"ბებერი ქალბატონი" ახალი შეტევით

AutoSharing Option
კარლოს ტევესის შემდეგ ფერნანდო ლორენტეს ჯერიც დადგა, რომელიც ორიოდე დღის წინ ტურინში ჩავიდა, 2 ივლისს კი ჟურნალისტთა წინაშე "იუვენტუსის" 14-ნომრიანი მაისურით წარსდგა.

შესაძლოა, ტევესი-ლორენტე ისე ვერ ჟღერს, როგორც მესი-ნეიმარი, მაგრამ ინტერესი ამ ტანდემის მიმართაც ძალიან დიდია. ბოლო პერიოდში "იუვენტუსის" მთავარ პრობლემად თავდასხმის ხაზი მიიჩნეოდა და ფაქტია, რომ ტურინულმა კლუბმა პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგა. იტალიურ საკლუბო ფეხბურთში დღეს არსებული ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, ტევესის და ლორენტეს დამატება უდავოდ მოვლენაა. სხვა საქმეა, გაამართლებენ თუ არა 28 წლის ესპანელი და 29 წლის არგენტინელი...

ლორენტეს პრეზენტაცია

ფერნანდო ლორენტეს ტურინში დაახლოებით ისეთი დახვედრა მოუწყვეს, როგორიც კარლოს ტევესს. ოვაციები, ტაში და შეძახილები, რამაც ფეხბურთელი ემოციებით აავსო: "დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "იუვენტუსში" გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ვგრძნობ, რომ გულშემატკივრები ჩემგან ბევრს ელიან და ყველანაირად ვეცდები, რომ მათი იმედები გავამართლო.

დარწმუნებული ვარ, "იუვე" კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წინა წლებში. მიხარია, რომ ისეთ დიდებულ მწვრთნელთან მომიწევს მუშაობა, როგორიც ანტონიო კონტეა. უკვე ვესაუბრე მას და ვიცი, რომ ჩემი ეიმედება - ფეხბურთელისთვის მწვრთნელის ნდობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია".

ლორენტეს 14-ნომრიანი მაისური ერგო, მაგრამ აქედანვე ამბობენ, რომ თუ პაოლო დე ჩელიემ "იუვენტუსი" დატოვა, ესპანელი ალბათ 11 ნომერს მოირგებს. ნომრების თემა ბოლო ხანს მეტად აქტუალურია, რაც კარლოს ტევესის დამსახურებაა. არგენტინელს 10 ნომერი მიანდეს, რაც "ვეკია სენიორას" ტიფოზთა ნაწილმა გააპროტესტა. ამ ნომრით თავის დროზე მიშელ პლატინი ასპარეზობდა, შემდეგ რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერომ კი მთელი ეპოქა შექმნა - ამ ყველაფრის შემდეგ 10-იანის ტევესისთვის გადაცემა ბევრს არ მოეწონა, მაგრამ უკმაყოფილოებს არსებულ რეალობასთან შეგუება მოუწევთ...

კარლიტო 10 ნომრით ითამაშებს, გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ამ ყველაფერზე ჟურნალისტებს "იუვენტუსის" მმართველი დირექტორი ჯონ ელკანი ესაუბრა...

- ლორენტე და ტევესი "იუვეს" ფეხბურთელები არიან. კიდევ ეძებთ თავდამსხმელს?
- ძებნით ნაკლებად, მაგრამ თუ საინტერესო ვარიანტი გამოჩნდა, აუცილებლად განვიხილავთ. რაც უფრო მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი იქნება გუნდში, მით უკეთესი, თუმცა ზღვარი არსებობს და ესეც ფაქტია.

- რას ელით ფერნანდო ლორენტესგან?
- იმას, რასაც გულშემატკივართა უმეტესობა. ფერნანდოს უდიდესი შესაძლებლობები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ "იუვენტუსში" საუკეთესო კუთხით წარმოჩინდება. თუმცა, ამ თემაზე უკეთ ალბათ ანტონიო კონტე ისაუბრებს. ვიცი, რომ მწვრთნელი ესპანელზე დიდ იმედებს ამყარებს.

- დიდი ამბავი ატყდა კარლოს ტევესისთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემის თაობაზე...
- გულშემატკივართა ნაწილს სურვილი აქვს, რომ 10 ნომერი კედელზე ჩამოვკიდოთ და ის ალესანდრო დელ პიეროს საკუთრებაში გადავიდეს. სიმართლე გითხრათ, ამას არ ვეთანხმები, რადგან მგონია, რომ ნებისმიერი ახალი ფეხბურთელისთვის ამ ნომრით თამაში განსაკუთრებული პატივი და სტიმული იქნება. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოვაკლოთ ეს სტიმული ახალ მოთამაშეებს, ეს ხომ ისევ დელ პიეროს დაფასებაა.

- კიდევ რა გეგმები გაქვთ სატრანსფერო ბაზარზე?
- რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და შედეგებს მალე გაიგებთ. გვსურს თითო მცველი და ნახევარმცველი დავიმატოთ. ოგბონა? - დიახ, მცველში სწორედ ანჯელო ვიგულისხმე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ბუფონი 40 წლამდე
იტალიურ სპორტულ პრესაში მეტად საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ტურინული კლუბი ჯანლუიჯი ბუფონისთვის ახალი ხელშეკრულების გამზადებას აპირებს, რომელიც 2018 წლამდე იქნება გათვლილი (!). დიახ, 5-წლიანი კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ ჯიჯი, არც მეტი, არც ნაკლები, 40 წლის იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია ტურინელებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ჯიჯის აგენტმა სილვანო მარტინასიმ მეტად საგულისხმო რამ თქვა:

"ბუფონი 40 წლამდე? - რატომაც არა, ეს სავსებით შესაძლებელია. ხომ გახსოვთ, რა ასაკში გახდა დინო ძოფი მსოფლიოს ჩემპიონი? - ანალოგიური შედეგის ჩვენება ბუფონსაც შეუძლია. ამ თემაზე ნალაპარაკები მაქვს მასთან და ვიცი, რომ არც თვითონ გამორიცხავს 40 წლამდე თამაშს. მეტსაც გეტყვით, მისი სურვილი კარიერის 2018 წლის მუნდიალით დასრულებაა და იმედია, ეს ასეც მოხდება. იტალიის ნაკრები აღმავლობის გზას ადგას და ჯიჯის სურვილია, რომ ამ მზარდი გუნდის ნაწილი კიდევ დიდხანს იყოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურინის "იუვენტუსმა" ფერნანდო ლორენტე წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული