "რომა"
მას შემდეგ, რაც "რომას" სათავეში იტალიური წარმოშობის ამერიკელები მივიდნენ, კლუბში სოლიდური თანხა ჩაიდო და ტრანსფერებიც ხეირიანი განხორციელდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერია A-ში "ჯალოროსი" შემადგენლობით ბევრს არავის ჩამოუვარდება.

მიუხედავად ამისა, ვერც ლუის ენრიკემ და ვერც მისმა შემცვლელმა ზდენეკ ზემანმა წარმატებას ვერ მიაღწიეს.

2011/12 წლების სეზონში ზემანი "პესკარას" ედგა სათავეში და ეს არაფრით გამორჩეული გუნდი სერია B-დან ელიტაში აიყვანა. ზდენეკის "პესკარამ" ლაღი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთით მიაღწია მიზანს, რამაც ჩეხი სპეციალისტი ისევ მოთხოვნადი გახადა. მოკლედ, ზემანი "რომამ" გადაიბირა და როგორც დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ განაცხადა, ახალ ეპოქას დაედო სათავე.

ზემანი 1997-99 წლებშიც წვრთნიდა "რომას" და მუდმივად იმას აცხადებდა, რომ შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად კიდევ ერთი შანსი მიეცა.

ზემანის "რომა" იყო არაპროგნოზირებადი - მოუგებდა გრანდს გასვლაზე და შემდეგ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთან მარცხდებოდა. შედეგად, "ჯალოროსი" მალევე გამოეთიშა სკუდეტოსთვის ბრძოლას და ჩეხიც გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან.

როგორც ამბობენ, ზემანი ისევ "პესკარას" ჩაუდგება სათავეში და კიდევ ერთხელ შეეცდება, გუნდი სერია B-დან ელიტაში აიყვანოს. დიახ, ზემანს ისევ ქვედა ლიგაში მოუწევს მუშაობა - როგორც ჩანს, პრაგმატულ ელიტაში რომანტიკოსი მწვრთნელების ადგილი აღარ არის.

3. სიცილიური ფიასკო
გასულ ზაფხულს მაურიციო ძამპარინიმ გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდა და დაპირდა მათ, რომ 2016 წელს "პალერმო" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. სიცილიელებს ამისთვის ჯერ კიდევ რჩებათ დრო, მაგრამ სანამ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურს მოიპოვებენ, იქამდე სერია A-ში უნდა დაბრუნდნენ.

დიახ, "პალერმომ" მხოლოდ მე-18 ადგილი დაიკავა სატურნირო ცხრილში და მომდევნო სეზონში რანგით ქვედა დივიზიონში იასპარეზებს.

სიცილიური გუნდის სრულ ფიასკოს დიდწილად სწორედ პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინის აბრალებენ, რომელმაც მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლით გუნდი ჩიხში შეიყვანა. "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონი ჯუზეპე სანინომ დაიწყო.

მალევე მას ჯამპიერო გასპერინი ჩაენაცვლა, შემდეგ ალბერტო მალეზანი, შემდეგ ისევ სანინო, ისევ გასპერინი და ისევ მალეზანი და ბოლოს ისევ სანინო - ამ საგიჟეთში ვეღარც ფეხბურთელებმა შეძლეს თავის წარმოჩენა და საბოლოოდ, გუნდი მთლიანად მოიშალა.

ძამპარინი აღშფოთებულ გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ ამ ზაფხულს გუნდი არათუ დასუსტდება, გაძლიერდება და ელიტაშიც მალე დაბრუნდება. ვნახოთ, "პალერმო" რთული ამოცანის წინაშე დგას.

2. ბრძოლა სკუდეტოსთვის
ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაცია, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა - თითქოს ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, "იუვენტუსისთვის" სკუდეტოსთვის ბრძოლა უფრო რთული უნდა ყოფილიყო, ვიდრე 2011/12 წლების სეზონში, მაგრამ პირიქით გამოვიდა.

ტურინელებმა თავიდანვე იგდეს უპირატესობა ხელთ და ჩემპიონატის ბოლომდე პირველობა აღარც დაუთმიათ.

საგულისხმოა და თითქოს პარადოქსულიც, რომ "იუვემ" 5 მარცხის პირობებში, გაცილებით იოლად მოიგო სკუდეტო, ვიდრე თუნდაც 2011/12 წლების სეზონში - არადა, მაშინ ტურინულმა გრანდმა პირველობა წაუგებლად ჩაამთავრა.

თავად განსაჯეთ, მაშინ "იუვემ" მეორე ადგილზე გასული "მილანი" მხოლოდ 4 ქულით ჩამოიტოვა, ამჯერად კი "ნაპოლის" შანსი, პრაქტიკულად, არც მისცემია.

ერთი სიტყვით, სკუდეტოსთვის ბრძოლა არ შედგა და "იუვეს" ჰეგემონია გრძელდება. დავიტოვოთ იმედი, რომ მომდევნო სეზონში მაინც პირველობისთვის ბრძოლა ბოლომდე გასტანს და გაცილებით საინტერესო იქნება.

1. "ინტერის" ჩავარდნა
ის, რაც "ინტერს" დაემართა, არათუ ჩავარდნა - სრული კრახი და ფიასკოა. სეზონის პირველ ნახევარში მილანურ გრანდს არა უშავდა და ერთი ხანობა სულაც წაუგებელ მატჩთა სერია გამოაცხო, მაგრამ დეკემბრის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამაში დიდი წვლილი გაუთავებელმა ტრავმებმა შეიტანეს, მაგრამ ანდრეა სტრამაჩონის ეს მაინც ვერ გაამართლებს.

სტრამაჩონის "ინტერმა" ჩემპიონატში 16 მატჩი წააგო, რაც მილანურ გრანდს 65 წელი არ დამართნია. სეზონის ბოლო 11 მატჩიდან "ნერაძურიმ" 8 წააგო, რაც სრულ კატასტროფად უნდა მივიჩნიოთ. "ინტერმა" ჩემპიონატში 57 გოლი გაუშვა, იმდენი, რამდენიც გავარდნილმა "სიენამ"...

ამ ყველაფრის ყურება "ნერაძურის" გულშემატკივრებისთვის ნამდვილად მტკივნეული იყო და მასიმო მორატიც იძულებული გახდა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტრამაჩონის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღო.

ახალგაზრდა სპეციალისტი 51 წლის ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა, რომელმაც ბოლო სამი სეზონი "ნაპოლიში" წარმატებით იმუშავა.

ვნახოთ, როგორი იქნება მაცარის "ინტერი", გასული სეზონი კი მილანური გრანდის გულშემატკივრებმა სასწრაფოდ უნდა დაივიწყონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხილული ნეაპოლელები და უხილავი ტურინელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული