"სამპდორია" ფაბიო ბორინით დაინტერესდა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამპდორიას" მესვეურები ფაბიო ბორინის გადაბირებით დაინტერესდნენ და მერსისაიდელ კოლეგებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.

ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან ბორინიმ "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და წესით, ინგლისელებს მასთან განშორება არ უნდა გაუჭირდეთ. რაც შეეხება "სამპას", გუნდი 20 წლის მაურო იკარდიმ დატოვა და მისი ღირსეული შემცვლელის მოძებნაა საჭირო - თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ იკარდი ამპლუით თავდამსხმელია; 22 წლის ბორინიც ფორვარდია და გენუელთა ინტერესიც სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია...

ამასობაში, "სამპდორიადან" აბარგების სურვილი გამოთქვა კიდევ ერთმა
თავდამსხმელმა, ედერმა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ისიც აისრულებს საწადელს. 26 წლის შემტევს ბრაზილიაში სურს დაბრუნება, საიდანაც რამდენიმე შეთავაზება ჰქონია. ედერი ბრაზილიელია და აცხადებს, რომ ოჯახური პრობლემების გამო სწორედ სამშობლოში სურს დაბრუნება - ამ თემაზე კომენტარი "სამპდორიას" პრეზიდენტმა რიკარდო გარონემ გააკეთა:

"ედერს წასვლა სურს და მის შეფერხებას ნამდვილად არ ვაპირებთ. გუნდის წინაშე დიდი დამსახურება აქვს და მის პოზიციას აუცილებლად გავითვალისწინებთ. მართალია, მისით დაინტერესებული კლუბებისგან წინადადება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მივიღებთ. ედერთან კიდევ ერთხელ ვაპირებ დალაპარაკებას და არც იმას გამოვრიცხავ, რომ აზრი შევაცვლევინო - მით უმეტეს, ჩვენ უკვე გავუშვით მაურო იკარდი და შეტევაში ისედაც არ გვილხინს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აზარტული თამაშების მოყვარული ფეხბურთელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული