იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასზე იტალიის ნაკრების ასპარეზობა დადებითად შეფასდა და ჩეზარე პრანდელიც უფრო აქეს, ვიდრე აკრიტიკეს.

თუმცა, "სკუადრა აძურას" რომ პრობლემებიც აქვს და მას აღმოფხვრა სჭირდება, ეს ცალსახაა და ამას, პირველ რიგში, თვითონ მწვრთნელი აღიარებს.

იტალიაში დაბრუნებულმა პრანდელიმ ჟურნალისტებს ანგარიში ჩააბარა, რასაც კითხვა-პასუხის ფორმატით გთავაზობთ...

- კმაყოფილი ხართ გუნდის ასპარეზობით?
- ხარვეზი ბევრი გვქონდა და ეს ყველამ ერთად ვნახეთ, მაგრამ მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, დაცვა ხშირად ცდებოდა და სხვა რგოლებშიც იყო პრობლემები, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, გუნდი თავდაჯერებული
იყო და არავის არაფერი დაუთმო.

- ალბათ, დარწმუნდით, რომ 3 მცველით თამაში უკეთესია...
- დაცვის ხაზში, ძირითადად, "იუვენტუსის" ფეხბურთელები თამაშობენ და რადგან წლებია ტურინული გრანდი 3 მცველით ირჯება, ჩვენც აღნიშნული სქემა გამოგვადგა. დიახ, შეცდომა იყო საწყის პაექრობებში 3 მცველზე უარის თქმა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ 4-მცველიან ტაქტიკას საერთოდ არ გამოვიყენებ.

- ყველაზე მეტად, ალბათ, ესპანეთთან თამაში გეამაყებათ...
- ესპანეთთან პირველი ტაიმი საოცრად კარგად ჩავატარეთ და, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ მრისხანე მეტოქე. შემდეგ გათანაბრდა თამაში და დამატებითში უკვე პირინეელები ფლობდნენ უპირატესობას. ბრაზილიასთან შეხვედრაში პირიქით მოხდა, რადგან იქ უფრო პირველ ტაიმში გაგვიჭირდა და მეორეში მოვუმატეთ. იყო პერიოდი, როდესაც ესპანეთსაც და ბრაზილიასაც ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ "სკუადრა აძურას" დიდი პოტენციალი აქვს.

- ყველაზე დიდი შეცდომა სად დაუშვით?
- ბრაზილიაში ოთხი თავდამსხმელით წასვლა აშკარად შეცდომა იყო და სამომავლოდ, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მით უმეტეს, კლასიკური ფორვარდი მხოლოდ ორი გვყავდა: მარიო ბალოტელი და ალბერტო ჯილარდინო. მარიოს დაშავების შემდეგ გუნდში, პრაქტიკულად, ერთი ცენტრფორვარდი დარჩა, რომელსაც უდიდესი ჯაფა დაადგა. ჯილარდინო არ იყო მზად, ესპანეთთან და ურუგვაისთან 120 წუთი ეთამაშა... ფაქტია, შეტევაში მეტი არჩევანი უნდა მქონოდა.

- ნაკრების ბირთვი უცვლელი დარჩება?
- ძირითადი ბურთვი შერჩეულია, მაგრამ ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს. სულ ახლახან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა, სადაც "აძურინიმ" შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. აქვე შემიძლია ჩამოვთვალო ის სამი ფეხბურთელი, რომლებსაც ეროვნული გუნდის უახლოესი შეხვედრისთვის მოვიაზრებ: მარკო ვერატი, ალესანდრო ფლორენცი, ლორენცო ინსინიე.

- ბრაზილიაში თითქმის ყველას მიეცა თავის გამოჩენის შანსი. ვინ გაამართლა გაცემული ავანსები და ვინ გაგიცრუათ იმედი?
- ფეხბურთელთა დიდი ნაწილი იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში არ იყო და შეცდომებიც მეტწილად ამის ბრალი გახლდათ. მაგალითად, ანდრეა ბარძალის ძალიან გაუჭირდა და ბოლო თამაშებში აღარც უთამაშია. სამაგიეროდ, ანტონიო კანდრევამ აღმაფრთოვანა, რადგან გრძელი და რთული სეზონის შემდეგ სანაკრებო შეკრებაზე იდეალურ ფორმაში გამოცხადდა. სამხრეთ ამერიკაში წაყვანილი უკლებლივ ყველა ფეხბურთელი დამჭირდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

- ამბობენ, რომ კლიმატური პირობების გამო ბრაზილიაში თამაში რთულია...
- კლიმატი ევროპისგან განსხვავებულია, რაც მასპინძლებს დამატებით უპირატესობას აძლევს. ურუგვაისთან და იაპონიასთან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან იმ დღეებში განსაკუთრებულად ცხელოდა. ბრაზილიაში მიღებული გამოცდილება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დიდ სამსახურს გაგვიწევს, ეს ტურნირი ამ მხრივაც მეტად მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: ვულოცავ იტალიის ნაკრებს კარგ თამაშს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული