რომელი სჯობს: ძველი თუ ახალი "ნაპოლი"?

AutoSharing Option
"ნაპოლი" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული - კლუბის მესვეურები ტრანსფერს ტრანსფერზე ჩარხავენ და გუნდიც ძლიერდება. ამ ზაფხულს სამხრეთელებმა უკვე გადაიბირეს პეპე რეინა, რაფაელი, რაულ ალბიოლი, დრის მერტენსი, ხოსე კალეხონი და გონსალო იგუაინი, თუმცა, როგორც პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გვპირდება, ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული.

მოკლედ, ნეაპოლში საფეხბურთო ბუმია, მაგრამ ექსპერტთა ნაწილს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ედინსონ კავანის ღირსეული შემცვლელი ნეაპოლში არ გამოჩენილა და თუ ცოტა წარსულშიც გადავიჭრებით, ლავეცი-კავანის ტანდემი სულ სხვა დონის იყო და იმ პერიოდთან შედარებით, "ნაპოლის" დღევანდელი
შეტევა სუსტად გამოიყურება. "გაძეტა დელო სპორტმა" საინტერესო ხერხს მიმართა და ამ თემაზე სწორედ ედინსონ კავანის და ესეკილ ლავეცის დაეკითხა...

ესეკილ ლავეცი
ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ "ნაპოლიში" გონსალო იგუაინი გადავიდა. რამდენიმე წუთი ველაპარაკე მას და საჭირო რჩევები მივეცი. მოტივირებულია და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელოდება. გონსალო არგენტინელია, ჩემი ახლო მეგობარია და მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო. იგივე შემიძლია ვთქვა კარლოს ტევესზეც, მაგრამ რადგან გონსალო "ნაპოლიში" ითამაშებს, მას უფრო მეტად ვუგულშემატკივრებ.

მჯერა, რომ იგუაინი უფრო კარგად ითამაშებს, ვიდრე მე და მას უფრო მეტად შეიყვარებენ ტიფოზები, ვიდრე მე.

ნეაპოლი ფანტასტიკური ქალაქია, ძალიან ჰგავს არგენტინას და გონსალოს ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად არ შეექმნება. რაც შეეხება დღევანდელი და ორი წლის წინანდელი "ნაპოლის" შედარებას, ვფიქრობ, რომ გუნდი უფრო ძლიერდება და წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს. მართალია, "ნაპოლი" ედინსონ კავანიმ დატოვა, მაგრამ იგივე იგუაინს მისი ღირსეული შეცვლა შეუძლია. მე უპირატესობას ამ "ნაპოლის" მივანიჭებდი.

ედინსონ კავანი
ამ თემაზე უფრო დეტალურად, ალბათ, სეზონის ბოლოს უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ისე, "ნაპოლი" უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. ჩემი და ლავეცის ტანდემი ურიგო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ექსტრა-კლასის შემტევები არც რაფაელ ბენიტესს აკლია. ამასთან, მას ვარირების მეტი საშუალება აქვს, რადგან სხვადასხვა ყაიდის ბევრი შემტევი ჰყავს. მაგალითად, ლორენცო ინსინიეს, გორან პანდევს და ხოსე კალეხონს ფლანგზეც შეუძლიათ თამაში და ცენტრშიც, გონსალო იგუაინი კი სიღრმიდანაც კარგად უტევს და არც იერიშების დაგვირგვინება ეშლება.

დარწმუნებული ვარ, "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს და შესაბამისად, ამ გუნდის დასუსტებაზე ლაპარაკი აბსურდია. პირიქით, მომდევნო სეზონში ნეაპოლელებს არნახულად ძლიერი გუნდი ეყოლებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალესანდრო მატრი და მარტინ შკრტელი ნეაპოლში მიდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული