უჩვეულო სიმშვიდე იტალიაში: კალენდარი ყველას მოსწონს

AutoSharing Option
ევროპული ტოპ ჩემპიონატებიდან ყველაზე გვიან სერია A-ს კალენდარი გამოქვეყნდა, რომელიც გუშინდელ ნომერში გაგაცანით. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ კალენდრის შედგენამ განსაკუთრებული ხმაურის გარეშე ჩაიარა და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

ამჯერად, "დაჩაგრულებს" სკანდალი არ აუტეხავთ და ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "იუვენტუსი" "დაიჩაგრა". საერთოდ, ჩემპიონატის სტარტზე ძლიერ გუნდებთან პაექრობა არავის უნდა და მომდევნო სეზონში, "ეს პატივი" წილად სწორედ "ვეკია სენიორას" ხვდა. ტურინული გრანდი ჩემპიონატს "სამპდორიასთან" გასვლითი მატჩით გახსნის, შემდეგ "ლაციოს" უმასპინძლებს, მესამე ტურში კი "ინტერს" ესტუმრება.

მოკლედ, "იუვე"
თავიდანვე დაიტვირთა, რასაც ტურინელები მშვიდად შეხვდნენ. ჯერ "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს მოვუსმინოთ, შემდეგ კი სხვების მოსაზრებებს გავეცნოთ...

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტირი): "ბოლო წლებში, სეზონის სტარტზე ასეთი რთული კალენდარი ნამდვილად არ გვქონია. თუმცა, ამის გამო განგაშის ატეხვა არ ღირს, რადგან ადრე თუ გვიან, ყველა გუნდთან მოგვიწევს პაექრობა. მთავარია, ჩემპიონატის სტარტს კარგ ფორმაში შევხვდეთ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ამაში იტალიის სუპერთასის პაექრობაც დაგვეხმარება, რომელიც 18 აგვისტოს "ლაციოსთან" უნდა გავმართოთ. ანტონიო კონტეს სურს, რომ გუნდი უკვე აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იყოს სრულ მზადყოფნაში".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "ჩემპიონატს ურთულესი მატჩებით ვიწყებთ, მაგრამ ეს მხოლოდ მახარებს. ჯერ "უდინეზესთან" მოგვიწევს პაექრობა, რომელიც ტრადიციულად მაღალ ადგილებს უმიზნებს, შემდეგ კი "იუვენტუსს" ვხვდებით, იმ შეხვედრაში კი ერთ-ერთი გუნდი რევანშისტულად იქნება განწყობილი (18 აგვისტო, სუპერთასი: იუვენტუსი-ლაციო); მეოთხე ტურში რომაული დერბია და ამ მატჩს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მით უმეტეს, კარგად ვიცით, რა შემართებით არიან თანაქალაქრლები თასის ფინალში წაგების შემდეგ. მოკლედ, ჩემპიონატის სტარტზევე გავხურდებით და ეს არც ისე ცუდია, როგორც ბევრს ჰგონია".

ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი): "ჩემპიონატს "ვერონასთან" გასვლითი პაექრობით ვიწყებთ, გუნდთან, რომელიც სერია A-ში აღზევდა და პირველ შეხვედრას უდიდესი მოტივაციით ჩაატარებს, თანაც საშინაო არენაზე. ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. "იუვენტუსთან" მალევე გვიწვს პაექრობა, "ინტერს" კი ბოლოს ვხვდებით - ჩვენი გულშემატკივრები ამ მატჩებს განსაკუთრებულად ელოდებიან. წინ საინტერესო ჩემპიონატი გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული