- "მილანი" თითქმის არავის ყიდულობს და ეს იმ ფონზე, როდესაც კონკურენტები ძლიერდებიან...
- საკმარისად ძლიერი შემადგენლობა გვყავს იმისთვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ამიტომ სხვებივით აქტიურნი არ ვართ. ექსტრა-კლასის ფეხბურთელები ნამდვილად არ გვაწყენდა, მაგრამ მათი გადმობირების ფინანსური რესურსი არ გვაქვს. ამ მხრივ, "იუვენტუსს" და "ნაპოლის" უკეთესი მდგომარეობა აქვთ.
- ალბათ, იმავეს იტყვით "რომაზე",
- კევინის გადმოყვანა ძალიან გვინდოდა, რადგან მას ჯერ კიდევ ორი წლის წინ დავადგით თვალი. წამოვიწყეთ კიდეც მოლაპარაკება ჰოლანდიელებთან, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. სტროტმანში 20 მილიონი ევრო მოითხოვეს, ასეთ თანხას კი ვერ გადავიხდიდით. ჩვენი უმთავრესი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება იყო, რასაც აუცილებლად მივაღწევთ.
- ანუ სტეფან ელ შაარავი არ გაიყიდება...
- ელ შაარავის სანაცვლოდ ევროპული გრანდები კოლოსალურ თანხებს იხდიდნენ, მაგრამ მისი გაშვება აზრადაც არ მოგვსვლია. თუმცა იყო მაინც გარკვეული საფრთხე და ეს იმ შემთხვევაში, თუ "მილანიდან" წასვლას თავად მოისურვებდა. ასტრონომიულ ხელფასებს სთავაზობდნენ, მაგრამ გუნდის გამოცვლა აზრადაც არ მოსვლია. პირდაპირ მითხრა, რომ მილანური ხელფასი ჰყოფნის, მისთვის მთავარი ფასეულობა კი საყვარელ გუნდში თამაშია. ელ შაარავი "როსონერის" ტიფოზია და ეს ყველაფერზე ეტყობა.
- იყო ვერსია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას აპირებდით...
- გამორიცხულია, რადგან პსჟ-ში ზლატანს ასტრონომიულ თანხას უხდიან. იტალიის ჩემპიონატში დღეს არ მოიძებნება კლუბი, რომელიც ფეხბურთელს სეზონში 8 და 9 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ თანხად ნახევარი გუნდის შენახვა შეიძლება. სწორედ ანალოგიური მიზეზით ვთქვით უარი კაკას გადმობირებაზე, რომელიც "რეალში" კოლოსალურ თანხას იღებს.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ "მილანში" დაწყებული გაახალგაზრდავების პროცესი მძიმე ფინანსური რეალობით არის ნაკარნახევი და არა წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკით...
- ტრანსფერებისთვის ასტრონომიული თანხები რომ გვქონდეს, ნამდვილად არ ვიტყოდით უარს ვარსკვლავთა გადმობირებაზე, მაგრამ არც ეს შეუშლიდა ხელს გაახალგაზრდავების პროცესს. ბოლო წლებში სწორედ იმ გუნდებმა მიაღწიეს წარმატებებს, რომლებმაც თავის დროზე ახალგაზრდებსა და საკუთარი სკოლის აღზრდილებზე გააკეთეს აქცენტი.
- გამოდის, რომ "მილანისგან" ხმაურიან ტრანსფერებს აღარ უნდა ველოდოთ...
- სულ რაღაც ექვსი თვის წინ მარიო ბალოტელი გადმოვიყვანეთ და სოლიდური თანხაც გადავიხადეთ. ასე რომ, არც მთლად მასეა საქმე. საჭიროების შემთხვევაში, რესურსი გამოინახება, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელში ან ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდაში 20 და 30 მილიონ ევროს ვერ გადავიხდით.
- რა მიზნები აქვს "მილანს" მომდევნო სეზონში?
- ჩვენი უმთავრესი მიზანი სერია A-ს სამეულში მოხვედრაა, თუმცა სკუდეტოს მოპოვება რომ შეგვიძლია, ესეც ფაქტია. "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ძალიან გაძლიერდნენ, თუმცა პოზიციების დათმობას არც ჩვენ ვაპირებთ. წინ საინტერესო ჩემპიონატი გველის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანის და "მილანის" სატრანსფერო გეგმები