გონსალო იგუაინი უკვე ნეაპოლშია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლიონთან" ამხანაგური მატჩისთვის (წუხელ გაიმართა) შერჩეული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, სადაც გონსალო იგუაინის გვარს ვერ ამოიკითხავდით.

25 წლის არგენტინელი თავდამსხმელი უკვე ნეაპოლშია და როდესაც ამ ინფორმაციას კითხულობთ, ალბათ სამედიცინო შემოწმებაც გავლილი აქვს. კონტრაქტზე ხელმოწერას წინ არაფერი უდგას და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგუაინი "ნაპოლის" ფეხბურთელია.

ამრიგად, გონსალო მესამე მადრიდელია, რომელმაც ნეაპოლის გზას მიაშურა - აქამდე "რეალიდან" რაფაელ ბენიტესის გუნდში ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი გადაბარგდნენ. "ნაპოლი" იგუაინის წარდგენას 29 ივლისს გეგმავს.

ესპანელმა ესპანელი შეაქო
ამასობაში პრესასთან გასაუბრება "ნაპოლის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა, პეპე რეინამ განიზრახა და იგუაინის ტრანსფერსაც შეეხო:

"ბედნიერი ვარ, რომ კვლავაც რაფაელ ბენიტესთან მომიწევს მუშაობა, მწვრთნელთან, რომელსაც იდეალურად ვუგებდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაფა საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც აქამდე მიმუშავია. ნეაპოლში საოცრად კარგი ატმოსფერო დამხვდა, ყველა ფეხბურთზე საუბრობს და მომდევნო სეზონს ელოდება.

გავიგე, რომ გონსალო იგუაინის ტრანსფერიც გადაწყვეტილია, რამაც ძალიან გამახარა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ნაპოლი" შემადგენლობით ევროპულ გრანდებს უტოლდება. ვიცი, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება კიდევ იგეგმება და ეს ოპტიმიზმს მიღრმავებს. წინ საინტერესო და ემოციებით სავსე სეზონი გველის
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნაპოლი" და მადრიდის "რეალი" გონსალო იგუაინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული