მშვიდად, მაგრამ არა უმოტივაციოდ - იტალიელებმა დანიაში ბოლომდე იბრძოლეს და ქულას გამორჩნენ, თუმცა ეს ქულა აპენინებზე ბევრად უფრო ძვირად დაფასდა - მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო გამათანაბრებელი გოლი ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაიტანეს.
2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე შვედებმა და დანიელებმა ერთმანეთში ფრე გააგორეს, ზუსტად 2:2 დასვეს, პლეი ოფში გავიდნენ და იტალიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვეს - თანაც, დანიელებმა
იტალიის ნაკრები დაუმარცხებელია არა მარტო მიმდინარე შესარჩევ ციკლში, არამედ მთლიანად, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების ისტორიაში (საკუთარ მოედანზე) და ბუნებრივია, ამ ტრადიციის დარღვევას პრანდელის შეგირდები სომხეთთან არ აპირებენ. მოკლედ, იტალია დასკვნით მატჩებში უმოტივაციოდ არ არის, მაგრამ ფეხბურთელებს მაინც მეტი თავისუფლება აქვთ - "კორიერე დელო სპორტი" ჯორჯო კიელინის საწვრთნელ შეკრებაზე საინტერესო თემებზე ესაუბრა, მათ შორის, დანია-შვედეთის ცნობილ მატჩსა და ვენდეტაზე...
ვენდეტა
სიმართლე გითხრათ, თამაშის დაწყებამდე დანია-შვედეთის მატჩი საერთოდ არ გამხსენებია და ასე იყო ნებისმიერი ჩემი თანაგუნდელი. მატჩი რომ 2:2 დასრულდა, მხოლოდ ამის შემდეგ ალაპარაკდნენ ვენდეტაზე. კარგად მესმის ტიფოზების, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ დაუვიწყებიათ ის მატჩი, მაგრამ ვენდეტაზე ლაპარაკი მაინც გადამეტებულია. ეს ფეხბურთია და არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა დანიელებისა და შვედების ადგილზე 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
უმჯობესია მოვეშვათ წარსულს და წინ გავიხედოთ, სადაც მუნდიალი და ბევრი საინტერესო მატჩი მოჩანს.
დასკვნითი მატჩი
სომხებთან შეხვედრას დიდი მოტივაციით ვხვდებით, რადგან გვსურს, შესარჩევი ეტაპი წაუგებლად დავასრულოთ. მეტოქედ კარგი გუნდი გვყავს, რომელმაც წინა ტურში ბულგარეთი დაამარცხა, იქამდე კი დანიას მისსავე მოედანზე დიდი ანგარიშით მოუგო. ვფიქრობ, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დავისჯებით.
ვგონებ, ჩეზარე პრანდელი მეტწილად იმ ფეხბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას, რომლებმაც დანიასთან დაისვენეს. მესმის, რომ მწვრთნელი ფეხბურთელთა დაკვირვების პროცესშია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუნდაც იმიტომ, რომ თითოეული ფეხბურთელი პრანდელისთვის თავის მოწონებას ცდილობს. "აძურა" იოლად არაფრის დამთმობი არაა.
უჩვეულო ამბავი
იტალიის ნაკრები ნეაპოლში ხშირად თამაშობს, რადგან ამ ქალაქში განსაკუთრებული ქომაგობა იციან. ისე კი, მართლაც უჩვეულოა, როდესაც "სტადიო სან პაოლოზე" მასპინძლის რანგში გავდივარ და ტიფოზებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. როგორც წესი, ამ ქალაქში უმოწყალოდ გვლანძღავენ, გვისტვენენ და ხშირად ჩვენს ავტობუსს სხვადასხვა საგანს ესვრიან. არადა, ეროვნულ ნაკრებში ბევრი "იუვენტინოა" და ამჯერად ნეაპოლელებს ჩვენი თბილად მიღება მოუწევთ. ეს ფეხბურთია, თავისი მოულოდნელობებით და კაზუსებით...
პრანდელი "იუვეში"
ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შესაძლოა დატოვოს ეროვნული ნაკრები, რასაც უმალ მოჰყვა ხმები მისი "იუვენტუსში" შესაძლო დანიშვნის შესახებ. ლოგიკა გასაგებია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ანტონიო კონტე ჯერ არ აპირებს კლუბის დატოვებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაკრების მწვრთნელობას შესთავაზებენ.
ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ კონტეს და სიმართლე გითხრათ, უკვე ვეღარ წარმომიდგენია "იუვე" მის გარეშე. თუმცა, თუ ბარტერი შედგა და პრანდელიმ კონტეს ადგილი გაუცვალა, ჩემთვის ბევრი არაფერი იცვლება - ისევ პრანდელისთან და კონტესთან მომიწევს მუშაობა.
სერია A
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ყველაზე საინტერესოა, რომელშიც კი აქამდე მითამაშია. მართალია, მხოლოდ რამდენიმე ტური გაიმართა და ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ ივარგებს, მაგრამ აქედან სწორედ ასეთი პირი უჩანს. სკუდეტოსთვის ერთბაშად 4-5 გუნდი იბრძვის, ევროსაგზურებზე კი არნახულად მაღალი კონკურენციაა. ვგრძნობ, რომ "იუვეს" ისე გაუჭირდება ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როგორც არასდროს.
კონკურენტების გაძლიერება მხოლოდ გვახარებს, რადგან ამით ჩემპიონატი უფრო საინტერესო გახდა.
ლიდერი
ზემოთქმულის დადასტურებაა, რომ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს "რომა" უდგას სათავეში. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ დედაქალაქელები ასე წარმატებით დაიწყებდნენ გათამაშებას. შვიდი მატჩიდან შვიდივეს მოგება ფანტასტიკური შედეგია, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
რაც მთავარია, "ჯალოროსი" ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს და ამად არის, რომ მიმდინარე სეზონში ამ გუნდის რამდენიმე მატჩს მივადევნე თვალი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "რომა" იდეალურად შეთამაშებული გუნდია - არადა, რუდი გარსია ზაფხულში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად.
რომაელთა წარმატებაში ლომის წილი ფრანჩესკო ტოტიმ დაიდო, რომელიც ნამდვილი ფენომენია თანამედროვე ფეხბურთში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფილიპ მექსემ ჯორჯო კიელინის სახეში მუშტი ჩაარტყა [VIDEO]