ტურინის "იუვენტუსი" ანდრეა პირლომ დააღალატა

AutoSharing Option
იტალიური გუნდები განაგრძობენ ახალი სეზონისთვის მზადებას და გზად ამხანაგურ მატჩებსაც მართავენ. სანამ "მილანი" "მანჩესტერ სიტისთან" ერთობოდა, "იუვენტუსმა" და "რომამ" ამერიკაში ისპარინგეს...

ტურინელებს ამხანაგური მატჩების მჭიდრო გრაფიკი აქვთ, რათა 18 აგვისტოს დაგეგმილ იტალიის სუპერთასის პაექრობას გუნდი კაგ ფორმაში შეხვდეს. ერთი ეგაა, ანტონიო კონტეს ჯერ კიდევ აკლია სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე...

მართალია, ლეონარდო ბონუჩიმ, ანდრეა ბარცალიმ და ჯორჯო კიელინიმ მცირე ტრავმები მოიშუშეს, მაგრამ "ევერტონთან" პაექრობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, "იუვეს" დაცვის ხაზში კვლავაც შტეფან ლიხტშტაინერი და ფედერიკო პელუზო ვიხილეთ, რომლებიც უფრო ნაყოფიერნი
აშკარად ნახევარდაცვაში არიან. დაცვის ცენტრი კვლავაც ანჯელო ოგბონას ებარა, რომელზეც უკვე ამბობენ, რომ ახალ გუნდს კარგად მოერგო.

თადარიგში დარჩა ანდრეა პირლო და მხოლოდ მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში, მოედნის ცენტრი კი არტურო ვიდალმა, მაურისიო ისლამ და ლუკა მარონემ ჩაიბარეს. პაოლო დე ჩელიე მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფრთაზე ირჯებოდა, რადგან მარცხნივ კუთვნილი პოზიცია კვადვო ასამოას ეკავა. თავდასხმაში კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე მოქმედებდნენ, რომლებიც ნამატჩევს იტალიელ ჟურნალისტებს შემოეკრიტიკათ.

თამაშის პირველი ნახევარი ინგლისელთა უპირატესობით წარიმართა, მეორეში კი ბურთს უფრო მეტად ტურინელები ფლობდნენ. მომენტებიც ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა და გოლებიც თითო გავიდა. ჯერ ლივერპულელებმა იხეირეს - 61-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მირალასი შეიჭრა, ერთი მეურვე კარგად ჩამოიცილა და ძლიერი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია, 1:0. ვთქვათ ისიც, რომ "ევერტონმა" უფრო ადრეც დალაშქრა "იუვეს" კარი, თუმცა თამაშგარის გამო გოლი არ ჩაითვალა.

"იუვენტუსმა" ანგარიში მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრა - იტალიელებმა მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს, რასაც საპირისპირო ფრთაზე გაკეთებული გადაცემა და კვადვო ასამოას უზადო დარტყმა მოჰყვა, 1:1. ამ მომენტისთვის უკვე მოედანზე იყვნენ ანდრეა პირლო და მირკო ვუჩინიჩი, რამაც ტურინელთა იერიშები მკვეთრად გაამწვავა.

მატჩი ასევე დასრულდა, რასაც თერთმეტმეტრიანების სერია მოჰყვა. ინგლისელთა რიგებიდან ოსმანმა ვერ ივარგა, თუმცა იტალიელებმა ორი პენალტი გააფუჭეს: ჯერ პირლო შეცდა, შემდეგ პელუზო. მოკლედ, თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება "ევერტონს" დარჩა.

ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "ურიგო თამაში არ იყო და შეგირდთა გარჯით, მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი. თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ კიდევ შორსაა ოპტიმალური ფორმისგან და მათ საკუთარ თავზე მეტი მუშაობა მართებთ. ეხებათ თუ არა ეს ტევესს და ლორენტეს? - დიახ, მათაც ეხებათ. აშკარაა, რომ კარლოსს და ფერნანდოს მეტი შეუძლიათ".

იუვენტუსი-ევერტონი 1:1 პენ. 5:6
გოლები: 0:1 მირალასი (61), 1:1 ასამოა (80).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ლიხტშტაინერი, ოგბონა, პელუზო - ისლა (84. მოტა), ვიდალი, მარონე (71. პირლო), ასამოა, დე ჩელიე (71. პადოინი) - ტევესი (84. მატრი), ლორენტე (71. ვუჩინიჩი).
ევერტონი (3-4-2-1): ჰოვარდი - სტოუნი, იაგელკა, დისტინი - კოულმანი, გიბსონი (64. ოსმანი), ფელაინი, ბაინესი (64. ოვიედო) - მირალასი, პიენაარი - ანიჩებე (88. ბარკლი).

ამერიკული ლიგის ნაკრებთან თამაში იოლი საქმე ნამდვილად არაა და ბევრისთვის მოულოდნელად, "რომამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა. იტალიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და რომ არა 90-ე წუთზე გაშვებული ერთი ბურთი, გამანადგურებელი ანგარიშით მოიგებდნენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ რუდი გარსიას გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა - თუნდაც ორი თავდამსხმელი: პაბლო ოსვალდო და ერიკ ლამელა. შედეგად, ფრანჩესკო ტოტის ფლანგებიდან ტალო და ალესანდრო ფლორენცი ეხმარებოდნენ; პირველი მხოლოდ 20 წლისაა და თადარიგის ფეხბურთელად მოიაზრება, მეორე კი ნომინალური ნახევარმცველია და წესით, შუა ხაზს უნდა ამაგრებდეს.

მცირე ტრავმა ჰქონდა დანიელე დე როსის და მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა - მოკლედ, შეთხელებულმა "რომამ" საკმაოდ ძლიერ გუნდს გამოუყვანა წირვა, რომლის თავდასხმის ხაზი ტიერი ანრისა და მარკო დი ვაიოს ტანდემით იყო დაკომპლექტებული.

"რომას" რიგებიდან თავი კევინ სტროტმანმა, ალესანდრო ფლორენციმ და ტალომ გამოიჩინეს. განსაკუთრებული ყურადღება ჰოლანდიელმა მიიპყრო, რომელზეც დიდი ავანსებია გაცემული. კევინმა გოლი შეაგდო და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ საკუთარი თამაშით მაინც უკმაყოფილო გახლდათ. ბოლოს, სწორედ სტროტმანს გადავცეთ სიტყვა:

"გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა და მით უმეტეს, თუ ეს გუნდს გამარჯვებაში ეხმარება. თუმცა, საკუთარი თამაშით მაინც უკმაყოფილო ვარ, რადგან შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოვავლინე. ახალ გუნდთან შესაგუებლად გარკვეული დრო კიდევ მჭირდება და შემდეგ, მთელი ძალით ავთამაშდები. "რომაში" ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ ადაპტაციის პროცესი მალე გაივლის".

MLS-ის ნაკრები-რომა 1:3
გოლები: 0:1 სტროტმანი (6), 0:2 ფლორენცი (47), 0:3 ტალო (68), 1:3 გონსალესი (90).
MLS-ის ნაკრები (4-4-2): ფერნანდესი (46. რიმანდო) - ბელტრანი, კოლინი, ბესლერი (46. გონსალესი), აშე (66. იედლინი) - ჯონსონი (46. ვონდოლოვსკი), ბეკერმანი (46. ბერნიერი), ზუსი (68. სანვეცო), დევისი (46. მაჯი) - ანრი (57. მაკლნერნი), დი ვაიო (46. დონოვანი).
რომა (4-3-3): დე სანკტისი (63. ლობონტი) - ტოროსიდისი, ბენეტია, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, პიანიჩი (62. დე როსი), სტროტმანი (62. ფლორენცი) - ფლორენცი (62. მარკინიო), ტალო (80. კაპრარი), ტოტი (86. რიჩი).

პარმა-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 პალადინო (78).
პარმა (3-5-2): მირანტე (59. ბაიჯა) - მენდეში (59. ბენალუანი), პალეტა, ლუკარელი (46. ფელიპე) - ბიაბიანი (59. როზი), პაროლო (74. მორონე), ვალდესი (59. მარკიონი), გალოპა (79. ჩიბსა), გობი (46. მესბა) - კასანო (59. სანსონე), ამაური (74. პალადინო).
მარსელი (4-3-2-1): მანდანდა - ფანი (74. აბდალა), ნკულუ, დიავარა, მორელი (59. შეირუ) - რომაო, იმბულა, ამალფიტანო (63, კადირი) - ვალბუენა, პაიე (79. სუგუ) - ჟინიაკი (63. აიუ).

ნიცა-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 კლოზე (20).
ნიცა (4-4-2): ოსპინა - პალუნი (46. პეიჩინოვიჩი), დიგარი, კოლოძეიჩაკი, ამავი - ტრაორე (65. რაფეტრანიაიანა), მენდი, პიე (65. ბოსეტი), ეისერიკი (46. ბრულსი) - ბოტეაკი (65. ბრიუინსი), ცვიტანოვიჩი (77. კონსტანი).
ლაციო (4-5-1): მარკეტი (58. ბისარი) - კონკო (63. კანდრევა), ნოვარეტი, ცანა, რადუ - ბილია (72. სიანი), ლედესმა (63. ერნანესი), მაური (72. გონსალესი), ედერსონი (46. ფლოკარი), ლულიჩი (84. როცი) - კლოზე (57. კავანდა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო ამერიკულ ფეხბურთში ცდის ძალებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული