ითამაშებს დიეგო მილიტო "იუვენტუსთან"?

AutoSharing Option
მართალია, ევროპული საფეხბურთო სამყარო სანაკრებო ბატალიებშია ჩაბმული და ამ მხრივ, გამონაკლისი არც იტალიაა, მაგრამ აპენინურ სპორტულ პრესაში აქა-იქ უკვე სერია A-ს მომდევნო ტურსა და დაგეგმილ დიდ იტალიურ დერბიზე საუბრობენ.

"ინტერი"-"იუვენტუსი" ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ორივე გუნდი წარმატებულად ასპარეზობს. ამ გუნდთა დაპირისპირების მნიშვნელობას მომდევნო ნომრებში კიდევ შევეხებით, დღეს კი იმ საკადრო პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ორივე ბანაკშია.

"იუვენტუსი"
სანაკრებო ბატალიებმა განსაკუთრებით "იუვენტუსი" დააზარალა, რომელსაც ორი ფეხბურთელი: მარტინ კასერესი და მირკო ვუჩინიჩი დაუშავდა. მარტინი ურუგვაი-პერუს შეხვედრაში დაიმტვრა და
როგორც ექიმებმა განაცხადეს, მინიმუმ ერთი თვის გამოტოვება მოუწევს. ურუგვაელს მუხლი დაუზიანდა, საოპერაციო გახდა. მართალია, კასერესი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება, მაგრამ ანტონიო კონტემ სამხრეთამერიკელის ტრავმაზე საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"დასანანია, რომ სანაკრებო მატჩისას მარტინ კასერესმა ტრავმა მიიღო, რადგან უახლოეს თამაშებში მის გამოყენებას ვაპირებდი. მარტინი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და იდეალურად ერგება იმ სქემას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდეეა საწვრთნელ პროცესს".

თუ კასერესი იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში, ამას ვერ ვიტყვით მირკო ვუჩინიჩზე, რომელიც ასევე სანაკრებო პაექრობისას დაშავდა... მირკომ ტრავმა პოლონეთი-ჩერნოგორიის მატჩისას მიიღო, საბოლოო დიაგნოზი კი გუშინ დაისვა. ექიმთა პროგნოზები უფრო მძიმე იყო, ვიდრე რეალობა აღმოჩნდა და ბუნებრივია, ამან ფეხბურთელი ძალიან გაახარა - თუმცა მისი დიდ იტალიურ დერბიში მონაწილეობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა:

"კოჭში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, სიარული მიჭირდა და ვიფიქრე, რომ მძიმე ტრავმა მივიღე. ექიმებმაც ბევრით ვერაფრით დამამშვიდეს და მძიმე განაჩენის მოლოდინში ვიყავი. საბედნიეროდ, ტრავმა მსუბუქი გამოდგა და წესით, დაახლოებით ერთ კვირაში სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყო. ვითამაშებ თუ არა იტალიურ დერბიში? - დღევანდელი გადასახედიდან, ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად წავიდა, არაა გამორიცხული, ვითამაშო კიდეც. პირადად მე, "ინტერთან" დაპირისპირების დიდი სურვილი მაქვს" - დასძინა ვუჩინიჩმა.

სანაკრებო მატჩებამდე დაშავდა კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ტრავმის გამო ვერც "სკუადრა აძურას" დაეხმარა... გადაწყვეტილი ამბავია, რომ "იუვენტუსის" წამყვანი ნახევარმცველი ვერც "ინტერს" დაუპირისპირდება, რასაც ძალიან განიცდის:

"ბევრი მიიჩნევს, რომ "იუვენტუსი" "ინტერთან" პაექრობაში ფავორიტია, მაგრამ მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. მილანური გრანდი ყოველთვის რთული მეტოქეა და ასე იქნება მომავალშიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში ხანგრძლივი წაუგებელი სერია სწორედ "ნერაძურისთან" შევწყვიტეთ და თანაც, საკუთარ მოედანზე. ვალტერ მაცარიმ "ინტერს" ახალი ძალა შთაბერა და ვგონებ, მილანური გრანდი გაცილებით ძლიერია, ვიდრე წინა წლებში.

სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის გამოტოვება მომიწევს და ამას ვერაფრით ვეგუები. იმედია, "იუვე" უჩემოდაც მიაღწევს სასურველ შედეგს".

"ინტერი"
აქედანვე ცნობილია, რომ "იუვენტუსთან" შეხვედრას ვალტერ სამუელი და კრისტიან კივუ გამოტოვებენ, აღარაფერს ვამბობთ ხავიერ ძანეტიზე, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს. ყველაზე მთავარი სიახლე კი დიეგო მილიტოს გამოჯანმრთელებაა, რომელიც უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და რომელმაც პირველი მატჩი ჩაატარა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

"ნერაძურიმ" სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა, შვეიცარიულ "ლუგანოს" ეპაექრა და დაუზავდა, 2:2. მილანელთაგან ერთი გოლი ზდრავკო კუზმანოვიჩმა შეაგდო და მეორე სწორედ დიეგო მილიტომ. 34 წლის არგენტინელმა მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა:

"ტრავმა მოვიშუშე და ბედნიერი ვარ, რომ საყვარელ საქმეს დავუბრუნდი. ფეხბურთის თამაში რომ ჯერ არ მომბეზრებია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ყველანაირად მხარში მედგნენ და თამაშის დროსაც განსაკუთრებულად დამეხმარნენ. სასიამოვნოა ისეთ მწვრთნელთან ურთიერთობა, როგორიც ვალტერ მაცარია - აქედანვე ვიცი, რომ მასთან თანამშრომლობა მხოლოდ წამადგება.

ვითამაშებ თუ არა "იუვენტუსთან"? - ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია და შესაბამისად, პასუხის გაცემა გამიჭირდება. ექიმებისგან მწვანე შუქი მაქვს ანთებული, დანარჩენი კი მაცარიზეა დამოკიდებული"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯუზეპე მაროტა: მილანის "ინტერი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული