ჩეზარე პრანდელი: ეს გუნდი დაბადებულია შეტევისთვის და ასე იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზეც

AutoSharing Option
15 და 18 ნოემბერს იტალიის ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა - ჯერ გერმანიას დაუზავდა მილანში (1:1), შემდეგ კი ნიგერიას ლონდონში (2:2).

მიუხედავად იმისა, რომ "სკუადრა აძურამ" ვერც ერთხელ გაიმარჯვა და ამხანაგურ შეხვედრებში აგერ, უკვე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა, აპენინებზე მაინც კმაყოფილნი დარჩნენ. ორივე შეხვედრაში იტალიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დაგვანახვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტთა შორის იქნება.

რა დასკვნები გამოიტანა ამ ორი მატჩისგან ჩეზარე პრანდელიმ? - ამაზე ქვემოთ...

მატჩები
ძალიან სასარგებლო მატჩები გვქონდა და გასაანალიზებლად დიდი ინფორმაცია მივიღე. იყო ხარვეზებიც, მაგრამ
უფრო მეტი პოზიტივი დავინახე.

ჩვენ არაფერი დავუთმეთ და ხშირ შემთხვევაში, ვჯობდით გუნდს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ მთავარ ფავორიტს შორის მოიხსენიება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ გერმანიას, რომელიც ბრაზილიის და ესპანეთის დარად, მუნდიალის მოგების მთავარი კანდიდატია.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ იოლად არაფერს დავთმობთ.

რაც შეეხება ნიგერიასთან პაექრობას, უდიდესი სიამოვნება მივიღე როგორც გულშემატკივარმა და როგორც მწვრთნელს, მომავლის რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდა. ჯუზეპე როსის და მარიო ბალოტელის ტანდემს შეუძლია საუკეთესო გახდეს ევროპაში და იმედია, ეს ასეც იქნება.

ნიგერიას ბრწყინვალედ ვუტევდით, მაგრამ გვქონდა შეცდომები დაცვაში - ხარვეზებს აღმოვხვფრით, ამის პირობას გაძლევთ.

შეტევისთვის განწირულნი
ორივე თამაშში ხშირად ვუტევდით და ვრისკავდით კიდეც. მათ შორის - გერმანიასთან, რომელსაც უფრო მეტად სჭირდებოდა გამარჯვება, ვიდრე ჩვენ. რატომ? - მათ ძველი ანგარიშები აქვთ გასასწორებელი. ფრემ უფრო გერმანელები დატოვა იმედგაცრუებული. მიუხედავად ამისა, მხოლოდ შეტევაზე ვფიქრობდით და ამის გამო ბოლო წუთზე კინაღამ დავისაჯეთ კიდეც.

ნიგერიასთან მთელი თამაში შეტევაში გავლიეთ და ზონებიც მოგვიშიშვლდა - ეს გუნდი დაბადებულია იმისთვის, რომ შეუტიოს და ასე იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზეც.

მირჩევნია გავრისკო, ვიდრე საკუთარ კარს მივეჯაჭვოთ და ის შემტევი პოტენციალი ჩავკლათ, რაც ნაკრებს გააჩნია. რისკი ჩვენი სტიქიაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამართლებს. ასე რომ, მუნდიალზე იხილავთ შემტევ იტალიას, რომელმაც უკვე დაგვამახსოვრა თავი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე.

კონკურენცია
ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ნაკრებში ჯერ კიდევ არის თავისუფალი ადგილები და არ არის გამორიცხული, მუნდიალზე ისეთი ფეხბურთელი ვიახლო, რომელიც აქამდე არ გამომიძახებია.

ამას დღესაც ვადასტურებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებში კონკურენცია დაბალია - პირიქით, სამუნდიალე 23-კაციანი სიის შედგენა ძალიან რთული იქნება და ეს აქედანვე ცხადია. მაგალითად, ნახევარდაცვისთვის 7-8 ადგილია გამოყოფილი, მე კი 11-12 ფეხბურთელი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელთა გარეშეც ნაკრები ვერ წარმომიდგენია. იგივე ვითარებაა თავდასხმაშიც.

ამას წინათ ერთმა ექსპერტმა მირჩია, რომ ბრაზილიაში ფრანჩერსკო ტოტიც წავიყვანო, ანტონიო კასანოც და ანტონიო დი ნატალეც - როგორც ჩანს, მას დაავიწყდა, რომ ჩვენ გვყავს მარიო ბალოტელი, ჯუზეპე როსი, პაბლო ოსვალდო, სტეფან ელ შაარავი, ალესიო ჩერჩი, ლორენცო ინსინიე, სებასტიან ჯოვინკო, ალბერტო ჯილარდინო, ალესანდრო დიამანტი, ფაბიო კვალიარელა და თუნდაც, ჯამპაოლო პაცინი, რომლის გამოჯანმრთელებასაც ველოდები...

არჩევანი დიდია, ადგილი ცოტა და გადაწყვეტილების მიღებაც რთული იქნება.

დროის დეფიციტი
საკლუბო კალენდარი ძალიან გადატვირთულია და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ორი მატჩი ჩავატარეთ და ფაქტობრივად, ამდენჯერვე ვივარჯიშეთ - ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ფეხბურთელები სრულფასოვნად შეაფასო. დიდი იმედი მაქვს, რომ მუნდიალის დაწყებამდე ორ შეკრებას მოვასწრებთ, სადაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდები 23-კაციან შემადგენლობაზე.

ამ შეკრებაზე უდიდესი ყურადღება დაეთმობა ფიზიკურ ფორმას, რადგან გადაღლილი ფეხბურთელი მუნდიალზე შესაძლებლობებს ვერ წარმოაჩენს. ამიტომ გუნდების მწვრთნელებსაც მინდა ვთხოვო, რომ წამყვან ფეხბურთელებს პერიოდულად დასვენების საშუალება მისცენ.

მესმის, რომ ეს ეგოისტური და არცთუ კოლეგიალური თხოვნაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეყანას წარმოადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიამ იდეალურ დუეტს მიაგნო? [VIDEO]
ომი და მშვიდობა "სან სიროზე": გერმანიისთვის იტალია აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული