ანტონიო დი ნატალე "უდინეზეში" კიდევ 2 წლით რჩება

AutoSharing Option
ანტონიო დი ნატალემ გასული სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და 1 ივლისის მოახლოებისთანავე, როცა სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად იხსნება, მასზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა...

ითქვა ისიც, რომ ტოტოს გადაბირებით თვით "იუვენტუსია" დაინტერესებული და პრესასთან საუბრისას, ეს არც ფეხბურთელმა უარყო, თუმცა იქვე დასძინა, უდინეში თავს დიდებულად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებო.

ასეთი ერთგულება ფრიულელებმა ტოტოს ახალი ხელშეკრულებით დაუფასეს, რომელსაც ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. კონტრაქტი 2015 წლის 1 ივლისამდეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დი ნატალე "ბიანკონერიში" კიდევ მინიმუმ ორი სეზონი ითამაშებს... აქვე ვთქვათ,
რომ ანტონიო 35 წლისაა და მის ასაკში ფეხბურთელებს, ძირითადად, ერთწლიან კონტრაქტებს უფორმებენ.

"უდინეზეს" ლიდერმა "კორიერე დელო სპორტის" რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი...

- ეს თქვენი ბოლო კონტრაქტია ფეხბურთელის რანგში?
- ვითამაშებ იქამდე, სადამდეც შემეძლება და შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ჯერ კიდევ ენთუზიაზმით ვარ აღსავსე, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

- ამბობენ, რომ "ნაპოლის" სურს თქვენი გადაბირება, რაც კიდევ ერთი შანსია, ითამაშოთ მშობლიური ქალაქის გუნდში...
- ვამაყობ, რომ ნეაპოლელი ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უდინედან წასვლას არ ვაპირებ. აქ სახლი ვიპოვე და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ნეაპოლისგან განსხვავებით, უდინეში ნაკლები წნეხია. შეიძლება მიჯრით წააგო მატჩები და მაინც მშვიდად განაგრძო მუშაობა. მოკლედ, აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს.

- ნუთუ "იუვენტუსზეც" უარს ამბობთ?..
- კი ვთქვი, რომ ენთუზიაზმით ვარ აღსავსე, მაგრამ იმ ასაკში მაინც არ ვარ, რომ ახალ გამოწვევებზე ვიფიქრო და ტიტულების ხიბლით, გრანდებში გადასვლაზე ვიოცნებო. ერთადერთი, რაც მინდა, ჩემი საქმის მშვიდად კეთებაა. საამისოდ კი უდინეში ყველა პირობა მაქვს შექმნილი.

- იტალიის ნაკრებზე აღარ ფიქრობთ?
- ჩეზარე პრანდელიმ ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი და ეს მესმის კიდეც. ჩემ გარდა, ეროვნულ გუნდში აღარც ანტონიო კასანოს იწვევენ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში ჩემს გვარსაც ამოვიკითხავ. სანამ მოქმედი ფეხბურთელი ვარ, ნაკრებში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.

- რა გეგმები გაქვთ მომდევნო სეზონში?
- "უდინეზეს" შესწევს იმის ძალა, რომ თანაბარი წარმატებით ითამაშოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამას ვაპირებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A-ს სეზონის ტოპ-5 ფეხბურთელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული