კევინ სტროტმანი: "რომა" ტრამპლინი კი არა მწვერვალია

AutoSharing Option
სხვა იტალიური გუნდების მსგავსად, ამ ზაფხულს "რომაც" გაძლიერდა. დედაქალაქელებმა დაცვაში მეჰდი ბენეტია და დუგლას მაიკონი დაიმატეს, შეტევაში ჟერვინიო, შუა ხაზი კი კევინ სტროტმანმა უნდა გაამაგროს.

23 წლის ჰოლანდიელის სანაცვლოდ "ჯალოროსის" მესვეურებმა 16.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და ბუნებრივია, მისგან ბევრს ელოდებიან. კევინზე დიდ იმედებს ამყარებენ გულშემატკივრებიც და თუ როგორი სიყვარული, ან გნებავთ სიძულვილი იციან ტიფოზებმა, ყველას კარგად მოგეხსენებათ. მოკლედ, სტროტმანს წინ დიდი გამოცდა ელის, იქამდე კი წვრთნებზე იკლავს თავს და არც პრესასთან ურთიერთობას ერიდება...

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება ახალ გუნდზე?
- გუნდი შორსაა ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მთავარია, ასეთივე მონდომებით ვივარჯიშოთ და ყველაფერი კარგად იქნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წვრთნებზე ბოლომდე ვიხარჯები და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ადაპტაციის პერიოდი მალე გავიარო. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ.

- მაინც რატომ შეაჩერეთ არჩევანი "რომაზე", თქვენ ხომ "მილანი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გიწვევდათ?
- მილანელების და მანჩესტერელების მხრიდან მართლაც იყო ინტერესი, მაგრამ საქმე ლაპარაკს არ გასცდენია. კონკრეტული წინადადებით მხოლოდ რომაელებმა მომმართეს, რასაც პირადად რუდი გარსიას სატელეფონი ზარი მოჰყვა. "ჯალოროსის" მწვრთნელ-მესვეურებმა გამაცნეს კლუბის ახალი პროექტი, რომლითაც მოვიხიბლე. მოკლედ, ჩემი გადაბირების რეალური სურვილი რომაელებს შევატყვე და გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის გარეშე მივიღე.

- "რომას" დიდი ხანია არაფერი მოუგია, თქვენ თუ ხართ მზად წლების განმავლობაში უტიტულოდ ითამაშოთ?
- ჩემი მიზანი "რომასთან" ერთად ტიტულების მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შეგვწევს იმის ძალა, რომ ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, რასაც გავაკეთებთ კიდეც. მესმის კითხვის შინაარსი: შესაძლოა, ფრანჩესკო ტოტის სხვა გუნდში მეტი ტიტული მოეგო, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია. ის, რომ "რომას" გულშემატკივრები ტიტულებს მონატრებულნი არიან, ჩემთვის მხოლოდ დამატებითი სტიმულია და არა დისკომფორტი.

- ამბობენ, რომ რუდი გარსია გუნდს ორი საყრდენით ათამაშებს, თქვენ კი მოედნის ცენტრში დანიელე დე როსის შეუწყვილდებით...
- ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან დანიელე დე როსის მხარდამხარ თამაში ჩემთვის დიდი პატივია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, რუდი გარსიას ჯერ არ უთქვამს რა ტაქტიკას მიანიჭებს უპირატესობას. ვარჯიშებზე და საკონტროლო პაექრობებში მან ბევრი სქემა გამოსცადა. ვნახოთ, ყველაფერს მალე შევიტყობთ.

- სხვა ახალწვეულებზე თუ შეგექმნათ წარმოდგენა?
- დუგლას მაიკონს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ჩემი პირადი აზრით, ის ბოლო წლების საუკეთესო მარჯვენა მცველია. საიმედო უკანახაზელია მეჰდი ბენეტია, რომელსაც უკვე დავუმეგობრდი. რაც შეეხება ჟერვინიოს, მისი სახით გუნდს უდიდესი ძალა და ენერგია შეემატა. ვფიქრობ, ჟერვინიო იტალიის ჩემპიონატშიც გამოიჩენს თავს.

- დიდ ხანს აპირებთ "რომაში" დარჩენას, თუ ეს თქვენთვის ტრამპლინია?
- არავითარი ტრამპლინი; "რომა" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია. ამ ეტაპზე, ჩემს მომავალს მხოლოდ "რომას" ვუკავშირებ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კლუბის მესვეურთა ახალი პროექტი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია.

- რა არის "რომას" პროგრამა მაქსიმუმი მომდევნო სეზონში?
- პროგრამა მაქსიმუმი იტალიის ჩემპიონატის და იტალიის თასის გათამაშების მოგებაა. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. ვიცი, რომ იტალიაში ერთბაშად შვიდი-რვა გუნდი უმიზნებს ჩემპიონთა ლიგის ზონას და ამ პირობებში, პროგნოზების კეთება და კონკრეტული მიზნების დასახვა რთული საქმეა. ვეცდებით, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანიელე დე როსი: დროა, გავიმარჯვოთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული