იტალია. სერია A. XII ტურის შეჯამება და სიმბოლური: კონტე - ჩვენს ადგილზე ვბრუნდებით!

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი კვირას, გვიან ღამით გაიმართა და მასზე ტურის მიმოხილვაში არაფერი გვითქვამს; იმავე დროს, "ფიორენტინამ" "სამპდორია" დაამარცხა და ტურის შეჯამება სწორედ ამ ორი პაექრობით დავიწყოთ.

სრული უპირატესობა
"იუვენტუსი"-"ნაპოლის" პაექრობა სწრაფი გოლით დაიწყო - ჯერ კიდევ მე-2 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ტურინელებმა პირველივე შეტევა გოლით დააგვირგვინეს - კარლოს ტევესის ნებით თუ უნებლიეთ ქუსლით გაკეთებულ გადაცემას ფერნანდო ლორენტე გამოეხმაურა და ბურთი კარის ბადეში გაახვია.

ერთი ეგაა, რომ ესპანელი ტანით წინ იყო უკანასკნელ მცველზე და ლაინსმენს თამაშგარეს დაფიქსირება მართებდა. მოკლედ,
არბიტრები ცოტა წაეხმარნენ "იუვეს", მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა - კვირა საღამოს ტურინული გრანდი მეტოქეზე ძლიერი იყო...

მეორე ნახევარში ბურთს უფრო მეტად ნეაპოლელები ფლობდნენ, მაგრამ გოლები მაინც მათ კარში გავიდა; თანაც, რა გოლები: 74-ე წუთზე ანდრეა პირლომ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი პირდაპირ "ცხრიანში ჩასვა".

ხუთიოდე წუთში კი პოლ პოგბამ მორიგი შედევრი გამოჭედა - ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთი ჰაერში აიგდო ან აუვარდა და უძლიერესი დარტყმით პეპე რეინა უშანსოდ დატოვა - 3:0.

ტურინელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში ესპანელი გოლკიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო, ისევე, როგორც ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა "იუვენტუსი". მან ერთი სუპერსეივი გამოაცხო და ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა სეზონში. "იუვემ" დამსახურებულად მოუგო უშუალო კონკურენტს, "რომას" ფრემ კი მოპოვებულ ქულებს კიდევ უფრო მეტი ფასი შესძინა.

რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "სწრაფმა გაშვებულმა ბურთმა მოგვშალა და მეტოქეს დიდი უპირატესობა მისცა. თუმცა კარგად მესმის, რომ ეს გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება. "იუვემ" უკეთესად ითამაშა და უნდა ვაღიარო, რომ დამსახურებულად მოიგო. რატომ მისტვენდნენ ტიფოზები? - ჩემ მიმართ აგრესიას ხშირად ვგრძნობ, რაც ალბათ იმის ბრალია, რომ წარმატებული მწვრთნელი ვარ და 10 ტროფეი მაქვს მოგებული".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობა შეგირდებს, რომლებმაც ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს. "ფიორენტინასთან" და "რეალთან" განცდილმა მარცხებმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, რაც მახარებს. დასანანი კი ისაა, რომ ასეთი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მსაჯის შეცდომებზე მეკითხებით - "იუვემ" დაჯაბნა მეტოქე და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენს ადგილზე ვბრუნდებით".

"იუვეს" ტიფოზებს დასჯიან?
ტურინული მატჩის მსვლელობისას, ტრიბუნებზე დენთის სუნი ტრიალებდა - "იუვეს" და "ნაპოლის" ქომაგებს შორის არაერთხელ დაიძაბა ვითარება, მატჩის დასრულების შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში შეტაკებები მოხდა. ამასთან, მთელი თამაშის განმავლობაში ტურინელი გულშემატკივრები არა იმდენად თავის გუნდს ქომაგობდნენ, რამდენადაც მეტოქეს აყენებდნენ შეურაცხყოფას.

აღნიშნულ ფაქტს "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და დიდი შანსია, მომდევნო საშინაო პაექრობა "ვეკია სენიორამ" ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაატაროს. აღნიშნულ ფაქტს კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასჯელის შემთხვევაში, სადისციპლინო კომიტეტში აპელაციის შეტანას არ აპირებს.

როსიმ როსი იმსხვერპლა
"ფიორენტინა" განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას და "ინტერთან" ერთად, ლიდერთა სამეულს "კუდზე აზის". ფლორენციულ გუნდს კვლავაც ჯუზეპე როსი ლიდერობს, რომელიც შეუჩერებელია და ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში. "სამპდორიასთან" როსიმ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

ბეპემ პირველი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა, მეორე კი მართლაც შედევრი გამოვიდა - ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, ერთი გახედა კარს და უძლიერესი დარტყმით "ცხრიანში" გაახვია.

მატჩის შემდეგ ფლორენციელთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ სწორედ როსი შეაქო და შემდეგი დაამატა: "გუნდი პროგრესირებს და ეს დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა. დაცვაში მინიმალური რაოდენობით შეცდომა დავუშვით, შეტევაში კი მწვავედ ვმოქმედებდით. მალე მარიო გომესი დაგვიბრუნდება და თავდასხმის ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდება. მთლიანობაში, გუნდის ასპარეზობით მეტად კმაყოფილი ვარ".

მონტელას რა უჭირს და "სამპდორიას" თავკაცი კი დაითხოვეს დაკავებული პოსტიდან - დელიო როსის ხელში გენუური გუნდი გასავარდნ ზონაში დაეშვა, რასაც არავინ აპატიებდა. გადაწყვეტილია, რომ დელიოს ადგილს სინიშა მიხაილოვიჩი დაიკავებს, რომელიც 1994-98 წლებში სწორედ გენუურ გუნდში თამაშობდა. მოკლედ, როსიმ როსი იმსხვერპლა.

ჩავარდნა თუ უიღბლობა?
"რომამ" მიჯრით მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები და თანაც, იმ გუნდებთან, რომლებთანაც გამარჯვება მართებდა. წინ რთული კალენდარია და შესაბამისად, "ტორინოსთან" და "სასუოლოსთან" 3-3 ქულის მოპოვება მეტად მნიშვნელოვანი იყო. რა სჭირს "ჯალოროსის"? - ჩავარდნასთან გვაქვს საქმე თუ უბრალო უიღბლობასთან? - ამ თემაზე კომენტარი გუნდის ლიდერმა ფრანჩესკო ტოტიმ გააკეთა, რომელიც ტრავმირებულია და თანაგუნდელებს ვერ ეხმარება:

"ვინც "სასუოლოსთან" თამაშს უყურა, დამეთანხმება, რომ საქმე უიღბლობასთან გვაქვს. მარტო ადემ ლიაიჩს სამჯერ მაინც შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოიჩინა. ასეთი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს და ამის გამო კრიტიკა სრულიად ზედმეტი იქნება. გაფუჭებული მომენტების გამო მკაცრად დავისაჯეთ და მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. თუმცა, სატურნირო ცხრილში ჯერ კიდევ პირველები ვართ, დაუმარცხებლად ვასპარეზობთ და მოდუნება არაფრით არ შეიძლება".


ტოტიმ თანაგუნდელები გაამხნევა და გულშემატკივრები დაამშვიდა, მაგრამ დასმულ კითხვას: ჩავარდნა თუ უიღბლობა? - პასუხს მხოლოდ დრო გასცემს.

გალიანი: ალეგრის არაფერი ემუქრება
"მილანი" ღრმა კრიზისშია და ჯერჯერობით გამოსავალიც არ ჩანს. ლომბარდიელებმა უპირატესობით წარმართეს "კიევოსთან" შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ და კიდევ უფრო გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა.

იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილი მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებას ვარაუდობს, მაგრამ კლუბის მესვეურებმა უკვე გააკეთეს საპირისპირო შინაარსის განცხადება - მოვუსმინოთ ადრიანო გალიანის:

"რთული დროება გვიდგას, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ აღმავლობის გზას მალე დავადგებით. მასიმილიანო ალეგრი? - მისი გათავისუფლება აზრადაც არ მოგვსვლია და ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ალეგრიმ ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა დავძლიოთ კრიზისი და ამაში მალე დარწმუნდებით".


მაცარი: მიბაძეთ ძანეტის!
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა ხავიერ ძანეტის დაბრუნებაა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. არგენტინელს კარიერის დასრულებას ურჩევდნენ, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო - სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა და 40 წლის ასაკში მოედანს დაუბრუნდა. ძანეტი მართლაც გამორჩეული ფიგურაა და ამად იყო, რომ "ინტერი"-"ლივორნოს" შემდეგ მილანელთა მწვრთნელმა ძირითადად სწორედ არგენტინელზე ისაუბრა:

"ხავიერი ბრწყინვალე ფეხბურთელი და კიდევ უკეთესი ადამიანია. მასთან ერთად, ჩვენი გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ვფიქრობ, ჩემს შეგირდებს გაუმართლათ, რომ ისეთი დიდებული ფეხბურთელის გვერდით ვარჯიშობენ და თამაშობენ, როგორიც ძანეტია. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოვუწოდებ: თუ გინდათ ითამაშოთ დიდი ფეხბურთი, მიბაძეთ ძანეტის!"


ციფრები და ფაქტები
* "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" გასვლაზე ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგო.

* ფერნანდო ლორენტე პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში გოლი ესპანელ მეკარეს გაუტანა.

*"რომამ" "სტადიო ოლიმპიკოზე" პირველი გოლი გაუშვა მაისის შემდეგ.

*"სასუოლოს" გასვლაზე 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

*"კიევოს" "მილანისთვის" 14 მატჩია არ მოუგია.

* "კიევომ" პირველად შეინახა კარი მშრალად "მილანთან" საკუთარ მოედანზე.

* ალბერტო პალოსკიმ "კიევოდან" და მაქსი ლოპესმა "კატანიადან", მე-100 მატჩები გამართეს სერია A-ში.

* პირველად 2007 წლის შემდეგ, "მილანს" მიჯრით 4 მატჩია არ მოუგია.

* "ინტერს" მიჯრით 2 შეხვედრა საკუთარ კედლებში ბოლოს 2012 წლის დეკემბერში ჰქონდა მოგებული.

* იუტო ნაგატომომ მე-3 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში. ეს მისი რეკორდის გამეორებაა.

* ანჯელო პალომბომ "სამპდორიადან" და დანიელე კონტიმ "კალიარიდან", მე-300 მატჩები გამართეს სერია A-ში.

* ბალდე კეიტამ "ლაციოდან", პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.

* "ლაციოს" გასვლითი მატჩი 8 მაისის შემდეგ არ მოუგია.

* პირველად 2009 წლის სექტემბრის შემდეგ, "ჯენოამ" მიჯრით 3 მატჩი მოიგო.

* "კატანიამ" პირველი მატჩი მოიგო ლუიჯი დე კანიოს თავკაცობით.

* "უდინეზემ" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო.

* "ტორინოს" "კალიარისთან" გასვლითი მატჩი 1991 წლის შემდეგ არ მოუგია.

ტურის სიმბოლური ნაკრები (4-5-1)
ბუფონი (იუვენტუსი) - ფრეი (კიევო, მარჯვ.), ლუკარელი (პარმა, ცენტრი), პორტანოვა (ჯენოა, ცენტრი), ბრივიო (ატალანტა, მარცხ.) - პირლო (იუვენტუსი, ცენტრი, საყრდ.), პოგბა (იუვენტუსი, მარცხ. საყრდ.), კამბიასო (ინტერი, მარჯვ. საყრდ.), კონტი (კალიარი, მარჯვ.), ანტონელი (ჯენოა, მარცხ.) - როსი (ფიორენტინა, ფორვ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XII ტური: გატყდა "რომა"? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული