როგორ იქცნენ "საზოგადოების ნარჩენები" გმირებად

AutoSharing Option
15 ნოემბერს, მილანში, ლეგენდარულ "სან სიროზე", მეტად საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა: იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის უმთავრეს გუნდს უმასპინძლა.

მართალია, იმ დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროზონის პლეი ოფებიც იმართებოდა, მაგრამ მილანურმა პაექრობამ მაინც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან იტალია-გერმანია მსოფლიო ფეხბურთის კლასიკაა...

ამ კლასიკას თავისი ისტორია აქვს, რომელიც აპენინელთა სასარგებლოდ მეტყველებს - დიახ, ოფიციალურ შეხვედრებში გერმანელებს არასდროს დაუმარცხებიათ იტალიელები, პირიქით კი - იცოცხლეთ...

შეგვიძლია, 1970 წლის მუნდიალის ნახევარფინალური მატჩიც გავიხსენოთ, რომელშიც იტალიელებმა მეტოქე დრამატულ შეხვედრაში დაამარცხეს -
4:3. ან კიდევ 2006 წლის ნახევარფინალი (2:0 დამატებით დროში) და, ასევე, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი, რომელშიც კვლავ "სკუადრა აძურამ" გაიმარჯვა - 2:1.

თუმცა დღეს ამ გუნდების ყველაზე მთავარი დაპირისპირება უნდა გავიხსენოთ - 1982 წლის 11 ივლისი, მადრიდი...

ერთი ფეხის ნაბიჯზე
"სკუადრა აძურა" საოცნებო შედეგთან ერთ ნაბიჯზე იყო. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი იტალიელებმა მძიმედ დაძლიეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე, აუტსაიდერებად შერაცხილებმა, არგენტინა და ბრაზილია სენსაციურად ჩამოიტოვეს.

"აძურამ" ჯერ არგენტინა მოინელა, ხოლო შემდეგ, პაოლო როსის ჰეთ-თრიკის წყალობით - ბრაზილია, ნახევარფინალში კი პოლონეთის ძლიერი გუნდიც დაამარცხა (2:0 როსის დუბლით).

მაშ ასე, იტალია ფინალში გავიდა და გაუჩნდა შანსი, 44-წლიანი პაუზის შემდეგ მესამედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი...

ფინალური მატჩის წინა დღეს იტალიური სპორტული პრესა უკვე ჩემპიონობას ზეიმობს - არანაირი კითხვის ნიშანი, არანაირი სიფრთხილე და შიში: იტალიამ უნდა მოუგოს დასავლეთ გერმანიის ნაკრებს. მუნდიალის გმირად უკვე გამოცხადებულია პაოლო როსი და სტატიების სათაურებიც მის გარშემო ტრიალებს: "პაოლო - ეს შენი ჩემპიონატია"; "თასი ჩვენია, როსი გმირია"; "მადრიდული ცა ლურჯად შეიღებება" და ასე შემდეგ.

ამ ისტერიას "სკუადრა აძურას" თავკაცი ენცო ბეარძოტი ერთი ფრაზით პასუხობს: "ჩუმად, ჯერ მხოლოდ ფინალისტები ვართ".

პრეზიდენტის თვითმფრინავი
11 ივლისის დილას, მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში ჯდება იტალიის სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ჩამოჰყავს ქვეყნის პრეზიდენტი ალესანდრო პერტინი. ტრაპთან მას ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი ეგებება, რომელიც მოკლე კომენტარს აკეთებს: "პრეზიდენტი პერტინი ჩემი და მთელი ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ფინალი მის გარეშე ვერ ჩაივლიდა".

პერტინის ჟურნალისტმა რეპლიკა ესროლა: "პრეზიდენტო, თქვენ ყოველთვის ესპანეთის გვერდით იდექით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცნობილი ფრაზა თქვით: გაერთიანებული ევროპა ესპანეთის გარეშე წარმოუდგენელია. პირობას გაძლევთ, დღეს "სანტიაგო ბერნაბეუ" იტალიას დაუჭერს მხარს" .

და აქვე პერტინის პასუხი: "დიახ, ასეა, ახალი ევროპა წარმოუდგენელია ესპანეთის გარეშე" - პერტინიმ აეროპორტი მქუხარე ოვაციების ფონზე დატოვა.

პრეზიდენტი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც იტალიის ნაკრები იყო დაბანაკებული - მას მთელი გუნდი მოსაცდელში ელოდა. "სად არის როსი?" - იკითხა პრეზიდენტმა და დაინახა, რომ პაოლო ასაკოვან ქალბატონს ესაუბრებოდა. ეს როსის დედა იყო. პერტინიმ ორივე თბილად მოიკითხა. შემდეგ ჯანკარლო ანტონიონისთან მიიჭრა და ჰკითხა: "მოიშუშე ტრავმა? - შეძლებ თამაშს"? - "ვნახოთ პრეზიდენტო, ეს ექიმების გადასაწყვეტია" - უპასუხა ფეხბურთელმა.

შემდეგ დინო ძოფის ჯერიც დადგა - "ყველაზე მეტად მაინც შენი მეიმედება, არ მისცე ამ ღლაპებს უფლება, ანერვიულდნენ და თამაშის სადავეები ხელიდან გაექცეთ" - ძოფმა მხოლოდ თავი დაუკრა პრეზიდენტს და მისი პასუხიც ეს იყო.

პერტინიმ თითო წინადადება ყველა ფეხბურთელისთვის გაიმეტა, ბოლოს კი დაამატა: "იცოდეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში. მე თქვენთან ვარ და ერთად მოვიპოვოთ დიდი გამარჯვება".

ფინალის შემდეგ, "სკუადრა აძურას" ფეხბურთელები გამოტყდნენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. "პერტინიმ თითქოს ძალა შეგვმატა, მის სიტყვებში მთელი იტალიის ოცნება იკითხებოდა" - ეს ძოფის სიტყვებია.

ჭადრაკი მინდორზე და მთავარი...
ტყუილად როდი ღელავდა პრეზიდენტი - ბოლო მომენტამდე მართლაც საეჭვო იყო, ითამაშებდა თუ ანტონიონი, რომელიც ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის "შემდუღებლის" როლს ასრულებდა.

მატჩის დღეს ანტონიონის თამაში გამოირიცხა, იტალიელი ჟურნალისტები კი მის შემცვლელად ერთხმად ასახელებდნენ ასევე ტექნიკურ საყრდენ ჯამპიერო მარინის, რომელსაც შეტევის ჩაშლაც შეეძლო და მისი წამოწყებაც, მაგრამ ბეარძოტმა ყველა გააკვირვა - ანტონიონი 18 წლის ჯუზეპე ბერგომიმ შეცვალა, ნომინალურმა მცველმა, რომელსაც ასეთ მნიშვნელოვან თამაშში მისთვის უჩვეულო პოზიციაზე უნდა ეთამაშა...

საფეხბურთო იტალია დაიბნა, მაგრამ მალე ყველაფერი გაცხადდა: ბერგომის ფუნქცია გერმანელთა ლიდერის კარლ-ჰაინც რუმენიგეს ჩაკეტვა იყო - იტალიას მოაკლდა შემტევი პოტენციალი, მაგრამ გერმანელები უარეს დღეში აღმოჩნდნენ - ბერგომი რუმენიგეს ფეხზე მიეწება და განძრევის საშუალება არ მისცა.

როგორც შემდეგ "გაძეტა" დაწერს, ბეარძოტმა დათმო შემტევი პოტენციალის 30%, მაგრამ გერმანელებს დაათმობინა გაცილებით მეტი - 70%. ცხადია, დიდ ტაქტიკოსს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდა, ბერგომის მისია რომ ვერ შეესრულებინა...

მთელი 90 წუთი იყო ტაქტიკური ორთაბრძოლა, რომელიც საჭადრაკო პარტიას მოგაგონებდათ. მიხვდა რა, გერმანელთა თავკაცი იუპ დერვალი, რომ ცენტრიდან შეტევების განხორციელება ჭირდა, აქცენტი ფლანგზე გააკეთა და ჰანს-პეტერ ბრიგელს პიერ ლიტბარსკი მიახმარა.

ამას ბეარძოტმა ბრუნო კონტის უკან დახევით უპასუხა - გარემარბიდან კლასიკურ მარჯვენა ნახევარმცველად აქცია; როსიმ ოდნავ მარჯვნივ გადაიწია, ცენტრფორვარდად კი ალესანდრო ალტობელიმ აინაცვლა.

ტაქტიკურ ჭიდილში ბეარძოტმა გაიმარჯვა და როგორც მოგვიანებით იტყვის: "ტაქტიკა? ეს მეორეხარისხოვანია. რამ მოგვაგებინა ფინალი? თუ ნახეთ მარკო ტარდელის სახე გატანილი გოლის შემდეგ, ამას იოლად მიხვდებით".

...და ისევ პრეზიდენტი
სიტყვა ისევ იტალიის პრეზიდენტს უნდა გადავცეთ. ის მატჩს VIP-ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს:

"ეს მართლაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, რადგან სხვა არც ერთ მოვლენას ჩემი ქვეყანა ასე არ გაუხარებია.

მე ვიჯექი ხუან კარლოსის, მისი მეუღლისა და დასავლეთ გერმანიის კანცლერის, ჰელმუდ შმიდტის გვერდით, თუმცა საერთოდ არ მახსოვდა პროტოკოლი - თითოეული მომენტის შემდეგ ფეხზე ვხტებოდი და ემოციებს გასაქანს ვაძლევდი, ბოლო წუთებზე კი გაუჩერებლად ვიმეორებდი: ჩვენ არ წავაგებთ, ჩვენ არ წავაგებთ...

ბოლოს, ცრემლები წამომივიდა და არ ვიჯერებდი, რომ ასეთი ხალხის გარემოცვაში ვტიროდი".

"კამპიონი დელ მონდო! კამპიონი დელ მონდო!" - ყვიროდა კომენტატორი. "კორიერე დელა სერას" ჟურნალისტმა დაწერა, რომ "სკუადრა აძურამ" 4:1 მოიგო. არა, თქვენ სწორად გახსოვთ - მატჩი 3:1 დასრულდა, მაგრამ ცნობილი ჟურნალისტის თქმით, მეოთხე გოლი პრეზიდენტმა პერტინიმ გაიტანა.

კიდევ უფრო ცნობილი სიტყვები "გაძეტა დელო სპორტის" მთავარ რედაქტორს კანდიდო კანავოს ეკუთვნის და ისიც პრეზიდენტს მიმართავს: "საფეხბურთო პრობლემები ვერ შეედრება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მაგრამ ნება მომეცით, აღვნიშნო, ძვირფასო პრეზიდენტო, რომ ყველაფერი კარგად არის, ისე კარგად, როგორც არასდროს".

Sportall.Ge
ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა. რეისი: მადრიდი-რომი. ბანქოს თამაშისას: ალესანდრო პერტინი, ენცო ბეარძოტი, დინო ძოფი და ფრანკო კაუზიო

ერთ მშვენიერ დღეს...

იტალიის ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში ისე მიიღეს, როგორც გმირები. მაშინ, პირველად, აპენინებზე ფეხბურთელების წმინდანებად შერაცხვაც კი მოითხოვეს და შემდეგ მსგავსი პრეცენდენტი რამდენჯერმე განმეორდა - თუნდაც ახლო წარსულში ფაბიო კანავაროსა და ანდრეა პირლოს შემთხვევაში.

მაშინ როსი იყო ყველაზე პოპულარული ადამიანი არა მარტო იტალიაში, არამედ - მთელ მსოფლიოში. ფინალური მატჩიდან მეორე დღეს, ტურინში მიკ ჯაგერმა კონცერტი გამართა. მას ლურჯი მაისურა ეცვა, ზურგზე კი 20 ნომერი ეწერა.

როსის, რომელიც ახალი გამოსული იყო საპყრობილიდან ცნობილი სკანდალის შემდეგ, ყველაფერი ეპატია, იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს კი ხელით ატარებდნენ.

იტალიამ ირწმუნა, რომ "სკუადრა აძურას" ყველაზე რთული ვითარებიდანაც შეუძლია, გამარჯვებული გამოვიდეს...

ეს ამბები ხდებოდა 1982 წლის 11 ივლისის შემდეგ, ზუსტად ერთი თვით ადრე კი იტალიურ სპორტულ პრესაში დაიბეჭდა სტატია სათაურით :

"თქვენ არ გაქვთ იტალიის ნაკრებში თამაშის უფლება, თქვენ საზოგადოების ნარჩენები ხართ"...

როსიზე ვთქვით, ფრანჩესკო გრაციანიმ კაზინოში მილიონობით ლირა წააგო, ანტონიო კაბრინი და ფულვიო კოლოვატიც გარიგებულ მატჩებში იყვნენ ეჭვმიტანილნი, კლაუდიო ჯენტილე ყველაზე "ბინძური" (თამაშის სტილით) ფეხბურთელი იყო მთელ მსოფლიოში, მთელი "კალჩო" კორუფციაში იყო ჩაფლული, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ყველას ყველაფერი ეპატია...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ეს მართლაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, რადგან სხვა არც ერთ მოვლენას ჩემი ქვეყანა ასე არ გაუხარებია.,,
ქვეყნის ხემძღვანელობას არ უნდა გაიმეოროს ეს სიტყვები?
ან ფეხბურთელებს-გაახარონ საქართველო?
2018წელს ლუჟნიკებში ფინალია...ყველაფერი უნდა გააკეთონ ქვეყნის ხელძღვანელებმა და ფეხბურთელებმა რომ იქ საქართველოს ჰიმნი აჟღერდეს!
akhali
14 დეკემბერი 2013 21:08
0
შესანიშნავი სტატიაა
soso
14 დეკემბერი 2013 17:56
0

სიახლეები პოპულარული