ჯორჯო კიელინი: მოუთმენლად ველი რაფაელ ბენიტესის "ნაპოლისთან" პაექრობებს

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" საწვრთნელი ციკლის პირველი ეტაპი დაასრულა, იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კი გუნდს მხოლოდ ახლა შეუერთდნენ. მათ შორისაა 28 წლის ჯორჯო კიელინი, რომელიც "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და ჟურნალისტს საკუთარი აზრები გაუზიარა. ჯორჯოს მოსაზრებებს თემების მიხედვით გთავაზობთ...

ახალწვეულები
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ "იუვენტუსი" გვარიანად გაძლიერდა და ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. ანჯელო ოგბონა ბრწყინვალე მცველია, რომელსაც ნამდვილად არ გაუჭირდება ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ანჯელო ეროვნული ნაკრების წევრია და ჩვენთან აქამდეც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მოკლედ, ოგბონა უკვე სრულ მზადყოფნაშია და დარწმუნებული ვარ, "იუვენტუსს" დიდ
სარგებელს მოუტანს.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანენ კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე. ორივე ბრწყინვალე ტექნიკის პატრონია და ორივეს თანაბარი წამატებით შეუძლია როგორც გატანა, ისე საგოლე პასის გაკეთება.

მონდომებულნი არიან და ეს იმაზეც ეტყობათ, რომ გაძლიერებულ რეჟიმში სწავლობენ იტალიურ ენას. მითხრეს, რომ პირველ დღეებში ტევესი იტალიურად საერთოდ ვერ მეტყველებდა, დღეს კი ბევრი რამის თქმა შეუძლია. მათი ენთუზიაზმი გადამდებია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ წარმატებების შემდეგ, რასაც ბოლო ორ სეზონში მივაღწიეთ.

ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნას - დამიჯერეთ, ახალწვეულები ამის საშუალებას უბრალოდ არ მოგვცემენ.

პირველი მიზანი
პირველი მიზანი იტალიის სუპერთასის მოგებაა, რომელიც 18 აგვისტოს უნდა გაიმართოს. სეზონის ტიტულით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს ვიღონებთ, რომ "ლაციო" დავამარცხოთ. რომაელებს მებრძოლი გუნდი ჰყავთ, რომლებსაც სწორედ ასეთ შეხვედრებში სჩვევიათ შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენა.

დარწმუნებული ვარ, "ლაციო" ბრწყინვალე შეხვედრას ჩაატარებს და თუ ჩვენც მოწოდების სიმაღლეზე არ ვიდექით, აუცილებლად დავისჯებით. მთავარია 18 აგვისტომდე ბევრი ამხანაგური მატჩი გავმართოთ, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა მოვასწროთ. განსაკუთრებით ეს ნაკრების ფეხბურთელებს გვჭირდება, ჩვენ ხომ საწვრთნელ პროცესს რამდენიმე დღეა დავუბრუნდით.

კონკურენტები
კონკურენტების გაძლიერებას მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს ჩვენთვისაც შანსია კიდევ უფრო მოვუმატოთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ. "ნაპოლის" არაერთი ვარსკვლავი დაემატა და როგორც ვიცი, გაჩერებას ჯერ არ აპირებენ. ვფიქრობ, გონსალო იგუაინი ედინსონ კავანის ღირსეულად შეცვლის და საერთოდ, "ნაპოლი" სკუდეოსთვის აუცილებლად იბრძოლებს. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, განსაკუთრებით ნეაპოლში. რაფაელ ბენიტესის გუნდთან პაექრობებს აქედანვე მოუთმენლად ველოდები.

ტრადიციულად, სკუდეტოს დაუმიზნებს "მილანი" და იბრძოლებს კიდეც უმაღლესი მიზნისთვის. მარიო ბალოტელი, სტეფან ელ შაარავი, რიკარდო მონტოლივო - უდიდესი ძალაა, რომელიც იოლად არაფერს დათმობს. ვფიქრობ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ლომბარდიელები ორ-სამ საჭირო ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.

საერთოდ, "მილანის" ჩამოწერა არასდროს არ შეიძლება, ამ გუნდს რთული ვითარებიდან გამოსვლის განსაკუთრებული უნარი აქვს.

ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ ითამაშებენ "ფიორენტინა", "ინტერი", "ლაციო" და "რომა"... ამ გუნდებში ბევრი რამ შეიცვალა: ახალი მწვრთნელები, ახალი ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვთ. ვნახოთ, წინ საინტერესო ჩემპიონატი გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯორჯო კიელინი: ბრაზილიაში საოცარი საფეხბურთო ატმოსფეროა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული