ედინსონ კავანის საგა გრძელდება - ახლა პარიზი!

AutoSharing Option
ედინსონ კავანის სატრანსფერო საგა გრძელდება და პერიოდულად, ახალი ცნობები ვრცელდება. 26 წლის ურუგვაელის გადაბირებას სამი კლუბი ცდილობს: მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩელსი" და პსჟ. ბოლო პერიოდში მადრიდელები კარლო ანჩელოტის გადაყვნენ და კავანისთვის ვერ მოიცალეს, ფრანგები და ინგლისელები კი მძაფრ კონკურენციაში არიან...

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-ის მესვეურებმა ნეაპოლელებს ოფიციალური წინადადებით მიმართეს და კავანის დათმობა 50 მილიონ ევროდ შესთავაზეს. ამ თემას პარიზული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანიც გამოეხმაურა:

"ვიცი, რომ ჩვენი კლუბის მესვეურები კავანის გადაბირებას ლამობენ და მჯერა,
მიზანს მიაღწევენ. ურუგვაელი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და იმედია, ეს ასეც მოხდება. ედინსონის თამაშს კონფედერაციათა თასზე მივადევნე თვალი და დავრწმუნდი, რომ უმაღლესი კლასის ფორვარდია. კავანი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემის ხილვა ერთ რამედ ღირს და ამად არის, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებს ყურადღებით ვადევნებ თვალს".

პარიზელებს იმედი აქვთ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი დათმობაზე წავა და კავანის ფასს 13 მილიონით გააიაფებს... შეგახსენებთ, რომ ედინსონის საბაზრო ღირებულება 63 მილიონი ევროა. სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს თავად აურელიო დე ლაურენტისის სიტყვები:

"თუ რომელიმე კლუბი 63 მილიონ ევროს გადაიხდის, უბრალოდ, ვალდებულნი ვიქნებით, კავანი გავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩვენთან დარჩება და კარიერას ნეაპოლში გააგრძელებს. ფულის აღება რომ მინდოდეს, 50 მილიონსაც დავთანხმდებოდი, მაგრამ ჩემი ინტერესი სწორედაც რომ ედინსონის შენარჩუნებაა. ამიტომ ფეხბურთელს იქამდე არ გავყიდი, სანამ ამას ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მუხლი არ დამავალებს".

არც ლონდონში სძინავთ
ამასობაში "ჩელსის" მესვეურები გააქტიურდნენ და თვითონ კავანის შეუტიეს - მიზანი გასაგებია, ედინსონმა თვითონ უნდა აიტეხოს ლონდონურ გუნდში გადაბარგება და ნეაპოლელები ფასის დაგდებაზე დაითანხმოს. პსჟ-ის არ იყოს, "არისტოკრატებსაც" 50 მილიონი აქვთ გამზადებული, თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი: 30 მილიონი და სანაცვლოდ ფერნანდო ტორესი.

რაც შეეხება თავად კავანის მოხიბვლას, საქმე ისევ და ისევ კოლოსალურ თანხებს ეხება - "გაძეტას" მტკიცებით, ლონდონელები ურუგვაელს სეზონში 9 მილიონ ევროს ჰპირდებიან, ანუ დაახლოებით სამჯერ მეტს, ვიდრე ნეაპოლში იღებს. ერთი სიტყვით, ედინსონზე დიდი ტაციაობაა, "ნაპოლის" მესვეურთა მოთხოვნა კი ჯერჯერობით უცვლელია: 63 მილიონი ევრო.

"ნაპოლი" იოვეტიჩს ეპატიჟება
როგორც ჩანს, კარლოს ტევესის გადაბირებამ ტურინელებს საბოლოოდ ააღებინა ხელი სტევან იოვეტიჩის გადაბირებისგან. 3 ივლისს იტალიელ ჟურნალისტებს "ვეკია სენიორას" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გაესაუბრა და განაცხადა, რომ 23 წლის ჩერნოგორიელ ფორვარდს ტურინულ გრანდში არ უნდა ველოდოთ:

"მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაიშალა. ფლორენციელები არავითარ დათმობაზე არ წამოვიდნენ, ასეთ პირობებში კი კონსენსუსამდე მისვლა წარმოუდგენელია. "იუვეს" საკმარისად ძლიერი თავდასხმა ჰყავს და როგორმე სტევანის გარეშეც გავალთ ფონს. იოვეტიჩს ერთადერთ შემთხვევაში დავიმატებთ, თუ ფლორენციელები მას უფასოდ გამოუშვებენ".

ერთ-ერთი ვერსიით, ფლორენციელებმა ტურინელებთან მოლაპარაკება ჩიხში განგებ შეიყვანეს, რადგან იოვეტიჩის მიმართულებით "ნაპოლი" გააქტიურდა. ამბობენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი უკვე მზადაა, სტევანში 27 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც მოთხოვნილზე მხოლოდ 3 მილიონით ნაკლებია. ითქვა ისიც, რომ ნეაპოლელები იოვეტიჩს 5-წლიან კონტრაქტს და სეზონურად 2.5 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლონდონის "ჩელსი" ედინსონ კავანის წელიწადში 9 მილიონ ევროს სთავაზობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული