"პალერმო" - სიცილიური "მილანი"

AutoSharing Option
"პალერმოს" მიმართ ინტერესი არნახულად დიდია და ეს მიუხედავად იმისა, რომ სიცილიურმა კლუბმა ელიტარული დივიზიონი დატოვა.

ეს ინტერესი გუნდის მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დანიშვნამ განაპირობა, რომელიც უდიდესი ენთუზიაზმით მოეკიდა ახალ საქმეს და გვპირდება, რომ მალე, "პალერმოს" ისევ ვიხილავთ რჩეულთა შორის. ამასობაში, გატუზოს შესახებ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ რინოს სამწვრთნელო კარიერას ყურადღებით დააკვირდება და საჭირო დროს, თანამშრომლობასაც შესთავაზებს.

ეს განცხადება თავად გატუზომაც აიტაცა და არ დამალა, რომ მისი ოცნება სწორედ "როსონერის" მწვრთნელობაა. იციან რა იტალიელმა ჟურნალისტებმა "პალერმოს" პრეზიდენტის
ფიცხი ხასიათი, ზემოთთქმული სიტყვა სიტყვით მოახსენეს და კომენტარიც სთხოვეს - აქვე, მაურიციო ძამპარინის პოზიცია:

"ჯენარო გატუზომ კარიერის დიდი ნაწილი "მილანში" გაატარა და გასაკვირი სულაც არაა თუ ამ გუნდის მწვრთნელობაზე ოცნებობს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ რინოსთვის საუკეთესო გარემო სწორედ პალერმოშია შექმნილი და ის აქ შეძლებს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. თუ ასე ძალიან უნდა მას "მილანში", დაე შექმნას "სამხრეთის მილანი" სიცილიაზე - ამისთვის ყველა პირობას შევუქმნით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯენარო გატუზო "პალერმოს" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული