სენიორ აურელიომ საგანგებო განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, მაგრამ ხელშეკრულების დეტალებზე არაფერი უთქვამს. ერთი სიტყვით, თუ კიდევ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდა, ისიც მოიხსნა და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლურ გუნდში ბენიტესის ერა იწყება. თუმცა, ერა იქნება ეს, ეპოქა თუ გაელვება, დრომ უნდა გვიჩვენოს. რაფას დანიშვნას "ნაპოლის" ლიდერი ედინსონ კავანი გამოეხმაურა და ბუნებრივია, მის წასვლა-არწასვლის საკითხზეც გააკეთა კომენტარი:
"ბენიტესს ევროტურნირებზე ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება აქვს
რაც შეეხება ჩემს ტრანსფერს, ყველაფერი აურელიო დე ლაურენტისზეა დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, წასვლის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არაა. იმხელა თანხა სახელდება, რომ დიდია შანსი, ჩემი გასხვისება ნეაპოლელებს სურდეთ და ასეთ შემთხვევაში, არც მე გამოვიდებ თავს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ნეაპოლში ბედნიერი ვარ და წასვლის სურვილი არ მაქვს".
შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანის სატრანსფერო ღირებულება 63 მილიონი ევროა. რამდენიმე დღის წინ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ ასეთ თანხად ნებისმიერი ფეხბურთელის გაყიდვა ღირს, რადგან შეგიძლია 3-4 უმაღლესი დონის მოთამაშე გადაიბირო. მოკლედ, პრეზიდენტმა ტიფოზები ტრანსფერისთვის შეამზადა, მაგრამ რა მოხდება, ეს ჯერ კიდევ რთული სათქმელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიური როქი: ვალტერ მაცარი "ინტერში", რაფაელ ბენიტესი "ნაპოლიში"