ჩეზარე პრანდელი: კარგია, განთესილები რომ არ ვართ

AutoSharing Option
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის გუნდები განთესა და როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ კალათაში იტალიის ნაკრების ადგილი არ აღმოჩნდა.

მოკლედ, "სკუადრა აძურა" კვლავაც განუთესავ გუნდთა შორისაა, რამაც აპენინებზე ბევრი გააბრაზა - არაერთმა ცნობილმა საფეხბურთო მოღვაწემ მსოფლიოს უმაღლეს საფეხბურთო ორგანოს რეიტინგების შედგენის წესების გადახედვა ურჩია. ამ პოზიციას იზიარებს ჩეზარე პრანდელიც, თუმცა იქვე დასძენს, რომ განუთესავთა შორის მოხვედრამ შესაძლოა, მის გუნდს კარგი სამსახური გაუწიოს:

"იტალიურ ხასიათს კარგად ვიცნობ და ამიტომ განთესილებში მოხვედრის დიდი სურვილი არც მქონდა. როდესაც ჩვენი არავის სჯერა, სწორედ მაშინ
ვაღწევთ წარმატებას. ჯობია ვიყოთ გაბრაზებულები, ვიდრე კმაყოფილები. ისე კი, ფიფას განთესვის კრიტერიუმებს ვერაფერი გავუგე - იტალიის ნაკრები ერთ-ერთი პირველი გუნდი იყო, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა და მიუხედავად ამისა, ჩვენი ადგილი პირველ კალათაში არ აღმოჩნდა".

ჩეზარე პრანდელის ერთი ასეთი კითხვაც დაუსვეს: "შერჩეული გყავთ მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა 2/3?"

აქვე პასუხი: "მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დიდი დროა დარჩენილი და შესაძლოა, ბრაზილიაში ისეთი ფეხბურთელიც კი წავიყვანო, დღეს რომ საერთოდ არ მოიაზრება ნაკრების კანდიდატად. შემიძლია 12 ფეხბურთელის ჩამოთვლა, რომელთა მუნდიალზე გამგზავრება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

"გაძეტა დელო სპორტმა" 12 ფეხბურთელის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა: ჯანლუიჯი ბუფონი, ინაციო აბატე, ანდრეა ბარცალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო, რიკარდო მონტოლივო, კლაუდიო მარკიზიო, დანიელე დე როსი, ტიაგო მოტა, ჯუზეპე როსი და მარიო ბალოტელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: ეს გუნდი დაბადებულია შეტევისთვის და ასე იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზეც
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული