ერიკ ტოჰირი: "ინტერი" 10 წლის მერე 10 საუკეთესო კლუბში უნდა იყოს

AutoSharing Option
ბიზნესმენთა ოჯახში დაბადებულ-გაზრდილმა და წინაპრების გზის გამგრძელებელმა ერიკ ტოჰირმა, რომელიც "ინტერის" ახალი მფლობელია, მილანში ჩასასვლელად მოიცალა და გუნდი გადაიბარა.

თავის დროზე სპორტით გატაცებული ტოჰირი გახდა პირველი აზიელი, რომელსაც ეკუთვნოდა NBA-ს გუნდის წილი. საუბარია "ფილადელფია სევენთისიქსთერზზე". 2012 წელს ტოჰირმა თავის კოლექციას მეიჯორლიგის ბინადარი ვაშინგტონის "DC იუნაიტედი" შემატა, ახლა კი "ნერაძურის" ჯერი დადგა.

მისთვისი უცხო არც მედია-ბიზნესია. 43 წლის ტოჰირი გლობალიზაციის მომხრეა, უცხოეთიდან ფანების მოზიდვას გეგმავს და ამავდროულად, მასიმო მორატის ოჯახთან კვლავ მჭიდრო თანამშრომლობა სწადია. შეგახსენებთ, რომ იგი "ინტერის" აქციათა 70%-ის მფლობელი
გახდა.

- როგორ შეხვდნენ თქვენს სამშობლოში ერიკ ტოჰირს, როგორც "ინტერის" პრეზიდენტს?
- ჩემი აზრით, ამ ამბავს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა პრესისა, ეს სოციალურ ქსელებშიც ჩანს. პოზიტიურ კომენტარებს არა მარტო იტალიელები, ინდონეზიელებიც ტოვებენ და ფანებს, ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობაა.

- თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მედიას და ამ საქმეს ძალიან კარგად იცნობთ. რამდენად მნიშვნელოვანია "ინტერის" მომავლისთვის მასმედიის და კლუბის ოფიციალური არხის როლი?
- ვფიქრობ, ბიზნესში დღესდღეობით მედია ძალიან დიდ როლს თამაშობს და თავისთავად სასიხარულოა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს არხი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გადასახედია სტრატეგია, თუ რას და როგორ მივაწვდით მაყურებლებს, რომლებიც უნდა გვყავდნენ ინდონეზიიდანაც, აშშ-იდანაც და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ყველა უნდა დავაინტერესოთ.

ისეთი ქვეყანა, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს თავისი კულტურის, სამზარეულოთი, ფეხბურთით, ცხოვრების სტილის გამო, არც ისე ბევრია - აშშ, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი... ჩვენ კიდევ უფრო უკეთ უნდა დავუკავშიროთ ხალხი იტალიას და "ინტერს". საჭიროა კლუბის მდიდარი ისტორიისა და მიღწევების შესახებ გადაცემები. ერთი სიტყვით, ყველაფერი დეტალურად უნდა დავგეგმოთ.

- გათამაშებთ ვალტერ მაცარი დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში?
- არა, მე არ ვარ კარგი ფეხბურთელი... მაგრამ ვარ კარგი მენეჯერი.

- გულშემატკივრებს აინტერესებთ სატრანსფერო პოლიტიკა - იგეგმება ახალი ფეხბურთელების შეძენა? და დაიმატებს თუ არა "ინტერი" ინდონეზიელ მოთამაშეს?
- ტრანსფერებზე ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ. ინდონეზიელ ფეხბურთელს? არა.

- რას იტყვით, როგორც ინტერის ახალი პრეზიდენტი?
- ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა. ინდონეზიაში სერია A ბრწყინვალე პერიოდში, 1980-იან წლებში შეგვიყვარდა. დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს ჩემპიონატს და განსაკუთრებით, რამდენიმე კლუბს. ჩემი და ჩემი პარტნიორების არჩევანი რასაკვირველია, "ინტერი" იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგირ გავაგრძელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ და იმავე შემართებით გუნდის განვითარებას და იმ საქმის გაგრძელებას, რომელიც მისტერ მორატიმ გააკეთა ბოლო 18 წლის მანძილზე. ეს უმნიშვნელოვანესია.

- მაგალითად, "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "არსენალი" ძალიან განვითარდნენ ბოლო წლებში როგორც სპორტული, ასევე ფინანსური კუთხით. როგორი იქნება "ინტერის" სტრატეგია?
- პირველად ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრეთ მე და მისტერ მასიმო მორატიმ, როდესაც რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს მილანში შევხვდით. თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე 10 საუკეთესო გუნდს შორის ვიყოთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სამი რამ - მოვიგოთ, ვითამაშოთ მიმზიდველი ფეხბურთი და ვიყოთ ფინანსურად გამართულები.

რასაკვირველია, მისტერ მორატისთან ერთად და "ინტერის" ტრადიციების პატივისცემითა და დაფასებით, აქტიურად დაიწყება ახალი მიმართულებით მუშაობა - ბიზნესის კუთხით. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი იქნება ანჯელო მარიო, რომელიც დამეხმარება და ჩვენი მიზანი ამჟამად გახლავთ, მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ფანი აზიიდან, სადაც 2,5 მილიარდ ადამიანზე მეტია და აშშ-იდან, სადაც 250 მილიონზე ვსაუბრობთ...

ცხადია, ყველა არა, მაგრამ ბევრი მათგანი უნდა გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი და ვფიქრობ, ეს "ინტერისთვის" ძალიან კარგი იქნება. ამ კუთხით გლობალიზაცია ფინანსურადაც წაგვადგება და ძალიან მახარებს, რომ ძირითადი საფუძველი უკვე არის, რაც მისტერ მორატისა და მწვრთნელის, ვალტერ მაცარის სამთვიანი მუშაობის დამსახურებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

თუ როგორი იქნება ჩვენი თამაში უახლოესი 2-3 წლის მანძილზე, უკვე გამოკვეთილია და ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია, კარგად დავაკავშიროთ ერთმანეთთან სპორტული და ფინანსური მხარე, წარმატება მინდორზე და ბიზნესში.

- იტალიაში ფეხბურთისადმი დიდი ვნებაა და უყვართ მმართველები, რომლებსაც თავის მხრივ, ძალიან უყვართ კლუბი და ფეხბურთი...
- მე ყველა საქმეს ვნებით ვაკეთებ. დიდი ენთუზიაზმით და შემართებით მივედი 2001 წელს მედია-ბიზნესში და იგივეა სპორტთან, კერძოდ, "ინტერთან" მიმართებაშიც. სხვაგვარად საქმეს არც ვაკეთებ. შესაძლოა, ვინმეს აზრით ეს სისუსტეა, მაგრამ სწორედ ემოცია და შემართებაა, რაც მატარებს ყოველდღე ოფისში. ამიერიდან "ინტერი" ჩემი ყოველდღიური საფიქრალია.

იტალიაში არ ვცხოვრობ და თამაშებზე დასწრების პრობლემაც არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემართება მაკლია. სერია A-ში მატჩების ნაწილი ინდონეზიის დროით გვიან ღამით იწყება ხოლმე, მაგრამ მე ვუყურებდი ამ მატჩებს, ვნერვიულობდი, ვრეკავდი, ვგზავნიდი მესიჯებს... ახლა კი ერთმანეთს კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა დავუკავშირდეთ, ახალი ხელმძღვანელობა, მისტერ მორატი და მთლიანად ოჯახი.

- როგორც ირკვევა, ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის ფინალი მილანში იქნება. ითამაშებს თუ არა "ინტერი" იმ მატჩში?
- ეს ყველასათვის გამოწვევაა. ეტაპობრივად უნდა განვვითარდეთ და მოვუმატოთ იმისთვის, რომ 2016 წელს ფინალში ვიყოთ. თუმცა ეს ადვილი არ იქნება, ყველამ ერთად ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ვიტყოდი, რომ ჯერ მთავარია, ამ სეზონზე მოვახდინოთ კონცენტრაცია, რადგან ახლა უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია, გარდამავალი როგორც ახალი, ასევე წინა მმართველობისთვისაც და არ დაგვავიწყდეს, ფეხბურთელებისთვისაც. ერთად, თან კარგად მუშაობა უნდა ვისწავლოთ. თუ ყველანი მოვინდომებთ, შეგვიძლია მსოფლიოში საუკეთესოთა შორის ვიყოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატის ეპოქის დასასრული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული