"ნაპოლის" ახალი სამიზნე: ჯექსონ მარტინესი

AutoSharing Option
ორშაბათს ნეაპოლში დიდი ამბავია - "სტადიო სან პაოლოზე" შეკრებილ გულშემატკივრებს გუნდის ახალ ფორმას, ჰიმნს და რაც მთავარია, ფეხბურთელებს წარუდგენენ...

ამ ზაფხულს "ნაპოლის" უკვე დაემატნენ: დრის მერტენსი, ხოსე კალეხონი, რაულ ალბიოლი, რაფაელი, პეპე რეინა და გონსალო იგუაინი. ამ უკანასკნელმა სამედიცინო შემოწმება 25 ივლისს გაიარა და როგორც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერი მზადაა:

"ხელშეკრულებას მალე გავაფორმებთ, ორშაბათს კი გრანდიოზული პრეზენტაცია იგეგმება. გვსურს, გულშემატკივრებს ახალი ფეხბურთელები გავაცნოთ, ახალი ჰიმნი მოვასმენინოთ
და ახალი ფორმა წარვადგინოთ. კლუბის მენეჯმენტი დიდძალ სამუშაოს ასრულებს და მიხარია, რომ გულშემატკივრები ამას აფასებენ.

უამრავ შეტყობინებას ვიღებ, რაც დადებითი ემოციით მავსებს. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრეზენტაცია სულაც არ ნიშნავს სატრანსფერო კამპანიის დასრულებას. გუნდის გაძლიერება გრძელდება და აგვისტოს ბოლოს ალბათ კიდევ ერთ პრეზენტაციას გავმართავთ".

ახალი სამიზნე
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" მესვეურთა ახალი სამიზნე ჯექსონ მარტინესია. 26 წლის კოლუმბიელი ფორვარდი "პორტუს" ღირსებას იცავს და ამ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა.

გასულ სეზონში ჯექსონმა 30 მატჩი გამართა და 26 გოლი გაიტანა, რაც ბრწყინვალე შედეგია. იქამდე მექსიკური "ჩიაპასის" (58 მატჩი, 28 გოლი) და კოლუმბიური "ინდეპენდიენტეს" (136 მატჩი, 55 გოლი) ღირსებას იცავდა და გოლები ყველგან გაჰქონდა.

მოკლედ, მარტინესს საგოლე ალღო არ დაეწუნება და ბუნებრივია, რომ მასზე დიდი მოთხოვნაა.

ჯექსონის გადაბირების სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ პირინეელებმა კოლუმბიელში კოლოსალური თანხა: 40 მილიონი ევრო მოითხოვეს. ნეაპოლელები ამ თანხას არ შეუშინდნენ და მოლაპარაკება წამოიწყეს.

"გაძეტას" მტკიცებით, იტალიელები მზად არიან, კოლუმბიელის სანაცვლოდ დღესვე გადაიხადონ 32 მილიონი ევრო, თუმცა პორტუგალიელები პასუხს აგვიანებენ. ამასობაში, ნეაპოლელები თავად ფეხბურთელს შეეხმიანნენ და კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდნენ... ამ მხრივ, არავითარი პრობლემა არ ყოფილა და ჯექსონს იტალიაში გადაბარგების უდიდესი სურვილი გამოუთქვამს.

მოკლედ, გასარკვევი სატრანსფერო თანხაა და სადავო 8 მილიონი ევრო რჩება. წესით, მხარეებს კომპრომისამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეთ და შესაბამისად, ტრანსფერის ალბათობა მაღალია.

ბენიტესი ტრანსფერებზე
ამასობაში, იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გაესაუბრა და აქტუალურ თემებზე გაამახვილა ყურადღება...

სატრანსფერო კამპანია
კლუბის პრეზიდენტი, სპორტული დირექტორი და მთლიანად, ხელმძღვანელობა დიდ სამუშაოს ასრულებენ. ნათლად ვხედავ იმას, რის ხარჯზეც "ნაპოლიმ" ბოლო წლებში ასეთ პროგრესს მიაღწია. თუ კლუბის განვითარება ასეთი ტემპებით გაგრძელდა, "ნაპოლი" მალე ევროპული ფეხბურთის გრანდი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესში მეც ვარ ჩართული.

გონსალო იგუაინი
თუ სტატისტიკას გადახედავთ, ნახავთ, რომ გონსალო იგუაინს გოლის გატანის გამორჩეული ალღო და უნარი აქვს. ვფიქრობ, ედინსონ კავანის ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა და არგენტინელი მასზე გაცემულ ავანსებს სრულად გაამართლებს. გონსალოსგან ბევრ გოლს ველოდები და დარწმუნებული ვარ, ჩემი მოლოდინი გამართლდება.

სხვა ახალწვეულები
გუნდი ყველა რგოლში გაძლიერდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პეპე რეინას სახით, შესანიშნავი მეკარე გვყავს, რომლის შესაძლებლობებში 100%-ით ვარ დარწმუნებული; რაულ ალბიოლი დაცვას გაამაგრებს, დრის მერტენსი - შუა ხაზს, ხოსე კალეხონი კი შეტევას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ხოსე ძალიან ტექნიკურია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ცენტრში, ისე ფლანგზე. მოკლედ, ახალწვეულებზე დიდ იმედებს ვამყარებ.

ჯექსონ მარტინესი
ჯექსონს ჩემი დახასიათება ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ყველამ ვიცით, რომ გოლების მანქანაა. ვიცი, რომ მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული და ისღა დამრჩენია, შეთანხმებას ვუგულშემატკივრო. თვითონ ფეხბურთელს ნეაპოლში სურს წამოსვლა და ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

მარადონა იგუაინმა გაახარა
გონსალო იგუაინის "ნაპოლიში" გადასვლას ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა გამოეხმაურა. სანამ სიტყვას დიეგოს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ თავის საუკეთესო წლებში სწორედ ნეაპოლური გუნდის ღირსებას იცავდა და იტალიის სამხრეთის ამ საფეხბურთო ქალაქში მას დღემდე აღმერთებენ:

"ძალიან გამახარა გონსალო იგუაინმა, რომელმაც არჩევანი არა "იუვენტუსზე", არამედ "ნაპოლიზე" შეაჩერა. ამ ქალაქში საოცარი საფეხბურთო ატმოსფეროა და გულშემატკივრებსაც სხვანაირად უყვართ ფეხბურთი. რაც მთავარია, ნეაპოლელები იმსახურებენ ძლიერ გუნდს და მახარებს კლუბში მიმდინარე პროცესები. იგუაინს ყოველთვის ჩემს შეგირდად ვთვლიდი და დარწმუნებული ვარ, "ნაპოლიში" ბრწყინვალედ ითამაშებს. მან სწორი არჩევანი გააკეთა, "იუვენტუსში" კი ნამდვილი არგენტინელი არასდროს გადავა".

აი, ასეთი უცნაური განცხადება გააკეთა დიეგო მარადონამ და ამით კარლოს ტევესსაც გაკრა კბილი. ამ ზაფხულს კარლიტო სწორედ ტურინულ გრანდში გადაბარგდა და ამ გუნდის 10-ნომრიანი მაისურიც მოირგო. მოკლედ, მარადონა თავის სტიქიაშია, იგუაინი და ტევესი კი სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში კონკურენტები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ბენიტესი: ზუსტად იგუაინისნაირი ფეხბურთელი გვჭირდებოდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული