"სკუადრა აძურამ" სან მარინოსთან წაივარჯიშა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო სეზონი დასრულდა, იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ აქვთ საქმე... 8 ივნისს "სკუადრა აძურა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეტად მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს ჩეხეთთან, ერთი კვირის თავზე კი კონფედერაციათა თასზე ჩაებმება და პირველ პაექრობას მექსიკასთან ჩაატარებს.

მოკლედ, იტალიის ნაკრები მნიშვნელოვანი მატჩების სამზადისშია და ამ გზაზე სან მარინოსთან ამხანაგურად ეპაექრა.

სან მარინო ერთი რიგითი იტალიური ქალაქისგან არაფრით განსხვავდება და ასეთ უთანასწორო ბრძოლაში, ბუნებრივია, რომ გამარჯვება აპენინელებს დარჩათ. შედეგი თავიდანვე ნათელი იყო და გაცილებით უფრო საინტერესო ის გახლდათ, რა
ტაქტიკა-შემადგენლობას დაეყრდნობოდა ჩეზარე პრანდელი.

"სკუადრა აძურას" თავკაცმა ყველა გააკვირვა, როდესაც ისეთი სქემა შეარჩია, რომელიც "აძურაში" აქამდე არ გამოუყენებია. 4-3-2-1 ტაქტიკით პრანდელის ფორმაციის იტალიამ პირველად ითამაშა და მთლიანობაში, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იტალიელები განუწყვეტლივ უტევდნენ და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, სხვაობა კოლოსალური იქნებოდა.

პრანდელიმ შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა და იმ ფეხბურთელებს მისცა შანსი, რომლებსაც სანაკრებო დონეზე დასამტკიცებელი აქვთ შესაძლებლობები. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სან მარინოსთან მატჩამდე პრანდელის განკარგულებაში 30-მდე ფეხბურთელი იყო და სწორედ ამ ამხანაგურის შემდეგ სია 23-მდე უნდა ჩამოიყვანოს. მოკლედ, მწვრთნელი ფეხბურთელებს დააკვირდა და ალბათ, დასკვნებიც გამოიტანა.

ჯორჯო კიელინის, ანდრეა ბარცალის, ლეონარდო ბონუჩის, რიკარდო მონტოლივოს, დანიელე დე როსის, კლაუდიო მარკიზიოს, სტეფან ელ შაარავის და სხვა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე მოასპარეზე "აძურამ" არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა.

ანგარიში ანდრეა პოლიმ გახსნა, რომელიც ახალბედაა ეროვნულ ნაკრებში და მისთვის ამ გოლს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. პოლის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მისი პოტენციალი სან მარინოსთანაც გამოჩნდა.

მეორე გოლი ალბერტო ჯილარდინოს ანგარიშზეა, რომელიც ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი გახლდათ. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას ალბერტო აკვილანიმ დაუსვა, რომელმაც დამატებაზე ითამაშა და კიპერის მოგერიებული ბურთი ბადეში შეაგორა.

მეორე ნახევარში მოედანზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომელთა შორის ყველაზე აქტიურნი ალესიო ჩერჩი და მარიო ბალოტელი იყვნენ. სუპერმარიოს მინიმუმ ჰეთ თრიკი უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმ დღეს ფორტუნამ აშკარად ზურგი აქცია.

მოკლედ, მნიშვნელოვანი მატჩების წინ იტალიამ კარგად წაივარჯიშა და პრანდელიმაც ის ფეხბურთელები ნახა საქმეში, რომელთა ნაწილი სახლში უნდა გააბრუნოს.

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მრავალმხრივად ვუტევდით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეტოქეს კონტრიერიშებზე გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევდით. ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა თავი კარგად წარმოაჩინა, რაც მომავლის იმედს მაძლევს.

გუნდი ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, მაგრამ უფრო მაღალ ტემპში რომ ვითამაშოთ, ნამდვილად არ გვაწყენდა. ეს აუცილებელიც არის, რადგან წინ გაცილებით რთული მატჩები გველის. როდის შევარჩევ კონფედერაციათა თასზე გასამგზავრებელ 23-კაციან შემადგენლობას? - სავარაუდოდ, ორშაბათს. რთული არჩევანის წინაშე ვარ, რადგან ფეხბურთელთა დიდი ნაწილი სანაკრებო შეკრებაზე იდეალურ ფორმაში გამოცხადდა".


ანდრეა პოლი (იტალია): "ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ ჩეზარე პრანდელი არჩევანს ჩემსა და ალბერტო აკვილანის შორის აკეთებს. ორივემ თითო გოლი გავიტანეთ, მაგრამ ჩემი უფრო ლამაზი იყო და ამიტომ დაიმედებული ვარ. ეს ხუმრობით, ისე კი, გატანილმა გოლმა ძალიან გამახარა. ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება ჩემი ოცნებაა და ვგრძნობ, რომ ამის საუკეთესო შანსი მაქვს. მსურს, "სკუადრა აძურასთან" ერთად კონფედერაციათა თასზე ვიასპარეზო და მომდევნო ზაფხულს მუნდიალზე გავემგზავრო. კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ სხვაგვარად არც შეიძლება იყოს - ეს ხომ იტალიის ნაკრებია".

ბოლონია. "სტადიო რენატო დალ არა"
იტალია-სან მარინო 4:0
გოლები: 1:0 პოლი (28), 2:0 ჯილარდინო (34), 3:0 პირლო (51), 4:0 აკვილანი (80).
იტალია (4-3-2-1): ბუფონი (71. სირიგუ) - მაჯო (77. აბატე), რანოკია, ოგბონა, ანტონელი (45. დე შილიო) - პოლი, პირლო, აკვილანი - დიამანტი (51. ჩერჩი), ბონავენტურა (50. საუ) - ჯილარდინო (50. ბალოტელი).
სან მარინო (4-2-3-1): ა. სიმონჩინი - ფ. რინალდი, დ. სიმონჩინი (46. ვალენტინი), დელა ვალე (72. ჯ. ბოლინი), ფ. ვიტაიოლი - კოპინი (46. ჩიბელი), კარველინი - მ. ვიტაიოლი (დ. რინალდი), ფ. ბოლინი (68. ბუსკარინი), გასპერონი (60. ბერეტი) - სელვა.
მაყურებელი: 25 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული