აურელიო დე ლაურენტისი გონსალო იგუაინის ტრავმის გამო 100 მილიონ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
გონსალო იგუაინს კუნძულ კაპრიზე დასვენებისას სანაპიროზე ფეხი დაუცდა, ქვებზე დაეცა და გვარიანად დაზარალდა - ექიმებმა არგენტინელს რამდენიმე ნაკერიც კი დაადეს და მისი სერია A-ს პირველ ტურებში თამაშიც კი დადგა დღის წესრიგში.

მოკლედ, "ნაპოლის" ახალწვეული დაშავდა, რამაც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აღაშფოთა - სენიორ აურელიომ ბრიფინგი გამართა, სადაც ამ და სხვა საინტერესო თემებს შეეხო...

საჩივარი
იგუაინს ფეხი მოუწყობელ სანაპიროზე დაუცდა
და უმძიმეს ტრავმას გადაურჩა. თუმცა, რამდენიმე ნაკერს მაინც ვერ ასცდა, რამაც ყველას წაგვიხდინა ხასიათი.

გადავწყვიტე, კაპრის რეგიონულ მმართველობას სასამართლოში ვუჩივლო და მორალური კომპენსაციისთვის 100 მილიონი ევრო მოვითხოვო.

ფეხბურთელი, რომელშიც კოლოსალური თანხა გადავიხადეთ, დათრგუნულია და დაშავებული. ამ ნაბიჯით მსურს, რეგიონებისა თუ პატარა ქალაქების მმართველებს ჭკუა ვასწავლო - ტურისტების მიღება ყველას უყვარს, საქმეში ფულის ჩადება კი არავის.

ახალი კონტრაქტი ინსინიეს
ლორენცო ინსინიე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და სეზონიდან სეზონამდე პროგრესირებს. ამიტომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანა იყო. ლორენცოს სულ ოცი წუთი ვესაუბრე და ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი დადებითად გადაწყდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ინსინიე კლუბში 2018 წლამდე დარჩება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო დიდხანს გასტანს.

პირველი მატჩი

სიმართლე გითხრათ, სეზონის სტარტზე არ ველოდები, რომ გუნდმა საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს.

არც ვთვლი, რომ ბოლონიასთან" "ნაპოლი" ბრწყინავდა, თუმცა უკმაყოფილების საბაბიც არ მაქვს. მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

გამახარა მარეკ ჰამშიკის გოლებმა, რადგან ამ ფეხბურთელს პერსონალურად ვგულშემატკივრობ. ჰამშიკს არაერთხელ შეეძლო ევროპის რომელიმე გრანდში გადასვლა, მაგრამ ყოველთვის "ნაპოლის" ერთგული რჩებოდა - ვფიქრობ, გუნდის ლიდერი სწორედ მარეკი იქნება, რადგან მას საამისოდ ყველა თვისება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული