დანიელე დე როსი: დროა, გავიმარჯვოთ!

AutoSharing Option
არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია დანიელე დე როსის "რომადან" შესაძლო აბარგების შესახებ, მის ახალ გუნდად კი მეტწილად ლონდონის "ჩელსი" მოიაზრება. ერთ-ერთ წინა ნომერში, დე როსის მისამართით ფრანჩესკო ტოტის მიმართვა გაგაცანით, სადაც "იმპერატორი" თანაგუნდელს დაბადების დღეს ულოცავს და "რომაში" დარჩენას ურჩევს.

ფრანჩესკოს წერილმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები დანიელეს შესაძლო წასვლის შესახებ და ამ ფონზე, თავად დე როსის პოზიციასთან გაცნობა ნამდვილად მისწრებაა. დანიელეს ინტერვიუს მონოლოგის სახით გთავაზობთ...

ტრანსფერი
ჩემი გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული, მაგრამ პირადად მე, არსად წასვლაზე არ ვფიქრობ. "რომა" ჩემი
გუნდია და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა აქვე დავასრულო. ერთი ეგაა, რომ ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული და შესაბამისად, ვერაფერს გამორიცხავ. თუმცა, დღეს ჩემი აბარგების საკითხი არ დგას დღის წესრიგში და იმედია, არც დადგება.

უკვე 30 წლის ვარ და ახალი გამოწვევები დიდად არ მიზიდავს. "რომაში" მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემა არასდროს შემქმნია და არც სამომავლოდ შემექმნება. თანაც, მომდევნო ზაფხულს მუნდიალი უნდა გაიმართოს და რისკის დრო ნამდვილად არაა.

რომა
ბოლო 4-5 წელია წარმატებას ვერ ვაღწევთ და გულშემატკივრები მუდმივად იმედგაცრუებულნი არიან. დროა, გადავლახოთ ეს კრიზისი და რომელიმე დიდი ტროფეი მოვიგოთ. შესაძლოა, ჩემს სიტყვებს დღეს ბევრი ვერაფრით ვამაგრებ, მაგრამ იმედი მაქვს, რუდი გარსიას თავკაცობით გუნდი რეალურად დაადგება აღმავლობის გზას. ფაქტია, რომ შემადგენლობით ბევრს არ ჩამოვუარდებით და არ შეიძლება,

მაღალი მიზნებისთვის არ ვიბრძოდეთ. გასულ სეზონში, ყველა ფრონტზე მოგვეცარა ხელი და გულშემატკივართა წინაშე სარეაბილიტაციოდ გვაქვს საქმე. ყველაფერს ვიღონებთ, რომ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

ახალწვეულები
კევინ სტროოტმანის გადაბირება არაერთ გრანდს სურდა, მაგრამ მან "რომაზე" შეაჩერა არჩევანი. ვფიქრობ, კევინი მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. სტროოტმანი ჰოლანდიის ნაკრებისთვის შეუცვლელი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, გუნდშიც სრულად წარმოაჩენს შესაძლებლობებს.
დაცვაში მეჰდი ბენეტია და დუგლას მაიკონი დაგვემატნენ, რომლებსაც ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ.

გასულ სეზონში, დაცვაში სერიოზული პრობლემები გვქონდა და იმედია, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. გამახარა მორგან დე სანკტისის ტრანსფერმა, რადგან უმაღლესი კლასის მეკარეა და თანაც, ნაკრებიდან მასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ვფიქრობ, გუნდმა კარგი შევსება მიიღო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

რუდი გარსია
ახალ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ეს მახარებს. რუდი ცოტას ლაპარაკობს და ბევრს გისმენს, რაც ნამდვილად დასაფასებელია. აშკარაა, რომ მისთვის ფეხბურთელთა პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, კარგად ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახება. ვრწმუნდები, რომ კლუბის მესვეურებმა სწორი არჩევანი გააკეთეს და რუდი გარსიას თავკაცობით "ჯალოროსი" უკეთ ითამაშებს. თუმცა, ეს მაინც ვარაუდებია, რეალურ შედეგს კი სეზონის მსვლელობისას დავინახავთ.

ტოტის მემკვიდრე
ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მომდევნო ზაფხულს კარიერის დასრულებას აპირებს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებას შეცვლის. ვიცი, რომ "რომას" მესვეურები ტოტისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებენ და ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ მის დათანხმებას. რაც შეეხება მის მემკვიდრეობას და კაპიტნის სამკლავურს, ამაზე ფიქრი დღეს ძალიან ადრეა. ჯერ ერთი, წინ მთელი სეზონია და მეორე, ტოტისთვის ახალი კონტრაქტი მზადდება. მოკლედ, კაპიტნის სამკლავურზე ფიქრისთვის ჯერ ნამდვილად არ მცალია.

კარიერის დასრულების შემდეგ...
როდესაც მწვრთნელებს ვუყურებ, მათ ადგილზე ყოფნის დიდი სურვილი არ მიჩნდება. მაგრამ, ფეხბურთი ნარკოტიკივითაა და თუ შეეჩვიე, არსად გაგიშვებს. ამიტომ, აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები და არც იმას გამორიცხავ, რომ მწვრთნელობას მივყო ხელი. მით უმეტეს, კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ მწვრთნელთან ვიმუშავე და ეს გამოცდილება უდაოდ გამომადგება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანჩესკო ტოტის ორიგინალური მილოცვა დანიელე დე როსის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული