ესპანელები იტალიაში - კალჩოს ახალი ინტრიგა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთს ფინანსურად არ ულხინს და პრობლემებიც თავზესაყრელია, გუნდები მაინც ძლიერდებიან და საინტერესო ტრანსფერებიც იჩარხება. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ამ ზაფხულს სერია A-ს უფრო ემატებიან ექსტრა-კლასის ფეხბურთელები, ვიდრე აკლდებიან. ეს კი, უდავოდ, კარგი ამბავია.

თითქოს კალჩომ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა და გამოიღვიძა, რაც იტალიის ჩემპიონატისადმი ინტერესს უთუოდ გაზრდის.

აპენინური კლუბები ესპანელ ფეხბურთელებს დაერივნენ და ქვემოთ სწორედ ამ თემას გავშლით. ესპანელი ფეხბურთელები იტალიაში - ცალკე თემაა და მასზე ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა თუ გახსენება შეიძლება. ტრადიციულად, პირინეელები ვერ
ამართლებდნენ აპენინებზე და ეს თემა ხშირად აქტიური განხილვის საგანია...

შორეული წარსული
გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იტალიაში ორი ესპანელი ირჯებოდა: ლუის სუარესი და ლუის დელ სოლი. პირველი "მილანის" და "სამპდორიას" ღირსებას იცავდა, ხოლო მეორე "იუვენტუსის" და "რომას". თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე სწორედ ისინი არიან ყველაზე წარმატებული ესპანელები იტალიაში.

ლუის სუარესმა იტალიაში 319 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა, ლუის დელ სოლის ანგარიშზე კი 278 მატჩი და 24 გოლია. ორივე შემტევი ნახევარმცველი იყო და იმდროინდელ იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას შემდეგ ესპანელებს იტალიაში აღარ უმართლებდათ და სტერეოტიპიც ჩამოყალიბდა, რომ პირინეელ მოთამაშეებს აპენინებზე არაფერი ესაქმებათ.

მართალია, იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია სხვებსაც უჭირთ, თუნდაც ინგლისელებს, მაგრამ ეს სადღაც გასაგები და ლოგიკურია - სულ სხვა გარემო, კლიმატი, კულტურა და ცხოვრების წესი... აი, ესპანელებს და იტალიელებს შორის კი ბევრი საერთოა, ენებიც ჰგავს ერთმანეთს და თითქოს ადაპტაციაც არ უნდა იყოს განსაკუთრებული პრობლემა. თუმცა რეალობა სხვაგვარია...

90-იანები და ზემოთ...

იტალიური კლუბები ესპანელებს გასული საუკუნის მიწურულს მიუბრუნდნენ და ამით მხოლოდ წააგეს. სწორედ ამ მაგალითებით მივიღეთ სტერეოტიპი, რომ ესპანელი ფეხბურთელი კალჩოს ვერ ერგება. გახსოვთ გილერმო ამორი? - მთელი 10 წელი ითამაშა "ბარსელონაში", ესპანეთის ნაკრების ფორმა კი 37-ჯერ მოირგო...

გილერმო "ფიორენტინაში" დიდი იმედებით ჩაიყვანეს, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა - ორ სეზონში ამორმა მხოლოდ 24 შეხვედრა გამართა, გოლი საერთოდ არ გაუტანია და სამშობლოში შერცხვენილი დაბრუნდა. დაახლოებით იმავე დროს "ლაციოში" ივან დელა პენია გადაბარგდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პლეიმეიქერი პირინეული ფეხბურთის ისტორიაში.

დელა პენია რომაულ კლუბს მთელი 4 წელი ჰყავდა, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა გუნდში ანათხოვრებდა - მთლიანობაში, ივანმა "ბიანკოჩელესტეს" მაისური 15-ჯერ მოირგო და გოლი არ გაუტანია.

2000-03 წლებში "მილანმა" ხოსე მარის ტრანსფერი გაჩარხა და მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი დამრტყმელი ძალა წაართვა. სამ სეზონში ესპანელმა 52 მატჩი გამართა "როსონერის" მაისურით და მხოლოდ 5 გოლი შეაგდო. იმავე პერიოდში, ოღონდ ერთი წლით, "მილანში" კიდევ ერთი ესპანელი, ხავი მორენო გადავიდა, რომელმაც 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. იყო თამაშები, როდესაც "როსონერი" ხავი მორენო-ხოსე მარის ტანდემით ირჯებოდა, მაგრამ დადებითი შედეგი ამას არ მოჰყოლია.

2000-05 წლებში "ინტერში" ფარინოსი თამაშობდა, რომლის ანგარიშზეც 49 იტალიური მატჩი და 2 გოლია. ვერ ვიტყვით, რომ ფარონისს "ნერაძურისთვის" სარგებელი არ მოუტანია, მაგრამ მისგან აშკარად მეტს ელოდნენ.

ცოტა უფრო ადრე, კერძოდ, 1997 წლის ზაფხულში, "რომამ" ივან ელგერა გადაიბირა, რომელიც იმ დროს "ალბასეტეში" ბრწყინავდა და მასზე ესპანური გრანდებიც ნადირობდნენ. ელგერას რომაული კარიერა წარუმატებელი გამოდგა, მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა და ერთი წლის თავზე სამშობლოში დაბრუნდა. თუ იქამდე იტალიელები უფრო შემტევებს ეტანებოდნენ, ელგერას სახით მცველიც მოსინჯეს, მაგრამ არც ამან გაამართლა.

მთელი ამ ისტორიის კულმინაციად კი გაისკა მენდიეტას ტრანსფერი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც "ვალენსიადან" "ლაციოში" სუპერვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა. იტალიელებმა მასში 40 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს, წლიურ გასამრჯელოდ კი ასტრონომიული თანხა დაუნიშნეს. შედეგად, გაისკამ 20 შეხვედრა გამართა "ბიანკოჩელესტეს" შემადგენლობაში და გოლი საერთოდ არ გაუტანია. ამის შემდეგ კარგა ხანი იტალიელებს ესპანური ბაზრისკენ არ გაუხედავთ...

გარღვევა
ბოლო წლებში მსოფლიო ფეხბურთში ესპანელთა სრული დომინირებაა და რა გასაკვირია, რომ პირინეელ ფეხბურთელთა მიმართ იტალიელებმაც გამოხატეს ინტერესი.

თუ 2008-09 წლებში სერია A-ში არც ერთი ესპანელი არ თამაშობდა, მომდევნო სეზონში მათი რიცხვი უკვე ოთხს შეადგენდა, კიდევ ერთ წელში კი რაოდენობამ ათს მიაღწია. და მაინც, ესპანელებს არ გამოსდიოდათ იტალიურ კლუბებში თავის დამკვიდრება და ერთ-ერთ მაგალითად ბოიან კრკიჩი შეგვიძლია დავასახელოთ - ჯერ "რომაში" ვერ დაიმკვიდრა ადგილი, შემდეგ კი "მილანში" ჩაიკარგა.

ვერც მწვრთნელმა გაამართლა - ლუის ენრიკემ "რომასგან" ახალი "ბარსელონას" შექმნა გადაწყვიტა და არაფერი გამოუვიდა. მოკლედ, ტრადიცია გაგრძელდა, ნავსი კი თურმე კაშკაშა ვარსკვლავს სულაც არ უნდა გაეტეხა...

გასულ ზაფხულს "ფიორენტინას" მესვეურებმა გარისკეს და "ვილიარეალიდან" ბორხა ვალერო გადაიბირეს. ესპანელი მალევე მოერგო ფლორენციულ გუნდს, თავისი ადგილი დაიკავა მოედნის ცენტრში და ლიდერობაც კი აიღო თავის თავზე. გასულ სეზონში ბორხა ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახლდათ მთელ ჩემპიონატში, არაერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი შედეგიანი დარტყმაც მიითვალა აქტივში. ესპანელმა ლომის წილი დაიდო იმაში, რომ "ვიოლა" ბოლო ტურამდე იბრძოდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

როგორც ჩანს, ბორხა ვალეროს მაგალითმა იტალიური კლუბები წაახალისა და ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ ესპანურ ბაზარზე. იმავე "ფიორენტინაში" ხოაკინ სანჩესი და მარკოს ალონსო ითამაშებენ. "იუვენტუსში" ფერნანდო ლორენტე გადაბარგდა და არის ეჭვები, რომ მას ალვარო ნეგრედო შეუერთდება. "ნაპოლიში" ხოსე კალეხონი ითამაშებს და მის გზას შესაძლოა რაულ ალბიოლიც დაადგეს. ესპანური ბაზრით "მილანი" და "ინტერიც" არიან დაინტერესებულნი, რაც ალბათ პირინეელთა სარეკორდო რაოდენობას მოგვცემს იტალიის ელიტარულ დივიზიონში.

ესეც კალჩოს ახალი სეზონის დამატებითი ინტრიგა - დაიპყრობენ ესპანელები აპენინის ნახევარკუნძულს თუ ბორხა ვალერო გამონაკლისად დარჩება?

საინტერესო ფრაზები
გაისკა მენდიეტა: "იტალიურ ფეხბურთს არაფერი აქვს საერთო ესპანურთან. კალჩოში მთავარი ტაქტიკური სქემებია, რომელმაც დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს. ჩვენ, ესპანელებს ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ საუკეთესო დაცვა ბურთის მეტოქის ნახევარზე კონტროლია, იტალიაში კი უბურთოთ სირბილი გაუთავებლად შეუძლიათ. ეს ორი სხვადასხვა კულტურაა, სხვადასხვა ფილოსოფია".

ივან დელა პენია: "გამიჭირდა თუ არა იტალიურ ფეხბურთთან შეგუება? - ვინ გითხრათ, რომ შევეგუე?"

ლუის ენრიკე: "იტალიური ფეხბურთი სრულიად სხვა სამყაროა და რაც მთავარია, ძალიან საინტერესო. ვნანობ, რომ სერია A-ში არასდროს მითამაშია, რადგან შემტევმა საკუთარი თავი სწორედ ამ საგიჟეთში უნდა გამოსცადოს".

ყველაზე წარმატებული ესპანელები იტალიაში

ლუის სუარესი (ინტერი/სამპდორია 1961-73) - 319 მატჩი, 51 გოლი
ლუის დელ სოლი (იუვენტუსი/რომა 1962-72) - 278 მატჩი, 24 გოლი
ბორხა ვალერო (ფიორენტინა 2012-...) - 37 მატჩი, 1 გოლი

ყველაზე წარუმატებელი ესპანელები იტალიაში

გაისკა მენდიეტა (ლაციო 2001-02) - 20 მატჩი, 0 გოლი
ივან დელა პენია (ლაციო 1998-02) - 15 მატჩი, 0 გოლი
ხოსე მარი (მილანი 1999-2002) - 52 მატჩი, 5 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული