ედინსონ კავანიმ ნიღაბი მოიხსნა

AutoSharing Option
იტალიური კლუბებიდან ყველაზე აქტიური სატრანსაფერო ბაზარზე "ნაპოლია". სამხრეთელები დიდ აურზაურში არიან, ყურადღების ცენტრში კი კვლავაც ედინსონ კავანია.

თუმცა, სანამ ურუგვაელზე ვიტყოდეთ, ნეაპოლელთა მორიგ შენაძენზე გავამახვილოთ ყურადღება.

მერტენსი ნეაპოლელია
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ტვიტერის" გვერდიდან გვაუწყა, რომ ამიერიდან დრის მერტენსი მისი გუნდის ფეხბურთელია: "მინდა გახაროთ, რომ მერტენსის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკება დასრულებულია და მომდევნო სეზონიდან ბელგიელი "ნაპოლის" ღირსებას დაიცავს. მისი შეძენა ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იყო და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ".

26 წლის დრის მერტენსი ბოლო ორი სეზონი ჰოლანდიურ პსვ-ში თამაშობ
და და ამ ხნის განმავლობაში 45 გოლს მოუყარა თავი. დრისი შემტევია, ფლანგიდანაც შეუძლია თამაში და ცენტრფორვარდის პოზიციაზეც. მერტენსის ტრანსფერს რაფაელ ბენიტესიც გამოეხმაურა და ბელგიელის დამატებით კმაყოფილება გამოხატა. აქვე ვთქვათ, რომ მერტენსის სანაცვლოდ, სამხრეთელები 9.5 მილიონ ევროს გადაიხდიან, კონტრაქტის ხანგრძლივობას კი უახლოეს დღეეში შევიტყობთ.

ვნებათაღელვა კავანის გარშემო
ამასობაში დიდი ვნებათაღელვაა ედინსონ კავანის გარშემო, რომელიც ამჟამად ბრაზილიაშია და კონფედერაციათა თასზე ასპარეზობს. ბევრისთვის მოულოდნელად, ნეაპოლური კლუბის მწვრთნელ-მესვეურებმა 26 წლის ურუგვაელის გასხვისებისგან თავი შორს დაიჭირეს და ერთიმეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ ედინსონი ნეაპოლში უნდა დარჩეს. მაგალითად, აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელი ნამუსზე შეაგდო და თქვა: თუ კავანი ნამდვილი კაცია, ჩვენს დატოვებას არ მოისურვებსო.

ამ განცხადებას რაფაელ ბენიტესის კომენტარი მოჰყვა, სადაც ესპანელმა იმედი გამოთქვა, რომ ურუგვაელთან მუშაობის საშუალება მიეცემა. ამ კომენტარებმა კავანი დიპლომატიური როლიდან გამოიყვანა და მისი რეალური სურვილები სააშკარაოზე გამოიტანა:

"დე ლაურენტისის განცხადება ზედმეტად ხისტი იყო და სიმართლე გითხრათ, ძალიან გაბრაზებული ვარ. უახლოეს დღეებში, პირადად პრეზიდენტთან მსურს შეხვედრა, რომ გავიგო, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. ჩემს შესაძლო ტრანსფერთან კაცობა არაფერ შუაშია და ახსნა-განმარტებას აუცილებლად მოვითხოვ. აქამდე ვდუმდი, ახლა კი თამამად ვიტყვი, რომ ნეაპოლელები ჩემში არარეალურ ფასს ითხოვენ. 63 მილიონი ევრო ნამდვილად არ ვღირვარ და კარგი იქნება, თუ ეს ფასი დაიწევს. დე ლაურენტისთან ამ თემაზეც ვაპირებ დალაპარაკებას, რადგან მგონია, რომ ჩემი ტრანსფერი ხელოვნურად ფერხდება".

ურუგვაელის განცხადების შემდეგ ჟურნალისტები დე ლაურენტისის პოზიციით დაინტერესდნენ, მაგრამ "ნაპოლის" პრეზიდენტთან დაკავშირება ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კომენტარი რაფა ბენიტესმა გააკეთა:

"კავანის განცხადებამ ძალიან გამაბრაზა, რადგან "ნაპოლის" მიმართ მეტი პატივისცემა მართებს. არ უნდა დაივიწყოს, რომ რასაც წარმოადგენს, დიდწილად ამ კლუბის დამსახურებაა. სიმართლე გითხრათ, ედინსონზე საუბარი არ მსურს, ჩამოვა იტალიაში და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედინსონ კავანი: 63 მილიონი ევრო არ ვღირვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული