ფილიპო ინძაგი: "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
ფილიპო ინძაგი ამჟამად "მილანის" იუნიორთა გუნდის მესაჭეა და მისი სამომავლო გეგმები სწორედ სამწვრთნელო საქმიანობას უკავშირდება.

უბრალო გულშემატკივრებისთვის პიპოს სამწვრთნელო სკამზე ყურება მეტად უჩვეულოა, რადგან მისი ადგილი იყო და თითქოს ყოველთვის იქნება მეტოქის საჯარიმოში...

ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ინძაგი მწვრთნელი, მაგრამ ფორვარდი რომ უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, ცხადზე უცხადესია.

40 წლის ფილიპო ინძაგი "კალჩომერკატოს" ესაუბრა და საინტერესო თემებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა...

მილანი და ჩემპიონთა ლიგა
მიუხედავად იმისა, რომ წილისყრამ რთული მეტოქე გვარგუნა, "მილანს" უბრალოდ არ აქვს იმის უფლება, რომ ჩემპიონთა
ლიგის ძირითადი ბადის მიღმა დარჩეს.

ჩვენი გუნდისთვის ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობა უმნიშვნელოვანესია არა მარტო სპორტული, ფინანსური თვალსაზრისითაც.

მჯერა, რომ ჰოლანდიურ ბარიერს დავძლევთ და იქ აღმოვჩნდებით, სადაც ჩვენი ადგილია. არ დამიჯერებთ და რაც ტრიბუნაზე გადავინაცვლე, "მილანის" თამაშები კიდევ უფრო მეტ ემოციას მგვრის - გულშემატკივრის როლში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.

განსაკუთრებით მაშინ, თუ სტადიონზე ძველი თანაგუნდელები ერთად მივდივართ, თუმცა ეს ხშირად ვერ ხერხდება - ამ მხრივ, ჩემნაირი ენთუზიასტები პაოლო მალდინი და ალესანდრო კოსტაკურტა არიან.

"მილანის" მთავარი პლუსი პსვ-სთან? - ობიექტურად "მილანი" უფრო ძლიერი გუნდია და მთავარია, ეს მოედანზე დავამტკიცოთ. ჩვენი გუნდი პსვ-ს თითქმის ყველა კომპონენტში ჯობია და ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ფიზიკური მომზადებაა.

თუმცა, მე მჯერა მასიმილიანო ალეგრის და ვიცი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის გუნდი კარგად ჰყავს მომზადებული. კარგია ისიც, რომ განმეორებითი შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართება - ეს ჩვენს შანსებს ერთიორად ზრდის.

პიპოს მემკვიდრე

ჩემი მემკვიდრე? - იმედია, საკუთარი თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ თამაშის მანერით ყველასგან გამოვირჩეოდი და შესაბამისად, ჩემი მემკვიდრის დასახელება გამიჭირდება.

ისე კი, ყველაზე მეტად მარიო ბალოტელის მეიმედება, რომელიც არა მარტო "მილანის", იტალიის საუკეთესო თავდამსხმელია.

მარიოს მთელი გულით ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

ეს არა მარტო "მილანს", იტალიის ეროვნულ ნაკრებსაც წაადგება, რომელიც მომდევნო ზაფხულს მუნდიალზე იასპარეზებს.

მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ჯერ არ მოგვიპოვებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "სკუადრა აძურა" ბრაზილიაში ითამაშებს.

ბალოტელი უდიდესი შესაძლებლობების ფეხბურთელია და თუ ჭკუით მოიქცევა, მსოფლიოში საუკეთესოც შეუძლია გახდეს.

"მილანის" კოზირზე მეკითხებოდით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "როსონერის" მთავარი კოზირი სუპერმარიოა.

სერია A
სერია A-ს მორიგი გათამაშება ბევრ საინტერესოს გვპირდება, პროგნოზების კეთებას კი ამ ეტაპზე არავითარი აზრი არ აქვს.

"იუვენტუსისგან", "ნაპოლისა" და "ფიორენტინასგან" ყველა სკუდეტოსთვის ბრძოლას ელოდება, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდეს - მაგალითად, ჩამოთვლილმა გუნდებმა იმედები გაგვიცრუონ და პირველობისთვის მილანურმა ან რომაულმა გრანდებმა იბრძოლონ.

მაღალი ადგილებისთვის მებრძოლმა გუნდებმა მნიშვნელოვნად იცვალეს სახე და გარკვეული შთაბეჭდილების შესაქმნელად რამდენიმე ტური მაინც გვჭირდება.

თუმცა, ერთი ცხადია - "იუვენტუსი" ძალიან ძლიერია და მასთან გამკლავება ყველას გაუჭირდება. ვფიქრობ, დროა, "იუვენტუსმა" საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწიოს წარმატებას - ეს არა მარტო ტურინულ გრანდს, მთლიანად იტალიურ საკლუბო ფეხბურთს სჭირდება.

იტალიის ნაკრები
შესაძლოა, ათი წლის წინ იტალიის ნაკრებში უფრო სახელოვანი ვარსკვლავები თამაშობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩეზარე პრანდელის გუნდი არავისზე ნაკლებ ფეხბურთს არ თამაშობს.

ევროპის ჩემპიონატზე გუნდმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და არც კონფედერაციათა თასზე შეირცხვინა თავი.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრანდელის "აძურა" არასდროს მოგვჭრის თავს და ყოველთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოავლენს.

ბოლო წლებში იტალიის ნაკრებს იშვიათად ახსენებდნენ ფავორიტთა შორის, 2014 წლის მუნდიალისთვის კი "აძურას" სწორედ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ნუსხაში მოიხსენიებენ.

დიდწილად ეს ჩეზარე პრანდელის დამსახურებაა, რომლის გუნდი შემტევ და ლაღ ფეხბურთს თამაშობს. პირადად მე, ვამაყობ ჩვენი ნაკრებით და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული