რაფა ბენიტესი: "ნაპოლი" გრანდი გახდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" გულშემატკივრები მომდევნო სეზონს განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან გუნდის ისტორიაში ახალი ერა იწყება. ვალტერ მაცარი რაფაელ ბენიტესმა შეცვალა და მართლაც საინტერესოა, როგორი იქნება რაფას "ნაპოლი"... პირინეელი აქამდე ემალებოდა აპენინელ ჟურნალისტებს, 17 ივნისს კი მისი მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა...

- გეცოდინებათ, ნეაპოლი არც ლივერპულია, არც ლონდონი და არც მილანი...
- გასაგებია, საითაც მიანიშნებთ, მაგრამ ამ მხრივ, არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. ნეაპოლში რამდენიმე დღე დავყავი და ძალიან დადებითად დავიმუხტე. უბრალო გულშემატკივრებისგან უდიდესი ენერგია მივიღე და მივხვდი, რომ ამ ქალაქში ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ. არ არის
აუცილებელი, ლონდონის ყველაზე არისტოკრატულ უბანში ცხოვრობდე საიმისოდ, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. დარწმუნებული ვარ, ნეაპოლში პრობლემები არ შემექმნება.

- რა გეგმები გაქვთ ახალ გუნდში?
- კლუბის ხელმძღვანელებს ამბიციური გეგმები აქვთ და მეც სიამოვნებით ჩავები მათ განხორციელებაში. "ნაპოლი" ევროპული ფეხბურთის გრანდი უნდა გახდეს და ეს გარდაუვალი პროცესია. უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ როგორც შიდა ასპარეზზე, ისე საერთაშორისო ტურნირებზე. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და ჩვენ მზად ვართ.

- ედინსონ კავანის გარეშე მწვერვალების დაპყრობა შესაძლებელია?
- კავანი "ნაპოლის" ფეხბურთელია და ჯერ კიდევ გასარკვევია, დარჩება თუ სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. თქვენს კითხვაზე კი ასე ვუპასუხებ: რა თქმა უნდა, შესაძლებელია. შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ და ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. კარგი იქნება, თუ ედინსონი ჩვენთან დარჩება, მაგრამ თუ მაინც შედგა ტრანსფერი, არც ამით დავრჩებით წაგებულნი. ვიცი, რომ ზაფხულში "ნაპოლი" გვარიანად გაძლიერდება.

- არის ისეთი მოთამაშე, რომლის გასხვისებასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებით?
- დიახ, არის ასეთი მოთამაშე და ეს ლორენცო ინსინიეა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ყურადღებით ვადევნებ თვალს და მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ფორვარდის პოზიციაზე... უზომოდ ტექნიკურია და მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს. ხომ ნახეთ, როგორი პასი მისცა ფაბიო ბორინის, როდესაც ჰოლანდიის კარში გადამწყვეტი გოლი გავიდა... ინსინიეს დიდი მომავალი აქვს და მისი გაშვება არაფრით არ შეიძლება.

- ვისი შეძენა გსურთ ყველაზე მეტად?
- სიამოვნებით დავაბრუნებდი გუნდში ესეკილ ლავეცის, რადგან ის "ნაპოლის" არანორმალურად უხდებოდა, შერწყმული იყო ამ გუნდთან და ვფიქრობ, პსჟ-ში გადასვლით შეცდომა დაუშვა. თუმცა, მისი დაბრუნების საკითხი არ დგას დღის წესრიგში და მე მხოლოდ სურვილი დავაფიქსირე. ტრანსფერებზე უკვე დაწყებულია მუშაობა და მალე პირველი შედეგებიც გვექნება. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ უკმაყოფილონი არ დარჩებიან.

- მაინც რისთვის იბრძოლებს "ნაპოლი" მომდევნო სეზონში?
- კლუბის მესვეურებს ჩემთვის კონკრეტული მიზნები არ დაუსახავთ. არავის უთქვამს, რომ აუცილებლად სკუდეტო უნდა მოვიგოთ და ეს სრულიად ლოგიკურია. მთავარია, პროგრესი გაგრძელდეს და ტროფეები თავისთავად მოვა. თუმცა "ნაპოლის" მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავს და ვიცი, რომ ისინი სკუდეტოს მომდევნო სეზონშივე მოგვთხოვენ.

- ვალტერ მაცარის საბაზო ტაქტიკა 3-5-2 იყო. თქვენ თუ აპირებთ სქემის შეცვლას?
- დღეს ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ისიც კი არ ვიცი, რა შემადგენლობა იქნება ჩემს განკარგულებაში. სატრანსფერო კამპანიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და კარგი იქნება, თუ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. საინტერესო ზაფხული გველოდება, შემდეგ კი კიდევ უფრო საინტერესო ბატალიები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გადამფრენი მწვრთნელების სეზონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული