იტალია. სერია A. VIII ტურის წინ: როცა მოულოდნელიც მოსალოდნელია

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური შეხვედრა გუშინ გაიმართა, თუმცა არც უქმეებზე დაგეგმილი მატჩებია უინტერესო, განსაკუთრებით კი ეს "ფიორენტინა"-"იუვენტუსის" ჯახზე ითქმის. თუმცა, იქამდე "მილანმა" უნდა ჩაატაროს თავის შეხვედრა, სახლში "უდინეზესთან" და ისევ მარიო ბალოტელის გარეშე...

ალეგრი სამეულს უმიზნებს
მარიო ბალოტელიმ სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, მაგრამ "მილანს" კვლავაც მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. სუპერმარიომ ტრავმა მიიღო და უდინურ გუნდთან ასპარეზობის შანსი არ აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშაა ბალოტელის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, არადა, ლომბარდიელებს "ბარსელონასთან" მოუწევთ ჭიდილი. მოკლედ, "როსონერის" კვლავაც დიდი დანაკლისი აქვს, მარიოს გარდა ლაზარეთში კიდევ ხუთი
ფეხბურთელია, მათ შორის ორი თავდამსხმელი: სტეფან ელ შაარავი და ჯამპაოლო პაცინი.

მასიმილიანო ალეგრი კვლავაც 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში ალესანდრო მატრის და რობინიოს ტანდემს გაამწესებს, მათ უკან კი რიკარდო მონტოლივო გაირჯება. "როსონერის" ცუდი დროება უდგას, შვიდი თამაშიდან სამი აქვს წაგებული და მხოლოდ ორი მოგებული, სატურნირო ცხრილში კი მეთორმეტე ადგილზეა - წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ალეგრიმ ვითარების სასწრაფოდ გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა:

"ჩემპიონატი მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ დაღმართს აღმართი მოყვება და მომავალს ოტიმისტურად ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი საკადრო პრობლემები გვაქვს, ქულების მოპოვება უნდა დავიწყოთ და მდგომარეობა სასწრაფოდ გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წახდენილ საქმეს ვეღარ ვუშველით და სეზონი განზე დაგვრჩება. ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა და ამის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს".

მთავარი ინტრიგა
გუნდების სახელებით თუ ვიმსჯელებთ, ფლორენციაში "რომა"-"ნაპოლიზე" არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართება, თუმცა, არა მარტო სახელებით - არც "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" ამბიციების ნაკლებობას არ უჩივიან და მხოლოდ უმაღლეს ადგილებს უმიზნებენ. შესაბამისად, "სტადიო არტემიო ფრანკიზე" უშეღავათო ბრძოლას ველოდებით.

თუ ფლორენციელებს მარიო გომესი ჰყავთ დაშავებული, ტურინელებმა ანალოგიური მიზეზით ფაბიო კვალიარელა და მირკო ვუჩინიჩი მოისაკლისეს. და მაინც, მასპინძელთა დანაკლისი უფრო საგრძნობია, რადგან ტურინელებს შეტევაში გაცილებით დიდი არჩევანი აქვთ. ანტონიო კონტეს შეუძლია, რომ ამ პირობებშიც კი ფერნანდო ლორენტე თადარიგში დატოვოს, აი ვინჩენცო მონტელას კი ექსპერიმენტის ჩატარება მოუწევს - "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ჯუზეპე როსის შეტევაში ხოაკინ სანჩესი შეუწყვულდება და ეს უკანასკნელი რომ ნომინალური ფორვარდი არ არის, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

ავტოროტეტული გამოცემის მტკიცებით, ორივე მწვრთნელი 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავარი ბრძოლა ცენტრში გაჩაღდება. შუახაზი ორივე გუნდს ძლიერი ჰყავს და ამ დუელის ხილვა გამორჩეულად საინტერესო უნდა იყოს. კონტემ და მონტელამ წინასამატჩოდ მოკლე კომენტარები გააკეთეს...

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელში გამარჯვებაც საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს. ასე რომ, სასწორზე მხოლოდ სამი ქულა არ დევს. ტრიბუნები შეივსება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გულშემატკივარი კმაყოფილი დავტოვოთ. "იუვენტუსი" ყოველთვის გამარჯვებაზეა დაგეშილი და არც ჩვენ დავიხევთ უკან, მიზნად მხოლოდ მოგება დავისახეთ".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "სანაკრებო მატჩებმა რიტმიდან არ უნდა ამოგვაგდოს - სეზონი კარგად დავიწყეთ და ამ წარმატებული სერიის გაგრძელებაა საჭირო. ფლორენციაში მოგება ძალიან რთულია და ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ. წინ საინტერესო მატჩი გველის, რომელიც შესაძლოა ერთმა გოლმა გადაწყვიტოს. რა სიურპრიზებს ველოდები მონტელასგან? - ჩვენ ერთმანეთს იმდენად კარგად ვიცნობთ, რომ ვგონებ, ყველაზე მოულოდნელიც კი მოსალოდნელი იქნება".

ახალი "ინტერის" დებიუტი
"ინტერი" "ტორინოს" ესტუმრება, გუნდს, რომლიც იოლად არაფერს თმობს და ცხრილის ზედა ნაწილშია მოქცეული. შესაბამისად, "სტადიო ოლიმპიკოზე" დაგეგმილ შეხვედრაში "ნერაძურის" ცალსახა ფავორიტად შერაცხვა ალბათ არ შეიძლება. მით უმეტეს, ბოლო დროს ლომბარდიელებმა მოუკლეს და ქულებიც უხვად დაკარგეს.

ეს იქნება "ინტერის" პირველი მატჩი, რაც კლუბს მფლობელი შეეცვალა. საინტერესოა, რამდენად კარგი "დებიუტი" ექნება ახალ "ინტერნაციონალეს", რომელსაც უკვე ინდონეზიელი მეპატრონე, ერიკ ტოჰირი ჰყავს. დიეგო მილიტო ისევ დაშავდა და ვალტერ მაცარის კვლავაც როდრიგო პალასიოს იმედზე მოუწევს ყოფნა.

დიახ, "ნერაძური" ერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტევს და ეს ერთადერთი და გამოკვეთილი სწორედ პალასიო იქნება. უკნიდან როდრიგოს მისივე თანამემამულე რიკი ალვარესი დაეხმარება. მაცარისთვის მნიშვნელოვანი მომენტი დგას - "ინტერი" ან დაუბრუნდება სწორ რელსებს, ან გაღრმავდება ეჭვები, რომ საწყის ტურებში მიჯრით მოგებული მატჩები ახალი ცოცხის ეფექტი იყო და არა კანონზომიერება...

VIII ტური

რომა-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 პიანიჩი (48), 2:0 პიანიჩი (71-პენ.).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, დოდო - პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი (81. მარკინიო), ტოტი (33. ბორიელო), ჟერვინიო (58. ლიაიჩი).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (46. კანავარო), მესტო - ინლერი (83. ჯემაილი), ბერამი - კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე - პანდევი (68. იგუაინი).
გაფრთხილება: ბენატია, პიანიჩი - ინლერი, პანდევი.
გაძევება: კანავარო (70. ნაპოლი).
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-9(4-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 65 000

19 ოქტომბერი
კალიარი-კატანია 20.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეკდალი, ავრამოვი, დესენა - სპოლი.
ბოლო 6 მატჩი
0-4-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=4-7, (22-17)

მილანი-უდინეზე 22.45
დისკვალიფიკაცია: მექსე, დე იონგი (მილანი).
ტრავმა: ბონერა, დე შილიო, პაცინი, ბალოტელი, ელ შაარავი - ბრკიჩი.
ბოლო 6 მატჩი
2-2-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +22=9-10, (80-45)

20 ოქტომბერი
ატალანტა-ლაციო 14.30
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაციო).
ტრავმა: ჯორჯი, კაცოლა, მილიაჩო - კონკო, რადუ, ლედესმა, ბიაბა, ალფარო.
ბოლო 6 მატჩი
3-0-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +6=7-16, (22-40)

ჯენოა-კიევო 17.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კალაიო - დაინელი, ბერნარდინი.
ბოლო 6 მატჩი
1-2-3 1-05
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +5=4-9, (17-23)

ვერონა-პარმა 17.00
დისკვალიფიკაცია: მირანტე (პარმა).
ტრავმა: რაგაცუ, მორასი - გალოპა, პალეტა, ოკაკა.
ბოლო 6 მატჩი
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=1-4, (12-14)

ლივორნო-სამპდორია 17.00
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩა (ლივორნო).
ტრავმა: ბოტა - ბერარდი, ერამო, სალამონი, მუსტაფი.
ბოლო 6 მატჩი
2-2-2 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=4-5, (15-17)

სასუოლო-ბოლონია 17.00
დისკვალიფიკაცია: მანიანელი (სასუოლო).
ტრავმა: ვალერი, მარონე, ტერანოვა, გომესი, კაცოლა - კერუბინი, სტოიანოვიჩი, ხიმენესი.
ბოლო 6 მატჩი
0-2-4 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (1-2)

ტორინო-ინტერი 22.45
დისკვალიფიკაცია: ჟილე (ტორინო).
ტრავმა: ლარონდო, მაქსიმოვიჩი, ბაშა, ელ ქადური, როდრიგესი, ბოვო - კივუ, ძანეტი, მილიტო.
ბოლო 6 მატჩი
1-3-2 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +1=5-14, (9-34)

20 ოქტომბერი. ფლორენცია. "არტემიო ფრანკი". 17:00
ფიორენტინა-იუვენტუსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გომესი. აგაცი, რებიჩი, ილიჩიჩი - პეპე, კასერესი, ვუჩინიჩი, კვალიარელა, ლიხტშტაინერი.
ბოლო 6 მატჩი
2-3-1 5-1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +4=13-18, (35-57)
სავარაუდო შემადგენლობები
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, ამბროზინი, ბორხა ვალერო, აკვილანი, პასკუალი - ხოაკინი, როსი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, ასამოა - ტევესი, ჯოვინკო.

ბომბარდირები: 6 - ჩერჩი (ტორინო); 5 - როსი (ფიორენტინა), ჰამშიკი (ნაპოლი); 4 - ფლორენცი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომა-ნაპოლი 2:0: რომაული არდადეგები გრძელდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული