ალესანდრო მატრი "მილანს" უახლოვდება

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებია დარჩენილი, ალესანდრო მატრიმ კი "იუვენტუსის" დატოვება და სასურველ კლუბში გადასვლა უნდა მოასწროს. თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, ეს კლუბი "მილანი" იქნება, რადგან მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია შესული.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, 29 წლის თავდამსხმელი ლომბარდიულ გრანდთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ტრანსფერის ღირებულება კი 12 მილიონი ევრო იქნება. აქედან 10 მილიონს "იუვენტუსი" მყისვე მიიღებს, ორ მილიონს კი - სეზონის განმავლობაში.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანელებმა მატრის გადაბირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჰოლანდიურ პსვ-ს დაახლოებით 30-50-მილიონიან დუელში აჯობეს - დიახ, ევროპის
უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გასვლა კლუბს სწორედ ამდენ შემოსავალს ჰპირდება.

მოკლედ, დიდი ალბათობით, ალესანდრო მატრი მომდევნო სეზონიდან "როსონერის" ღირსებას დაიცავს, რომელსაც ჯამპაოლო პაცინი ჰყავს ტრავმირებული და ახალ შემტევს ნამდვილად საჭიროებს.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ "როსონერის" ტიფოზები და "მილანი"-პსვ-ს შეხვედრაში ტრანსფარანტი გამოფინეს: "მატრი? - არა, მადლობა"...

ჟურნალისტები მყისვე შეეხმიანნენ თავდამსხმელს და მოახსენეს: მილანელი გულშემატკივრები დიდად არ გელოდებიანო. აქვე მატრის პასუხი:

"ეს გულშემატკივართა მხოლოდ ერთი ნაწილის პოზიცია იყო და სიმართლე გითხრათ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, "როსონერის" ქომაგთა დიდი ნაწილი ტრანსფერის წინააღმდეგი არ იქნება და ამაში თქვენც მალე დარწმუნდებით.

თუ "მილანში" გადავედი, ვეცდები, უკმაყოფილო ტიფოზებსაც მალე შევაყვარო თავი. ამის წამალი კი გოლები და კიდევ ერთხელ, გოლებია".


ბოლოს, დავძინოთ, რომ მატრი "მილანის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, საიდანაც წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდში იყო განათხოვრებული. თავი "კალიარიში" ასპარეზობით გაითქვა, სადაც მასიმილიანო ალეგრის თავკაცობით ირჯებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული