გოლები, გოლები, გოლები: მარიო გომესის გარდა, ყველამ გაიტანა

AutoSharing Option
სერია A-ს გუნდები აგრძელებენ ამხანაგური მატჩების გამართვას და კოლოსალური ანგარიშებით მოგებას. მაგალითად, ის, რაც "კატანიამ" თავის მეტოქეს დამართა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება:

სიცილიელებმა სამოყვარულო გუნდს 25 უპასუხო გოლი მიართვეს, ფეხბურთელებმა კი ხუთ-ხუთი და ექვს-ექვსი გოლი გაიტანეს. მოკლედ, "კატანიას" ნამეტანი მოუვიდა, დანარჩენზე კი ქვემოთ...

უგოლო გომესი
"ფიორენტინა" "ტრენტინოს" შეხვდა და მეტოქეს 9 გოლი გაუტანა. აქედან სამი ჯუზეპე როსის, ხოლო ოთხი ადემ ლიაიჩის ანგარიშზეა. სასტარტო შემადგენლობაში იყო მარიო გომესი, მაგრამ მოედანი უგოლოდ დატოვა. არადა, გერმანელზე მთელი გუნდი მუშაობდა - პირველი ტაიმის ბოლოს
მეტწილად მარიოს ტვირთავდნენ შუახაზელები, მაგრამ იმ დღეს გოლის გატანა არ ეწერა. მოკლედ, გომესს არცთუ სახარბიელო დებიუტი გამოუვიდა და ნამატჩევს თავის მართლებაც მოუწია - იდეალური ფორმისგან შორს ვარ, თუმცა მალე ავთამაშდებიო.

ვინჩენცო მონტელამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო სეზონშიც სწორედ ამ სქემას დაეყრდნობა. სამოყვარულო გუნდთან კიდევ სამმა ახალწვეულმა ითამაშა: მასიმო ამბროზინიმ, მარკოს ალონსომ და ხოაკინ სანჩესმა.
მიუხედავად იმისა, რომ "ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩმა დატოვა, გუნდი აშკარად გაძლიერებულია და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს არსებულ რესურსს ვინჩენცო მონტელა.

"მილანმაც" დაიწყო
ახალი სეზონისთვის მზადება "მილანმაც" დაიწყო და მალევე პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლომბარდიული გრანდის მეტოქე "პორგოლეტეზე" გახლდათ, რომელმაც საპატიო გოლი გაუტანა მრისხანე მეტოქეს. "როსონერიმ" ხუთი შეაგდო, დუბლი კი არავის გაუხერხებია. თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, ყველაზე აქტიური რობინიო იყო, რომელსაც როგორც ჩანს, კლუბთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება მოუხდა. ცნობისთვის, ბრაზილიელმა "მილანს" ბედი 2016 წლამდე დაუკავშირა.

ვთქვათ ისიც, რომ "როსონერი" ჯერჯერობით იტალიის ნაკრების ფეხბურთელების გარეშე ემზადება - ამიტომ სამოყვარულო გუნდთან მარიო ბალოტელის, სტეფან ელ შაარავის, ინაციო აბატეს, მატია დე შილიოს და რიკარდო მონტოლივოს არ უთამაშიათ. ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმ შეგირდები შეაქო და დასძინა, პირველი მატჩისთვის ურიგო თამაში ნამდვილად არ იყოო.

უფრო რთულად...
"უდინეზემ" სამოყვარულო გუნდებთან თამაშზე უარი თქვა და ინგლისურ "ქუინს პარკ რეინჯერსს" ეკვეთა. ფრიულელებმა მეტოქეზე უკეთ წარმართეს შეხვედრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს - 2:1. უდინელებს სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ უაქტიურიათ და ამიტომ ფრანჩესკო გვიდოლინს ძველი შემადგენლობა ჰყავს შეკრებაზე. ინგლისელთა წინააღმდეგ ანტონიო დი ნატალეს არ უთამაშია, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონია.

შედარებით რთული მატჩი ჰქონდა "ლაციოსაც", რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, "ბრაზილიას" შეხვდა. დიახ, "ბიანკოჩელესტეს" მეტოქე "ბრაზილ ფუტბოლ თიმი" იყო, რომელმაც მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში 1:1 იყო, თუმცა შემდეგ რომაელებმა მოუმატეს და სამი გოლი გაიტანეს.

გოლებიდან ორი ედერსონმა შეაგდო, თითო კი კეიტამ და კანამ. მთელი მეორე ტაიმი ითამაშა მიროსლავ კლოზემ, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ პეტკოვიჩმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ფორმის პიკზე სექტემბრის დასაწყისში ავა.

ამხანაგური მატჩები

ფიორენტინა-ტრენტინო 9:0
გოლები: 1:0 როსი (1), 2:0 პასკუალი (11), 3:0 როსი (24), 4:0 როსი (35), 5:0 ლიაიჩი (49), 6:0 ლიაიჩი (63), 7:0 ლიაიჩი (72), 8:0 იაკოვენკო (82), 9:0 ლიაიჩი (90).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო (46. ლუპატელი) - რონკალია (46. კასანი), კომპერი (46. ოლივერა), ჰეგაზი (46, ტომოვიჩი), პასკუალი (46. ვესინო) - ამბროზინი (46. რომულო), პისარო (46. ბაკიჩი), ბორხა ვალერო (46. ვოლსკი) - ხოაკინი (46. ალონსო), როსი (46. იაკოვენკო), გომესი (46. ლიაიჩი).

მილანი-პერგოლეტეზე 5:1
გოლები: 1:0 ტრაორე (19), 2:0 ემანუელსონი (30), 3:0 რობინიო (32), 4:0 კ. პ. ბოატენგი (61), 5:0 პეტანია (75), 5:1 (89).
მილანი (4-3-3): გაბრიელი (46. ანდრენაჩი) - ძაკარდო (46. შტრასერი), ბონერა (46. მექსე), საპატა (46. ოდუამადი), ანტონინი (46. კონსტანტი) - ტრაორე (46. ანეკანი), დე იონგი (46. კრისტანტე), ნოჩერინო (46. პიჩინიკო) - ემანუელსონი (46. კინგსლი ბოატენგი), ნიანგი (46. პეტანია), რობინიო (კ. პ. ბოატენგი).

ლაციო-ბრაზილია 4:1
გოლები: 1:0 ედერსონი (15), 1:1 (49), 2:1 კეიტა (50), 3:1 ედერსონი (55), 4:1 კანა (67).

უდინეზე-ქუინს პარკ რეინჯერსი 2:1
გოლები: 1:0 ბასტა (48), 2:0 ნალდო (60), 2:1 საზერლენდი (68).

ბოლცანო-ბოლონია 0:11
გოლები: 0:1 ბიანკი (20), 0:2 ბიანკი (24), 0:3 ბიანკი (36), 0:4 ხრისტოდულოპულოსი (38), 0:5 ვერატი (48), 0:6 რივეროლა (57), 0:7 დელა როკა (59), 0:8 მორლეო (62), 0:9 რივეროლა (67), 0:10 რივეროლა (76), 0:11 მოსკარდელი (85).

კატანია-მეტერა აუგუსტა 25:0
გოლები: ლეტო (7, 11, 22, 30), ბერგესიო (9, 24, 28, 33, 38), გომესი (13), ბარიენტოსი (16), ალმირონი (40), ლეგროტალიე (42), დუკარა (44, 51, 56, 58, 61, 67), ბარიშიჩი (49, 80), ფრეირა (52, 65, 68), კაბალსეტა (69).

სტუბაი-ჯენოა 0:8
გოლები: 0:1 კონატე (12), 0:2 სანტანა (22), 0:3 კონატე (30), 0:4 ლოდი (33), 0:5 კონატე (34), 0:6 კონატე (55), 0:7 მარტინესი (60), 0:8 სოპრანო (67).

სამპდორია-ლუჩენტო 7:0
გოლები: 1:0 გაბიადინი (22), 2:0 რეჯინი (30), 3:0 ობიანგი (37), 4:0 რენანი (51), 5:0 გენცოღლუ (57), 6:0 სანსონე (75), 7:0 რენანი (90).

ბორმეზე-ტორინო 0:10
გოლები: 0:1 იმობილე (9), 0:2 მეჯორინი (20), 0:3 გლიკი (21), 0:4 იმობილე (31), 0:5 იმობილე (32), 0:6 მეჯორინი (39), 0:7 მორეტი (47), 0:8 ვივესი (73), 0:9 იმობილე (80), 0:10 ბელომო (88).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული