"სკუადრა აძურა" 11 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს ჰაიტის გუნდთან და მოახლოებული ბატალიების წინ გენერალურ რეპეტიციას გაივლის.
ჰაიტისთან მატჩი უცებ დაიგეგმა - როგორც ჩანს, აპენინელებს ამ ნაკრების ესპანელებთან გარჯა მოეწონათ და სპარინგი შესთავაზეს...
შეგახსენებთ, რომ ჰაიტიმ მინიმალური ანგარიშით წააგო "ფურია როხასთან" (2:1) და ბოლო წუთებზე პატარა შტურმიც კი მოუწყო მრისხანე მეტოქეს.
ან ჰაიტია იმაზე ძლიერი, ვიდრე წარმოგვედგინა, ან ესპანელები მიუდგნენ პაექრობას მეტისმეტად არასერიოზულად.
მოკლედ, 11 ივნისს
ჩეხეთთან თამაში
ივნისის დასაწყისში ყოველთვის გვიჭირს და ასე იყო გასულ სეზონშიც. გახსოვთ, ალბათ, რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 წავაგეთ, შემდეგ კი მოვუმატეთ და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავედით. ჩეხებთან თამაშმა სწორედ რუსეთთან ჯახი გამახსენა, მაგრამ საბედნიეროდ, ქულა ავიღეთ. ეს დიდწილად ჯანლუიჯი ბუფონის დამსახურებაა, რომელიც ბრწყინვალედ გაისარჯა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაცილებით მაღალ ტემპში თამაშია საჭირო, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ბრაზილიაში ადრე ჩამოვედით, რაც ადაპტაციაში დაგვეხმარება და იმედია, კონფედერაციათა თასზე შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენთ.
ბალოტელის გაძევება
მარიო ბალოტელის გაძევებამ ჩეხებს სერიოზული უპირატესობა მისცა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს. მარიოს მთელი თამაშის განმავლობაში ურტყამდნენ ფეხებში და ბოლოს, მაინც წამოაგეს პროვოკაციაზე. მას იცნობენ, როგორც ფეთქებად ადამიანს და ამით სარგებლობენ. ბალოტელიმ უნდა ისწავლოს ემოციების კონტროლი, რომ ასეთი პროვოკაციების მსხვერპლი არ გახდეს. თუ სიმშვიდით უპასუხებს მეტოქეთა უხეშობას და მათ მხოლოდ გოლებით დასჯის, დროთა განმავლობაში მისი მისამართით აგრესია შეწყდება. ჩვენ გვერდში ვუდგავართ მას და პრობლემებსაც ერთად დავძლევთ.
დე როსიმ რომა უნდა დატოვოს...
ჩეხებთან დე როსიმ მართლაც ვერ გაიბრწყინა და იმაშიც გეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში მას უჭირს შესაძლებლობათა გამოვლენა. გამოსავალი? - შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, გამოსავალი დე როსის სხვა გუნდში გადაბარგებაშია. როგორც ვიცი, მისით "ჩელსი" იჩენს ინტერესს და ეს არცთუ ურიგო ვარიანტია.
დანიელე ნამდვილი რომაელია და კარგად მესმის, რომ "ჯალოროსის" დატოვება გაუჭირდება, მაგრამ პრაგმატულად თუ მივუდგებით საკითხს, სწორედ ასე იქნებოდა უკეთესი. "რომაში" თითქოს გაიყინა და შესაძლებლობებს ვეღარ ავლენს - აშკარად ახალი გამოწვევა სჭირდება. პირადად მე, დე როსის სხვა გუნდში გადასვლას ვურჩევდი.
კონფედერაციათა თასზე...
ქებათა ქება ეკუთვნით ფეხბურთელებს, რომ მომქანცველი სეზონის შემდეგ ყოველგვარი წუწუნის გარეშე ეროვნულ ნაკრებში საასპარეზოდ ემზადებიან. თითოეულის თვალებში ცეცხლი ანთია და ეს ძალიან მსიამოვნებს. მოკლე დროში უძლიერეს გუნდებთან მოგვიწევს ჭიდილი და ეს განსაკუთრებულ მოტივაციას გვძენს. ამ ტურნირზე ასპარეზობა გამოცდილების მიღების შესანიშნავი საშუალებაა, რადგან დიდი ალბათობით, მომდევნო ზაფხულსაც აქ მოგვიწევს ჩამოსვლა.
ვის ვისურვებდი ფინალში მეტოქედ? - ესპანეთის ნაკრებს, რადგან ამ გუნდთან ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი. დღემდე ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალის მოგება შეგვეძლო და უბრალოდ, არ წაგვივიდა თამაში. თუ პირინეელებს გადავუარეთ, ევროფორუმზე დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესანიშნავი შანსი გვექნება.
ჯერ ჰაიტი...
იტალიელებმა ჰაიტისთან ამხანაგური მატჩი დანიშნეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩეზარე პრანდელი ორი ტაქტიკური მონახაზის გამოსაცდელად გამოიყენებს.
4-3-3 თუ 4-3-1-2? - მწვრთნელი კვლავაც ასეთი დილემის წინაშეა და საინტერესოა, ამჯერად როგორ არჩევანს გააკეთებს. ჩეხეთთან ორი ფორვარდით შეუტია, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. იტალიამ შეტევაში ვერაფერი შექმნა და შესვენებაზე პრანდელი იძულებული გახდა, სტეფან ელ შაარავი სებასტიან ჯოვინკოთი შეეცვალა.
საერთოდ, იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვი აქვთ, რომ ბრაზილიაში მხოლოდ ოთხი თავდამსხმელით წასვლა შეცდომა იყო... ამ ოთხიდან ერთი ექსცენტრიული მარიო ბალოტელია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გუნდის დაღალატება; მეორე - არცთუ კარგ ფორმაში მყოფი სტეფან ელ შაარავი; მესამე - ბოლო ხანს ჩრდილში მყოფი სებასტიან ჯოვინკო და მეოთხე - თითქმის ვეტერანი ალბერტო ჯილარდინო.
მოკლედ, აპენინელ ჟურნალისტებს ეჭვი აქვთ, რომ პრანდელის შეტევაში პრობლემები შეექმნება.
მწვრთნელმა ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი და ბოლოს ისევ მას გადავცეთ სიტყვა:
"შეტევაში დიდი არჩევანი მაქვს, მაგრამ კონკრეტულად ამ მომენტისთვის, თავდამსხმელთა უმეტესობა ცუდ ფორმაში იყო. ამიტომ შევარჩიე ისინი, ვისიც მეიმედება.
მართალია, განაცხადში ოთხი ნომინალური ფორვარდია, მაგრამ 4-3-3 სქემის შემთხვევაში, გარემარბად თამაში არაერთ ნახევარმცველს შეუძლია - თუნდაც ალესიო ჩერჩის, ალესანდრო დიამანტის და ანტონიო კანდრევას.
მოკლედ, ამ თემაზე არ ვნერვიულობ და მოახლოებულ შეხვედრებს იმედით ველოდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: ჩეხეთის ნაკრები შესწავლილი გვყავს და ვიცით მისი ძალა