"ნაპოლი": აურელიო დე ლაურენტისი მარკო ვერატის არ ეშვება

AutoSharing Option
მართალია, ედინსონ კავანის პსჟ-სთან ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ კარიერას რომ ფრანგულ გუნდში გააგრძელებს, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. აქამდე ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მხოლოდ თანხაზე საუბრობდა და 63 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიდა, თუმცა აზრი შეიცვალა და პარიზიდან მარკო ვერატის გადაბირება განიზრახა - ანუ, "ნაპოლის" პრეზიდენტის ჩანაფიქრით, 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი პსჟ-სთან გარიგების ნაწილი უნდა გახდეს. ლაპარაკია 15 მილიონ ევროზე, რომელიც 63 მილიონს გამოაკლდება. აღნიშნულ ცნობას თვით "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ადასტურებს:

"ვერატის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გვსურდა,
მაგრამ მაშინ "პესკარა" პსჟ-ი
ს შეთავაზებას დათანხმდა. ჩვენ მხოლოდ 5 მილიონით ნაკლებს ვიხდიდით, მარკოს კი ერთი წლით "პესკარაში" ვტოვებდით. დასრულდა თუ არა სეზონი, "დელფინების" პრეზიდენტმა მაშინვე მითხრა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა - ვერატისთან ერთად, "პესკარას" გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა. მარკოს გადაბირება ჩვენი პრიორიტეტული მიზანია, ფრანგებს კონკრეტული წინადადებით მივმართეთ და იმედია, შეთანხმება შედგება".

კალეხონი ნეაპოლელია
ამასობაში ნეაპოლელებმა კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხეს, რომლის თანახმადაც, მომდევნო სეზონიდან "ნაპოლის" ღირსებას ხოსე კალეხონი დაიცავს. 26 წლის შემტევმა ბოლო ორი სეზონი მადრიდის "რეალში" გაატარა, 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, კალეხონის სანაცვლოდ იტალიელები 10 მილიონ ევროს გადაიხდიან, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 3.5 მილიონი ევრო იქნება.

კიდევ ერთი ესპანელი?
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელები კიდევ ერთ მადრიდისტას, რაულ ალბიოლს უმიზნებენ. გასულ სეზონში, 27 წლის მცველი მხოლოდ 14-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდის გამოცვლა სურს. აქამდე მისი გადაბირება მადრიდის "ატლეტიკოს" და "ვალენსიას" სურდათ, მათ რიცხვს კი "ნაპოლიც" დაემატა.

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, თვითონ ფეხბურთელს ნეაპოლური ვარიანტი ხიბლავს, რადგან გარემოს გამოცვლა და ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა სურს. მთავარია, შეთანხმებას კლუბებმა მიაღწიონ, აქ კი ბევრი კითხვის ნიშანია... გასულ ზაფხულს ალბიოლმა სამეფო კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მადრიდელები რომ მას იოლად არ დათმობენ, ცხადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსე კალეხონი "ნაპოლისთან" 4-წლიან კონტრაქტს აფორმებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული