"მილანი" - ბარბარა ბერლუსკონის რევოლუციისა და პაოლო მალდინის მოლოდინში

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 11 ტურია გასული, "მილანს" კი უკვე 5 მატჩი აქვს წაგებული და არათუ სკუდეტოს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსიც, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს.

ერთი სიტყვით, "მილანი" ღრმა კრიზისშია და ამ თეზისს ვერც ჩემპიონთა ლიგაში შედარებით წარმატებული ასპარეზობა აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

"ფიორენტინასთან" საშინაო მარცხი მეტისმეტი იყო და იტალიურ სპორტულ პრესაშიც უმალ გაჩნდა ცნობებში კლუბში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. თუმცა ის, რაც "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნდა, მაინც ნაკლებად მოსალოდნელი იყო...

გალიანის წყალი შეუდგა
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "ფიორენტინასთან" მარცხის შემდეგ
სილვიო ბერლუსკონი წყობიდან იყო გამოსული და ადრიანო გალიანი-მასიმილიანო ალეგრის ტანდემის კლუბიდან გაშვებას აპირებდა.

"გაძეტა" ირწმუნება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ დონ სილვიოს მისმა ქალიშვილმა ბარბარამ უბიძგა...

თუმცა ბერლუსკონიმ ცხელ გულზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღება არ ისურვა და შვილს ცოტა მოცდისკენ მოუწოდა. ეს ფაქტი პრესასთან თავად ბარბარამ უარყო და შემდეგი განაცხადა:

"ფლორენციელებთან წაგების შემდეგ მამას რამდენჯერმე ვესაუბრე და ვადასტურებ, რომ ის უკიდურესად აღშფოთებული იყო.

მძიმე გადაწყვეტილების მიღებაზე ჩამოაგდო სიტყვა, მაგრამ მე ვურჩიე, რომ არა ადამიანები, არამედ კლუბის ფინანსური პოლიტიკა შეეცვალა.

არც გალიანის გაშვება მითხოვია და არც ალეგრის - პირიქით, სწორედ ის ვუთხარი, რომ პრობლემას უფრო კომპლექსურად უნდა შევხედოთ".


ბარბარა ბერლუსკონიმ თავი ოსტატურად დაიძვრინა, მაგრამ მისი კომენტარიდან ნათლად ჩანს, რომ მამამისი მძიმე და რადიკალური ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობდა.

რა იმალება ამ მძიმე გადაწყვეტილების უკან, რთული სათქმელია, მაგრამ დიდი ალბათობით, არათუ მასიმილიანო ალეგრის, თვით ადრიანო გალიანის სკამსაც შეუდგა წყალი. ცნობისთვის, გალიანის "მილანიდან" შესაძლო წასვლის შესახებ აქამდე არასდროს არაფერი თქმულა.

პაოლო მალდინის დრო
იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად იწერება, რომ სულ მალე "მილანში" პაოლო მალდინის დრო დადგება, რომელიც კლუბის ადმინისტრაციაში მაღალ პოსტს დაიკავებს და ადრე თუ გვიან, სწორედ ადრიანო გალიანის შეცვლის.

"გაძეტა დელო სპორტი" არ გამორიცხავს, რომ პაოლომ მალევე შეცვალოს გალიანი; მეორე ვერსიით კი, პირველ ეტაპზე სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამ პოსტზე ამჟამად არიედო ბრაიდა მუშაობას.

თავად მალდინიმ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბარბარა ბერლუსკონიმ კი დაადასტურა, რომ მალდინისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება:

"პაოლო ნამდვილი მილანელია და ვფიქრობ, არავის გაუკვირდება, თუ მშობლიური კლუბის სამსახურში ჩადგება.

მიმდინარეობს მოლაპარაკება და დიდი ალბათობით, მალდინი ადმინისტრაციაში იმუშავებს. რომელ პოსტზე? - ამაზე საუბარი ნაადრევია".


რა ბედი ელის ალეგრის?
თავისი სადარდებელი აქვს მასიმილიანო ალეგრის, რომლის გათავისუფლება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ადრიანო გალიანის. ალეგრი სამი წელია გუნდს წვრთნის და თვითონაც განაცხადა, რომ ასეთი მძიმე დროება არასდროს ჰქონია.

პრესაში აქტიურად იწერება, რომ მასიმილიანოს მალე მიუთითებენ კარისკენ, მის შესაძლო შემცვლელად კი რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი რობერტო დი მატეო.

ამასობაში ალეგრის მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ - მაგალითად, ჯენარო გატუზომ აიმაღლა ხმა და განაცხადა, რომ პრობლემა არა მწვრთნელში, არამედ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაშია; რინოს თქმით, "მილანის" მესვეურებმა ფულის დახარჯვა უნდა დაიწყონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველი დიდების დაბრუნება შეუძლებელია - დიდება კი "მილანს" ისეთი ჰქონდა, თქვენი მოწონებული...

გატუზოს პოზიცია "მილანის" კიდევ ერთმა ექსფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ გაიზიარა და განაცხადა, რომ არსებულ კრიზისში ალეგრის ბრალი მინიმალურია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები "მილანში"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XI ტური: ხელიდან წასული "მილანი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მილანში" ყველაფერი კარგად იქნება. ნეტავ ქართულ ფეხბურთ რა ეშველება?
guja_kakhadze
15:48 05-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული