იტალია. სერია A. X ტური: ლიდერთა სამეული გამოიკვეთა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-10 ტურის უკანასკნელი შეხვედრა 31 ოქტომბერს, გვიან ღამით გაიმართა და მასზე ხვალ ვისაუბრებთ, დღეს კი ოთხშაბათის ჯახებს გადავავლოთ თვალი; მით უმეტეს, ტური მეტად საინტერესო გამოვიდა.

ის, რაც "იუვემ" ვერ შეძლო...
ის, რაც "იუვენტუსმა" ვერ შეძლო, "ნაპოლიმ" გააკეთა. რაფაელ ბენიტესის გუნდი ფლორენციაში ჩავიდა და "ფიორენტინა" მისსავე მოედანზე დაამარცხა, 2:1. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - ნეაპოლელთა მხრიდან ხოსე კალეხონი და დრის მერტენსი გამოირჩნენ, ფლორენციელთა რიგებიდან კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ჯუზეპე როსიმ იხეირა.

მთლიანობაში, უპირატესობას უფრო მასპინძლები ფლობდნენ და
კაცმა რომ თქვას, მინიმუმ ქულას იმსახურებდნენ. მით უმეტეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ნეაპოლელთა კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა.

მოკლედ, "ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რამაც კიდევ უფრო დააშორა ლიდერთა სამეული მდევრებს. დიახ, "ნაპოლი", "იუვენტუსი" და "რომა" წინ გაიჭრნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტებადაც ითვლებიან. თუ "იუვენტუსის" და "ნაპოლის" შემთხვევაში ეს არავის უკვირს, "რომას" ასეთი ფეერიული სტარტი მართლაც მოულოდნელობაა.

ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინას" მწვრთნელი): "ვფიქრობ, საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ მიმდინარე სეზონში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მარცხი ვიწვნიეთ. ბურთს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით და სათამაშო უპირატესობაც ხელთ გვეპყრა. ეს კი ისეთ ძლიერ გუნდთან შევძელით, როგორიც "ნაპოლია".

მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ და მომავალს ოპტიმიზმით შევყურებ. როდის დაბრუნდება მარიო გომესი? - ალბათ, სანაკრებო მატჩების შემდეგ. თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ჯობია, ფორმა აღიდგინოს და ისე დაუბრუნდეს მოედანს. მარიოსთან ერთად "ფიორენტინა" გაცილებით ძლიერი იქნება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ანდრეა დელა ვალე ("ფიორენტინას" პრეზიდენტი): "კარგად ვითამაშეთ და მიუხედავად მარცხისა, გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩა. ლიდერთა სამეულს ჩამოვრჩით და ამას აქვს გარკვეული ახსნა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრავმის გამო წამყვანი ფორვარდი მარიო გომესი გვაკლია. ამასთან, მატჩზე ახალგაზრდა არბიტრი (ჯამპაოლო კალვარეზე) დანიშნეს, რომელმაც არაერთი შეცდომა დაუშვა.

ბოლო წუთზე გეკჰან ინლერმა აშკარად იუხეშა და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯს გამბედაობა არ ეყო. იმედია, როგორც ფეხბურთელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, ისე ისწავლის მსაჯიც. მოკლედ, მიუხედავად მარცხისა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს".


"მილანმა" ვერც "ლაციოს" სძლია
მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკა შეცვალა და 4-3-1-2-ის ნაცვლად 4-3-3 აირჩია. ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო ბალოტელი გაამწესა, რომელსაც ფლანგებიდან ვალტერ ბირსა და რიკარდო კაკა ეხმარებოდნენ. ამ უკანასკნელმა უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა - ბრაზილიელმა მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ერთ მეტოქეს გვერდი აუარა, ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ ცხრიანში გაახვია.

გოლი მართლაც გენიალური გამოვიდა და "სან სიროზე" შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოვიდნენ. თუმცა მილანური ფიესტა არ შედგა - "ლაციომ" საპასუხო გოლი გაიტანა და ქულას გამოჰკრა ხელი. შედეგით ორივე გუნდის მწვრთნელები უკმაყოფილონი დარჩნენ...

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ ფორტუნა მეტოქის მხარეს იყო. მთელი თამაშის განმავლობაში ერთადერთი შეცდომა დავუშვით და ისიც გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. დასანანია, რომ ისევ დავკარგეთ ქულები და ლიდერებს კიდევ უფრო დავშორდით. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენსას შევეცდებით".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "სეზონი ცუდად დავიწყეთ და ამიტომ თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. "მილანს" არაფერი დავუთმეთ და შეგვეძლო მოგება, ამიტომ შედეგით უკმაყოფილო ვარ. დროა, ქულების მოპოვება დავიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი ჩაგვივარდება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვემ" "კატანია" დაიბრიყვა
"იუვენტუსმა" მიჯრით მეორე შეხვედრა ჩაატარა საკუთარ მოედანზე და "ჯენოას" შემდეგ "კატანიაც" დაამარცხა. ტურინელებმა სიცილიელები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა - ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ძლიერად დაარტყა და რიკოშეტის დახმარებით, თავიც გამოიჩინა.

მეორე გოლი ანდრეა პირლოს საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, მესამე და მეოთხე კი შესაბამისად, კარლოს ტევესმა და ლეონარდო ბონუჩიმ მიითვალეს აქტივში.

ანტონიო კონტემ პრესასთან დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ მისმა თითოეულმა შეგირდმა დავალება პირნათლად შეასრულა. მწვრთნელმა განსაკუთრებულად დაცვის ხაზი შეაქო და დასძინა, რომ "ფიორენტინასგან" ერთ ტაიმში გაშვებული ოთხი გოლის შემდეგ გუნდმა შეცდომებზე ისწავლა. მოკლედ, კონტე კმაყოფილი გახლდათ და ალბათ, ალაპარაკდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვერონა" ისევ იგებს
სხვა მატჩებიდან "ვერონას" მორიგი გამარჯვება და ლივორნოში გამართული სუპერმატჩი უნდა გამოვარჩიოთ. ჯერ "ვერონაზე" ვთქვათ, გუნდზე, რომელიც ლიდერთა მარაქაშია, განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე ასპარეზობს და როგორც ჩანს, არაფრის დათმობას არ აპირებს. ვენეტოელთა რიგებში, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოირჩევიან, მაგრამ ამჯერად ვეტერანმა ლუკა ტონიმ გაიბრწყინა.

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გოლი გაიტანა და მთლიანობაში, ძალიან პროდუქტიული იყო. "ვერონამ" "სამპდორია" დაამარცხა, თანაც უშანსოდ და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ მასპინძლებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა.

დაძაბული და დრამატული მატჩი შედგა ლივორნოში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "ტორინოს" უმასპინძლა. სტუმრები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, როდესაც "კომუნისტებმა" აიწყვიტეს და მეტოქეს სამი გოლი მიართვეს - თითქოს საბოლოოდ გატყდა "ტორინო", მაგრამ არა ალესიო ჩერჩი - ტურინელთა ლიდერმა გაათანაბრა ანგარიში და ეს დრამატული მატჩი ფრედ დასრულდა, 3:3.

მატჩის შემდეგ მრავლისმნახველმა ჩერჩიმ განაცხადა, რომ ასეთ არანორმალურ შეხვედრაში აქამდე არასდროს უთამაშია.

X ტური

რომა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ბორიელო (67)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, კასტანი, ბენატია, დოდო (65. ბალცარეტი) - პიანიჩი (81. ბრედლი), დე როსი, სტროტმანი - მარკინიო (59. ფლორენცი), ლიაიჩი, ბორიელო.
კიევო (3-5-2): პუჯონი - დაინელი, ფრეი, დოს სანტოსო (62. პაპი) - სარდო, ლ. რიგონი, ბენტივოლიო (77. აკოსტი), ჰეტემაი, დრამე (67. ესტიგარიბია) - პალოსკი, პელისიერი.
გაფრთხილება: კასტანი, პიანიჩი, ლიაიჩი - დაინელი, სარდო, ლ. რიგონი, ჰეტემაი, პელისიერი.
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 7-2(3-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 55 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბომბარდირები: 9 - როსი (ფიორენტინა); 7 - ჩერჩი (ტორინო); 6 - პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი: კაკას მოედანზე საოცრებების მოხდენა შეუძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული